კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწინების შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი – წყვილმა ქორწილამდე ერთი დღით ადრე, 10 აგვისტოს, ლისაბონში ნოტარიუსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მათ ქონებრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს.

საქორწინო კონტრაქტის ერთ-ერთი მთავარი პირობა ქონების განცალკევებაა. მარტივად რომ ვთქვათ, განქორწინების შემთხვევაში მათი ქონება ავტომატურად 50/50-ზე არ გაიყოფა – ქორწინებამდე შეძენილი აქტივები თითოეულის ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩება. საერთო საკუთრებად კი მხოლოდ ის ჩაითვლება, რაც ორივეს სახელზე იქნება რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ორივე მათგანი საკუთარ გვარს ინარჩუნებს. შესაბამისად, ჯორჯინა ქორწინების შემდეგაც როდრიგესად რჩება.

ყველაზე დიდი ყურადღება კი შეთანხმების ფინანსურმა ნაწილმა მიიპყრო. The Sun-ის ინფორმაციით, თუ წყვილი მომავალში დაშორდება, კონტრაქტის მიხედვით, ჯორჯინამ თვეში დაახლოებით 115 ათასი დოლარი უნდა მიიღოს.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საქორწინო შეთანხმების სრული ტექსტი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ აღნიშნული თანხის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
რონალდუს ქონება
Forbes-ის 2026 წლის მონაცემებით, 41 წლის ფეხბურთელის ქონება დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აქცევს. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში რონალდუმ დაახლოებით 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მისი შემოსავლის მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, ფეხბურთია. თუმცა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესებისგან და გლობალური ბრენდებისგანაც მოდის.
რონალდუს შექმნილი CR7-ის ბრენდი აერთიანებს ტანსაცმლისა და საცვლების ხაზს, ფეხსაცმელს, სუნამოებსა და სხვა პროდუქტებს. ფეხბურთელს ასევე აქვს CR7 Fitness-ის სპორტული დარბაზების ქსელი.
ფეხბურთელის ქონების ნაწილი ასევე უძრავ ქონებას, ავტომობილებსა და სხვა ინვესტიციებს უკავშირდება. ამ ყველაფერს ემატება მისი მრავალწლიანი სარეკლამო კონტრაქტები ცნობილ ბრენდებთან და უზარმაზარი აუდიტორია სოციალურ ქსელებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ
#OK!BusinessCelebrity CR7 – კრიშტიანუ რონალდუს მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია
okmagazine ცხოვრების სტილი