რესტორანი „რუსთაველი“ ბათუმში უკვე სამი წელია ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში ქალაქის გასტრონომიული ცხოვრების ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად ჩამოყალიბდა. დღეს კარგი სამზარეულო წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის, თანამედროვე სტუმარი ემოციასა და განსაკუთრებულ გამოცდილებას ეძებს. სწორედ ამ მიდგომით შეძლო „რუსთაველმა“ საკუთარი ადგილის დამკვიდრება და ეტაპობრივად იქცა სივრცედ, რომელიც განსაკუთრებულ გემოს, ქართულ კულტურასა და მრავალფეროვან გარემოს აერთიანებს. რესტორანში წარმოდგენილია ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები, რომლებშიც ავთენტიკური გემო და ხასიათი სრულად არის შენარჩუნებული. ამასთან ერთად, სტუმრებს ევროპული და აზიური სამზარეულოს მრავალფეროვანი არჩევანიც ხვდებათ. როგორ განვითარდა რესტორანი ამ წლების განმავლობაში, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ქართული ელემენტების თანამედროვე ფორმით წარმოჩენას და როგორ პასუხობს სივრცე სტუმრების მოთხოვნებს – ამის შესახებ „რუსთაველის“ დამფუძნებელი, ლარისა სოლომონიძე გვესაუბრა.

რამდენი წელია, რაც რესტორანი „რუსთაველი“ ბათუმის გასტრონომიული ცხოვრების ნაწილია და როგორ განვითარდა ამ პერიოდის განმავლობაში?
„რუსთაველის“ არსებობა ბათუმში უკვე სამ წელს ითვლის. ამ გადმოსახედიდან თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქალაქის გასტრონომიულ რუკაზე ჩვენი კვალი უკვე დავტოვეთ. ჩვენთვის „რუსთაველი“ ცოცხალი ორგანიზმია და დღიდან დღემდე იცვლება და ვითარდება. ჩვენი ერთგული სტუმრები დაადასტურებენ, რომ მუდმივ მრავალფეროვნებასთან გვაქვს საქმე. ჩვენი სამზარეულოც თავად გვკარნახობს, რა სიახლე უნდა შევთავაზოთ სტუმარს და რა ფორმით. ასე ვთქვათ, მათ ხმას ვუსმენთ.
„რუსთაველი“ მრავალფეროვნების ხაზს სამზარეულოს ნაწილშიც მიჰყვება. სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ევროპული და აზიური კერძები. ვცდილობთ, ბათუმელებს და არამარტო ბათუმელებს ყოველ გემრიელ კერძზე ჩაფიქრებისას „რუსთაველი“ ახსენდებოდეს.

რამდენად ცდილობთ, რომ სივრცე მხოლოდ რესტორანი არ იყოს და კულტურულ გამოცდილებად იქცეს?
„რუსთაველი“ მხოლოდ რესტორანი არ არის, პირიქით, გეტყვით, რომ ამგვარ მრავალფეროვნებას სტუმარს სხვა ვერავინ სთავაზობს. ესაა სივრცე, რომელიც ნებისმიერი ინტერესისა და ასაკის მომხმარებელს ერგება. აქ სავახშმოდ მოსვლაც შეგიძლიათ და გულიანად მოლხენაც – ჩვენი არსებობა არაერთ დასამახსოვრებელ კულტურულ ღონისძიებას ითვლის, შესაბამისად, სტუმარი ჩვენთან ერთნაირად იძენს როგორც გასტრონომიულ, ასევე კულტურულ გამოცდილებასაც.
რესტორანში რამდენიმე განსხვავებული სივრცეა წარმოდგენილი, გაფორმებულია ქართული დეტალებით – რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ქართული ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაცია?
„რუსთაველი“ სხვადასხვა მიმდინარეობასა და სივრცეს აერთიანებს. აქ ჰარმონიულადაა გაერთიანებული მოდერნი და ტრადიციული დეტალები. გახსნამდე, როცა ვფიქრობდით, რა შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის, მთავარ მიზნად მაქსიმალურად მრავალფეროვან ინტერესზე მორგება დავისახეთ, თუმცა, არ დაგვიკარგავს ტრადიცია. ქართული ელემენტები ჩვენს კონცეფციაში უმნიშვნელოვანესია – ამას განაპირობებს ჩვენი სახელიც – „რუსთაველი“– და ამაში ჩვენს ტერიტორიაზე ფეხის შემოდგმისთანავე დარწმუნდებით.
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია – ეს ფრაზა ყველაზე კარგად ახასიათებს ჩვენს მიდგომას ქართულ სამზარეულოსთან. „რუსთაველში“ ყოველთვის ვცდილობთ, ტრადიციულ ქართულ კერძებს თანამედროვე ელფერი შევძინოთ ისე, რომ არ დაიკარგოს ავთენტიკური გემოები. რამდენიმე კერძი უკვე ჩვენს სავიზიტო ბარათადაც იქცა, მაგალითად იახნი, რომელიც ერთხელ დანახვისა და დაგემოვნების შემდეგ, დავიწყების საშუალებას აღარ მოგცემთ.

