არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას არა შემთხვევითობების, არამედ შინაგანი სინათლის მძლავრი იმპულსით აშენებენ. სწორედ ასეთია ჟურნალ OK-ის სტუმარი, OK! ბათუმის 2025 წლის გამოშვების მოწვეული რედაქტორი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა შამილაძე. ადამიანი, რომელსაც ბავშვობის წლების სიმშვიდემ, ბათუმის ძველი ქუჩების ლირიკულმა ხმოვანებამ და სამყაროს მიმართ ბუნებრივმა ცნობისმოყვარეობამ ჩამოუყალიბა უნარი, დაინახოს ადამიანი ზედაპირზე და სიღრმეში ერთდროულად.
მოუსმინოს არა ფორმალურად, არამედ გულის იმ განსაკუთრებული ინტუიციით,
რომელიც თუ არ გაქვს, ვერ ისწავლი.
დღეს, ჩვენს ქალაქზე, სიყვარულზე, პროფესიულ გზაზე, ადამიანურ ისტორიებსა და ძალაზე, რომლითაც ყველა სირთულეს მოერია, გვესაუბრება ქალი, რომლის ხმა ბათუმის მრავალი დილის ნაწილი გახდა და რომლის ნარატივი მუდამ იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ტელეეთერი.
როგორი იყო თქვენი ბავშვობა და იმდროინდელი ბათუმი… რა სურნელი და ხმა აქვს იმ წლებიდან თქვენს მეხსიერებაში დარჩენილ მოგონებებს?
ჩემი ბავშვობის ბათუმი, პირველ რიგში, სიმშვიდესთან, სიჩუმესთან ასოცირდება, ძველი ბათუმის ქუჩებში მხოლოდ ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა რომ ისმოდა. თითქმის ყველა ქუჩის გაყოლებაზე ხეივანი იყო და ტროტუარზე თუ მიდიოდი მზე თითქმის არასოდეს გაჭყიტებდა. ყოველ დილით, ჩემი აივნის გასწვრივ მოგროვილ მტრედებს, მე და ბებიაჩემი პურის ნატეხებს ვუყრიდით. ადრე ბათუმში ძალიან ბევრი მტრედი იყო და ყველა მტრედის მშობლიური ქალაქი ბათუმი მეგონა. ფანჯრიდან ყველაზე ხშირად დრამატული თეატრის სახურავს ვადევნებდი თვალს, მტრედების ძირითადი ბირთვი იქ იკრიბებოდა, ვითვლიდი ხოლმე. ზოგადად, ჩვევაში მქონდა და ბავშვობაში სულ რაღაცას ვითვლიდი. მაგალითად, ტროტუარებზე ერთნაირი ფერის ქვაფენილებს, ბოძებს, ლამპიონებს, პალმებს, ფანჯრებს და ა.შ. გამოგიტყდებით და დღესაც მაქვს ეს ჩვევა, რასაც საბოლოოდ მედიტაცია – აქ და ახლა ყოფნა დავარქვი.
ყველაზე მეტად დილაადრიან, გამთენიისას, სრულ სიჩუმეში მერცხლების ჭიკჭიკის მოსმენა მიყვარდა, რომელსაც სიცოცხლის მძლავრი ენერგია შემოჰქონდა ფანჯრებიდან. ეს ხმა მხოლოდ ზაფხულისაა, თითქოს მაღვიძებდა – ადექი, ზღვაზე წასვლის დროაო.
ბავშვობა ლაღი, ნათელი და ბედნიერი მქონდა… ტოტალურ მზრუნველობასა და სიყვარულში ვიზრდებოდი. ამისთვის ჩემი ოჯახის წევრები არაფერს იშურებდნენ. სულ ვამბობ ხოლმე, როცა ბავშვობა ლაღი და ბედნიერი გაქვს, ზრდასრულ ასაკში ყველაფერს გაუძლებ, იმიტომ რომ ცხოვრების ისედაც რთულ გზაზე, დამატებით, ზურგზე ტვირთად ბავშვობის ტრავმები არ გაწევს. მე გამიმართლა, ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ამისთვის ჩემი ოჯახის მადლიერი ვარ.

