დუა ლიპა და კალუმ ტერნერი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ლონდონში, Old Marylebone Town Hall-ში გამართულ ცერემონიაზე დაქორწინდნენ, ახლა უკვე დიდი საქორწილო ზეიმისთვის ემზადებიან.

უცხოური მედიის ინფორმაციით, წყვილი სამდღიანი საქორწილო წვეულების გამართვას იტალიაში, სიცილიის დედაქალაქ პალერმოში გეგმავს. The Times-ის ცნობით, ერთ-ერთ მთავარ ლოკაციად განიხილება Villa Igiea – Rocco Forte-ს ქსელის ისტორიული და ფუფუნებით გამორჩეული სასტუმრო, რომელიც პალერმოს ყურეს გადაჰყურებს.

Villa Igiea მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული სასახლეა, რომელიც დღეს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასტუმროდ ითვლება. სწორედ ამიტომ, ის არაერთი მსოფლიო ვარსკვლავის საყვარელ დასასვენებელ ადგილად მიიჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, დუასა და კალუმს სტუმრებისთვის სასტუმროს მთელი სართული უკვე დაჯავშნილი აქვთ.
თუმცა მედია კიდევ ერთ შესაძლო ლოკაციასაც ასახელებს. საუბარია Villa Valguarnera-ზე — XVII საუკუნის არისტოკრატიულ ვილაზე, რომელიც პალერმოს მახლობლად, ბაგერიაში მდებარეობს. ისტორიული რეზიდენცია თავისი არქიტექტურით, მდიდრული ინტერიერითა და ზღვის ხედებით სიცილიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილად ითვლება. ამ ეტაპზე უცნობია, გაიმართება თუ არა მთავარი ცერემონია სწორედ აქ, თუ Villa Igiea-ში.

იტალიური გამოცემების ცნობით, წვეულების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. თავდაპირველად ზეიმი სექტემბრის დასაწყისისთვის იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ ქორწილის აღნიშვნა შესაძლოა ივნისის პირველივე დღეებში გაიმართოს.
სტუმრების სიაში, სავარაუდოდ, არაერთი ცნობილი სახელი მოხვდება. წყვილის ახლო მეგობრებს შორის არიან ელტონ ჯონი, მარკ რონსონი, ჩარლი XCX, BLACKPINK-ის წევრები როზე და ჯენი, დონატელა ვერსაჩე და სიმონ პორტ ჟაკმუსი. მიუხედავად ამისა, წყაროების თქმით, დუასა და კალუმს სურთ, ღონისძიება მაქსიმალურად პირადული დარჩეს და მას მხოლოდ უახლოესი ადამიანები დაესწრონ.

„ეს არ იქნება ხმაურიანი და დემონსტრაციული ქორწილი. მათ სურთ, ეს განსაკუთრებული დღე მხოლოდ ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნონ,“ – აცხადებს The Sun-ის წყარო.
შეგახსენებთ, რომ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ურთიერთობა 2024 წლის იანვარში დაიწყეს, ნიშნობის შესახებ კი მომღერალმა 2025 წელს ოფიციალურად დაადასტურა. ლონდონში გამართული მოკრძალებული ქორწილის შემდეგ, მათი სიცილიური ზეიმი, სავარაუდოდ, წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილულ ვარსკვლავურ მოვლენად იქცევა.


2 weeks ago
32







English (US) ·
Georgian (GE) ·