„ეკა ესთეტიკი“ წლებია მომხმარებლის ნდობას ხარისხით, პროფესიონალიზმითა და მუდმივი განვითარებით ამართლებს. ბრენდი სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ ახალ ტენდენციებს აქტიურად ეხმიანება, თანამედროვე ტექნიკებს ნერგავს და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, რაც მის წარმატებასა და პოპულარობას განაპირობებს.
განვითარების ამ გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა საკუთარი ბრენდის – „Ekas Makeup Accessory“-ის შექმნა. პროფესიული მაკიაჟის ფუნჯების ხაზი მრავალწლიანი გამოცდილებისა და პრაქტიკული საჭიროებების საფუძველზე შეიქმნა და დღეს უკვე პროფესიონალებისა და სილამაზის მოყვარულების ყოველდღიური არჩევანია. ბრენდის დღევანდელ ხედვაზე, სამომავლო გეგმებსა და ინდუსტრიის ტენდენციებზე „ეკა ესთეტიკის“ დამფუძნებელი ეკატერინე სარალიძე გვესაუბრება.

სილამაზის ინდუსტრია სწრაფად იცვლება. როგორ ერგებით ახალ ტენდენციებს და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ინოვაციები?
ინოვაციები ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. საკუთარი ტექნიკა და ხელწერა გვაქვს, ხოლო ბაზარზე გამოჩენილი ახალი პროდუქტები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კრეატიული და დახვეწილი შედეგები შევქმნათ.
საკუთარი ბრენდის, „Ekas Makeup Accessory“ -ის პროფესიონალური ფუნჯების შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია?
მრავალწლიანმა პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ხშირად მჭირდებოდა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც კონკრეტულ დეტალებზე მუშაობას უფრო კომფორტულსა და ზუსტს გახდიდა. სწორედ ამ გამოცდილებიდან დაიბადა იდეა, შემექმნა საკუთარი ბრენდის პროფესიონალური ფუნჯები, რომლის განხორციელებაც ოჯახის მხარდაჭერით შევძელი.

რა მახასიათებლებით გამოირჩევა „Ekas Makeup Accessory“-ის პროდუქცია და რას სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულს?
„Ekas Makeup Accessory“-ის ფუნჯები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. ისინი გამოირჩევა ხის ტარით, მაღალი ხარისხის ფერადი ალუმინის დეტალებით, ბუნებრივი და სინთეტიკური ბეწვის კომბინაციით. ფუნჯები გამძლეა, არ კარგავს ფორმას და რეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს ხარისხს. თითოეული მათგანი გათვლილია სახის კონკრეტულ ზონაზე მაქსიმალური სიზუსტისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ვიზაჟისტებისა და მომხმარებლების უკუკავშირი ახალი პროდუქტების განვითარებაში?
პროფესიონალი ვიზაჟისტებისა და მომხმარებლების შეფასებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მათი გამოცდილება და სურვილები გვეხმარება, პროდუქტი კიდევ უფრო დავხვეწოთ და ისეთი სიახლეები შევქმნათ, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს.
რა მოთხოვნებია დღეს ყველაზე ხშირად თქვენი მომხმარებლების მხრიდან და როგორ პასუხობთ მათ?
დღეს მომხმარებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვიყენებთ ერთჯერად მასალებსა და თანამედროვე მიდგომებს, რათა თითოეული პროცედურა იყოს უსაფრთხო და კომფორტული.

თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს თანამედროვე ესთეტიკური ცენტრის წარმატებას – პროფესიონალიზმი, ხარისხიანი პროდუქცია თუ მომხმარებელთან ურთიერთობა?
თანამედროვე ესთეტიკური ცენტრის წარმატება ამ სამი კომპონენტის ერთობლიობაზეა დაფუძნებული – პროფესიონალიზმზე, ხარისხიან პროდუქციასა და მომხმარებელთან გულწრფელ ურთიერთობაზე. ვფიქრობ, რომელიმე მათგანის გარეშე სრულფასოვანი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
გვესაუბრეთ „Ekas Makeup Accessory“-ის ხაზის გაფართოების გეგმებზე. რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი უახლოეს მომავალში?
სამომავლოდ „Ekas Makeup Accessory“-ის ხაზს ახალი აქსესუარები და პროფესიონალური სახარჯი მასალები დაემატება. კონკრეტული დეტალების გამხელა ჯერ არ მინდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს სიახლეები მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

როგორ ხედავთ ქართული სილამაზის ინდუსტრიის განვითარებას და რა პოტენციალი აქვს ადგილობრივ ბრენდებს საერთაშორისო ბაზარზე?
ვფიქრობ, ქართულ სილამაზის ინდუსტრიას დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო წლებში არაერთი წარმატებული ადგილობრივი ბრენდი გამოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი პროფესიონალები ხარისხითა და კრეატიულობით საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანები არიან.
„ეკა ესთეტიკის“ დღევანდელ ფილოსოფიას ერთი მთავარი გზავნილით რომ აღწერდეთ, რას ეტყოდით თქვენს ერთგულ და მომავალ მომხმარებლებს?
ჩვენთვის მთავარი ღირებულება მომხმარებლის ნდობაა და მომავალშიც ამ პრინციპის ერთგულად დავრჩებით. პარალელურად, ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ვიზუალური კონტენტი, ფოტო და ვიდეო მასალა კიდევ უფრო თანამედროვე და დახვეწილი გახდეს, რადგან გვინდა, ხარისხი ყველა მიმართულებით იგრძნობოდეს.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: Real-photo studia, ნინი გორდაძე

2 days ago
28







English (US) ·
Georgian (GE) ·