დღეს რას ეტყოდით იმ პატარა ანას?
პატარა ანა არსად წასულა, მუდმივ კონტაქტზეა და სწორედ ის მეხმარება იმ სილაღის და პოზიტივის შენარჩუნებაში, რაც ყველგან და ყოველთვის თან მდევს. ადრე არ ვუსმენდი, ბოლო დროს დავუმეგობრდი. როცა ჭირვეულობას იწყებს, მუდამ ვამხნევებ, ვეუბნები რომ ძალიან მაგარი გოგოა, ყოველთვის მოვუსმენ და არასოდეს მივატოვებ! ყველას ვურჩევ ხოლმე, მოუსმინეთ, გაზარდეთ, აღზარდეთ და ყოველთვის მიენდეთ თქვენს პატარა მეს, მასთან მეგობრობის გარეშე ბედნიერი არ იქნებით!
როგორ მოვიდა თქვენს ცხოვრებაში ჟურნალისტიკა?
პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, ჟურნალისტობაზე არასოდეს მიფიქრია და, მით უმეტეს, არ მიოცნებია. ტელევიზიაშიც შემთხვევით აღმოვჩნდი, იმ დროს ცხოვრების რთული ეტაპი მქონდა, პრაქტიკულად ახალი ფურცლიდან ვიწყებდი ყველაფერს, დიდი ხანი ვერ ვპოულობდი სამსახურს, ბოლოს, კარგი მეგობრების დახმარებით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დავიწყე მუშაობა.
როგორ დაიბადა გადაცემა „ყავა ბათუმურად“. ეს პროფესიული იდეა იყო თუ შინაგანი სურვილი ადამიანების მოსმენისა და მათზე უფრო მეტის მოყოლის საზოგადოებისთვის?
ბავშვობიდან მაინტერესებდა სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრებები და ცოდნები… ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახური ზუსტად მოერგო ჩემს ამ ინტერესთა სფეროს, განსაკუთრებით მომწონდა ინდივიდების აღმოჩენა და მათი მოსმენა, სხვა კუთხით წარმოჩენა და ინტერვიუების ჩაწერა. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ძალიანაც ჩემი გახდა სატელევიზიო საქმიანობა.
„ყავა ბათუმურად“ „დილის ტალღის“ ყოველდღიური ეთერის იდეასთან ერთად დაიბადა. მოგეხსენებათ, აჭარის ტელევიზიაში დილის გადაცემა ეთერში აქამდე მხოლოდ შაბათ-კვირას გადიოდა და მე ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი გახლავართ. როცა ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყეთ, გაჩნდა ვალდებულება, თითოეულ წამყვანს რაიმე რუბრიკა აეღო. ყავის თემატიკა, რომელიც ყველა დილის ეთერს აქვს, თავიდანვე მინდოდა, მაგრამ არა ტრადიციული ფორმატით. რამე განსხვავებული მინდოდა, ჩემი ტვინი ყოველთვის განსხვავებულისკენ იყო მიდრეკილი. მაშინ განვითარების სამსახურის მენეჯერი რეზი ჭიჭინაძე იყო და მახსოვს მითხრა, არაა სავალდებულო ყავა, უბრალოდ იარე, სადღაც სტუმრად შედი, ვიღაცას გამოელაპარაკე, სულ რომ არ გყავდეს რესპონდენტი მარტომაც რომ ისაუბრო, კარგად გამოგდისო, აქ მთავარი შენ უნდა იყოო. მისმა ამ ნათქვამმა მაშინ კი მომხიბლა, მაგრამ რაღაც კონკრეტული სახე უნდა მიმეცა ამ ჩემი „თვითკმარობისთვის“. აქედან გაჩნდა „Takeaway“ ყავის იდეაც, რაც იდეალურად მოერგო ბათუმს. 1 წლის თავზე კი რუბრიკა გადაცემად გადაკეთდა, სახელწოდებით „ყავა ბათუმურად“.

როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე, სადაც ჟურნალისტიკა, ემოცია და კადრი ერთ ტემპშია?
ეს საქმე ძალიან მიყვარს, იმდენად, რომ თუ დამიჯერებთ, მქონია შემთხვევა 9 საათი კომპიუტერთან მონტაჟში მარტოს ისე გამიტარებია, ვერც კი მივმხვდარვარ ამდენი დრო როგორ გავიდა. ვხვდები, რომ ზოგჯერ მართლა ჭარბი პოტენციალი მაქვს, ბალანსს ვკარგავ, თუმცა მანამ ვერ მოვდივარ გონს, სანამ სამყარო წელის ან კისრის ტკივილით არ მომცემს სიგნალს, რომ „overdose“ მაქვს.
სტუმრებს საგულდაგულოდ ვარჩევ, თუმცა, ხშირად ყოფილა შემთხვევა ადამიანს ჩემთვის ერთი განსაკუთრებული ფრაზა უთქვამს და ამ ერთ ფრაზაზე ამიგია მთელი გადაცემა. რესპონდენტებთან კომუნიკაცია, უშუალო მიდგომაც ამას გულისხმობს, რომ სტატიკით და აკადემიურობით არ დავაფრთხო ადამიანი და მარტივად წამოვიყვანო გულწრფელ საუბარზე. სხვათა შორის, შენიშვნის სახით დაუწერიათ კომენტარებში, რა არაჟურნალისტურად ეკონტაქტება სტუმრებსო, ზოგს ჩემი ბუნებრივად ემოციური მოსმენის კულტურაც აღიზიანებს, თუმცა, საერთო ჯამში, გადაცემას უყურებენ. ასე რომ, ბატონებო ეს გადაცემა რომ თქვენს ყურადღებას იპყრობს, სულ ამ „არაჟურნალისტური“ მიდგომების დამსახურებაა. ))
ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ანონსებს, მონტაჟსაც მე თავად ვაკეთებ და ხშირად, როცა უკვირთ და მეკითხებიან რატომო, ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს, ეგ დაახლოებით იგივეა, შვილი რომ გააჩინო და სხვას გააზრდევინო! მონტაჟი არის ყველაფერი!
გადაცემის მეშვეობით ბათუმს, ბათუმელებს სხვა კუთხით აჩვენებთ მაყურებელს. როგორი ქალაქია თქვენი ხედვით ბათუმი დღეს? რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის?
ამ ქალაქს უშრეტი პოტენციალი და რესურსი აქვს, თვითკმარია და, აქ და ახლა შეუძლია თავისივე რესურსით განვითარება, მაგრამ სულ რაღაცას ან ვიღაცას ველოდებით, ან მუდამ თვალი გაქცევაზე გვაქვს. ამ დროს, უბრალოდ, ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე, გულით და ენთუზიაზმით უნდა ვაკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი ხარ, ეკონომისტი, დიასახლისი თუ მხატვარი, არავინ არავისზე მეტი არ არის. მეტობა მხოლოდ საქმისადმი ერთგულებით განისაზღვრება, იმიტომ რომ, სწორედ საქმეა განვითარების საწინდარი!
ჩემს გადაცემაში ვცდილობ ვისაუბრო ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც ამ ქალაქს ეხება, და არამხოლოდ ადამიანებს და ადამიანურ თავისებურებებს. ზოგჯერ გლობალურ თემებსაც განვიხილავთ. როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე, ეს არის გადაცემა ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, რომლის ლაიტმოტივი ყოველთვის იუმორია. ამიტომ, უფრო ხშირად მხიარულია, ზოგჯერ სევდიანიც… როგორც წესი, ვიწყებთ ზედაპირით, ნელა ჩავდივართ სიღრმეში და ბოლოს ისევ ზედაპირს ვუბრუნდებით. ძირითადად ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, რისი მოსმენაც უნდათ, მაგრამ ზოგჯერ ისეთებზეც რისი მოსმენაც არ სურთ. თუმცა, ეს მაცდური ფორმატია, რომელიც უწყვეტ დინამიკას სთავაზობს მაყურებელს და, ხშირ შემთხვევაში, გაყურებინებს კიდეც გადაცემას.