როგორია თქვენი ხედვა თანამედროვე ქართულ გასტრონომიაზე?
ბათუმი და ზოგადად აჭარა ყოველთვის იყო საქართველოს მულტიკულტურული ცენტრი, მრავალეროვანი, მრავალფეროვანი და სტუმრებით სავსე. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შეიცვალა სტუმრების ქცევაცა და ხასიათიც, ასე ვთქვათ, შედარების საშუალება გაჩნდა უფრო მეტი, ახლა კონკურენციის გაწევა არა მარტო ქართულ, არამედ ევროპული სტანდარტების რესტორნებთანაც გვიწევს და გეტყვით, რომ იმედგაცრუებულს არავის ვტოვებთ. ჩვენი სტუმრები ერთნაირად არიან როგორც ადგილობრივები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები და მათი ინტერესის საგანს ქართული გემოები და ტრადიციები წარმოადგენს, ჩვენც, გახსნამდეც და მერეც, ძალისხმევა არ დავიშურეთ, რომ სრულყოფილად წარმოვაჩინოთ ის, რითიც ქართველები ვამაყობთ. მათი კმაყოფილი და ბედნიერი სახეები კი ყველა შეფასებაზე მნიშვნელოვანი და ყველა მოტივაციაზე მეტია.
რა არის თქვენთვის იდეალური სტუმარმასპინძლობა, როგორ გინდათ, რომ ადამიანებს „რუსთაველი“ დაამახსოვრდეთ?
იდეალური სტუმარმასპინძლობა ისაა, სადაც სტუმარიც და მასპინძელიც კმაყოფილია და მხოლოდ კარგი მოგონებები მიჰყვებათ, სტუმარმასპინძლობა მხოლოდ კერძები არ არის, ამიტომ, ჩვენთან, „რუსთაველში“ ყველა დეტალი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი შეგრძნებებისთვისაა შექმნილი და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი – ჩვენი გუნდი, ყველა, ვისაც შეუქმნია, ქმნის და მომავალში შექმნის „რუსთაველს“, უდიდესი ყურადღებითა და პასუხისმგებლობითაა შერჩეული და მთელი გულით ცდილობს, რომ თქვენი საუკეთესო ვიზიტი უზრუნველყოს. ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყოველთვის აღმოაჩენთ განსაკუთრებულ მასპინძელს. მოკლედ, ჩვენ უკან უამრავი ადამიანი დგას, რომელიც გახსნის წუთიდან უკანასკნელი სტუმრის გაცილებამდე თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს.

როგორ ვითარდება „რუსთაველი“ და რა გეგმები გაქვთ მომავალში?
გეტყვით, რომ რესტორნის მართვა ბათუმშიც და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც უდიდესი პასუხისმგებლობაა, მთავარია, შექმნა ხარისხიანი პროდუქტი და მუდმივად იზრუნო განვითარებასა და მრავალფეროვნებაზე, რომ არასდროს დაკარგო ხარისხი და აქტუალურობა, არასდროს მოსწყდე საკუთარი გუნდის საჭიროებებს და ყოველთვის მიჰყვე სტუმრის ინტერესებსა და ფართო თვალსაწიერს. „რუსთაველიც“ ამ ფილოსოფიით მუშაობს, ყოველი შემდეგი დღე სიახლისაა, მუდმივი ფიქრის პროცესია, რომელსაც აუცილებლად მივყავართ სტუმრების გულთან ახლოს. ჩვენი მომავლის გეგმებიც სწორედ ესაა, – ჩვენი საქმის სრულყოფილებისკენ მუდმივი სვლა და მუშაობა იმაზე, რომ ჩვენთან სტუმრობა გიტოვებდეთ განცდას, რომ დრო თქვენი უახლოესი და ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში გაატარე. მოკლედ, თუ გულთბილ, ნამდვილ აჭარულ გასტრონომიულ და კულტურულ გამოცდილებას ეძებთ, „რუსთაველის“ ოჯახი ყოველთვის მზადაა გიმასპინძლოთ, გელით მთელი გულით!
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ლაურა ზოიძე

4 days ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·