ზოგადად, ვთვლი, რომ თანამედროვე მედია სხვა ენერგიას მოითხოვს ტიკტოკის ეპოქაში, სადაც ადამიანი 15 წამზე მეტ ხანს ვერ უყურებს ინფორმაციას, მაქსიმალური ინტერესი უნდა შეუქმნა, რომ 15 წამში არ „აგსქროლოს“, ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილიც ისე უნდა შეუფუთო, რომ „თამაშ-თამაშში“ გამოგყვეს. ვფიქრობ, სტატიკა ყოველთვის იარსებებს და დაფასდება სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ თვით ბალანსსაც სჭირდება, რომ ზოგჯერ დაირღვეს?!

რომელია თქვენი პროფესიული გზის ყველაზე ემოციური ეპიზოდი. ის, რასაც ვერასდროს დაივიწყებთ?
პროფესიული გზის ყველაზე ემოციური ეპიზოდი უკავშირდება ლეოგრანდის ტრაგედიას. ამ ამბის გაშუქებისას და სიუჟეტის გადაღებისას, შენობაში შესვლა, ყველა იმ ადგილის დათვალიერება და მაყურებლისთვის გაზიარება მომიწია, რომელ დარბაზებში იმყოფებოდნენ, რომელი კარი დაიბლოკა, სად იყვნენ ნაპოვნი ჩვენი ანგელოზი ახალგაზრდები… ეს ყველაფერი ძალიან განვიცადე და ისე დიდხანს გამყვა, დიდხანს მეფიქრებოდა, მესიზმრებოდა.
შვილები და გადატვირთული გრაფიკის შეთავსება…
თუ რაიმე, თუნდაც მცირედის შექმნა მოვახერხე ცხოვრებაში, ყველაფერი ჩემი შვილების დამსახურებაა. როცა სრულ „წყვდიადში“რჩები, ორი შვილით, მარტო, მხოლოდ დედობრივი ინსტინქტი და პასუხისმგებლობაა ის ძალა, რომელიც გაიძულებს გამოხვიდე წყვდიადიდან და სინათლის გზა იპოვო, რათა შენს შვილებს შეუქმნა ღირსეული მომავალი.
მათ იციან, რომ შრომის გარეშე, თავისით, არაფერი მოდის. შესაბამისად, გაგებით ეკიდებიან ჩემს მუდმივ დაკავებულობას. სხვათა შორის, ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან, როცა გავიზრდებით, როლებს შევიცლით და ჩვენ ვიზრუნებთ შენზეო, რაზეც სულ გული მიჩუყდება…
მე და ჩემს შვილებს არასტანდარტული ურთიერთობა გვაქვს, არაფერს ვაიძულებ და ყოველთვის ვცდილობ არჩევანის საშუალება მათ დავუტოვო.
შვილს თუ აძლევ უპირობო სიყვარულს და განცდას იმისა, რომ შენი მყარი მხარდაჭერა აქვს, ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, სამყაროს მიმართ მეტი ნდობით გაიზრდებიან, რაც სიმყარეს და შინაგან თავდაჯერებულობას მისცემს, შინაგანი სიმტკიცე კი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრების გზაზე.

გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ისტორია, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო და ფილმურ ისტორიას უფრო ჰგავს…
ჩემი სიყვარულის ისტორია ყველაზე მეტად მომწონს, რაც კი აქამდე სიყვარულის ისტორიებზე მსმენია ან წამიკითხავს. ბავშვობის ყველაზე ახლო მეგობარი, აჩიკო ბერიძე, რომელსაც პირველი კლასიდან ვიცნობ, უეცრად ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა.
პატარაობიდან ძალიან მიყვარდა, რომ ვხედავდი ყოველთვის მიხაროდა, საყვარელი იყო, სულ მინდოდა ჩავხუტებოდი და დამეჩქმიტა. ჩემგან განსხვავებით აჩიკო დინჯი და მშვიდი იყო, ამიტომაც, ძირითადად მე ვლაპარაკობდი და მუდამ რაღაცებს ვუყვებოდი. ამ დროს თვითონ მკვეთრად გამოხატული გაბადრული და აღფრთოვანებული სახით მიყურებდა ხოლმე, დღემდე ასე მიყურებს, საერთოდ არ შეცვლილა მისი მზერა.
ცოტა რომ წამოვიზარდეთ კიდევ უფრო დავმეგობრდით და სერიოზულ საკითხებსაც ვუზიარებდით ერთმანეთს. შემდეგ რაღაც გაუგებრად შეწყდა კომუნიკაცია და ჩვენ ჩვენს გზებზე წავედით. წლების მანძილზე იშვიათად, მაგრამ როცა ვხვდებოდით ერთმანეთს, იმ ერთ შეხვედრაშიც იგივე მზერა იყო და უსიტყვო, უხილავი კავშირით ერთმანეთისთვის უამრავი რამ ნათქვამი… მის სიმღერებს ხშირად ვუსმენდი და საკუთარივით მიხაროდა ყოველი მისი წარმატება.
ბოლო წლებში სოციალური ქსელების „სთორებზე“ ხშირად ვეხმაურებოდით ერთმანეთს, ასევე უსიტყვოდ, მხოლოდ „ემოჯებით“. ორწელიწად-ნახევრის წინ, როგორც იქნა, მომწერა ინსტაგრამზე, საღამო მაქვს ბათუმის ერთ-ერთ სივრცეში და ხომ მოხვალო… საოცარი საღამო იყო, ყველა სიმღერა მე მომიძღვნა, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ… რამდენიმე დღეში მითხრა, რომ ვუყვარდი ახლაც და 29 წლის წინაც, უბრალოდ, ბავშვობაში ვერ ხვდებოდა, რომ ეს ის სიყვარული იყო…
როგორ გეხმარებათ თქვენი სიყვარული ყოველდღიურობაში, ჟურნალისტიკაში, შემოქმედებაში, ენერგიაში?
ჩვენი სიყვარული ჩვენს საერთო ბავშვობაზე და წლების მეგობრობაზე დგას, სიყვარული მეგობრობის გარეშე, მოკლევადიანია. ვფიქრობ, დედამიწის ზურგზე აჩიკოსავით არავინ მიცნობს, ასე ზუსტად ვერავინ მხედავს. ჩვენი ურთიერთობის საფუძველი სიყვარულია, ვუფრთხილდებით, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. თუმცა, არასოდეს ვიჭრებით ერთმანეთის სივრცეებში. ვფიქრობ, ამ უპირობო, ნათელი ენერგიების გაცვლით ერთმანეთისთვის წარმატება მოგვაქვს.

გჯერათ იმ აზრის, რომ სიყვარული ადამიანს სხვა ტემპით აცხოვრებს და როგორია ოჯახური დინამიკა, როცა ორივე ქმნით, გრძნობთ და ერთდროულად საჯარო ადამიანები ხართ?
ამ ნგრევისკენ მიდრეკილ სამყაროში გადარჩენა მხოლოდ სიყვარულშია და მხოლოდ სიყვარული აწონასწორებს ბნელს ნათელით… რა გენიალური ფრაზაა „შერეკილებში“ „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადიო“, მართლა ასეა, სპირალისებურად ბრუნავს და უსასრულო სიმაღლისკენ აჰყავხარ.
როცა სიყვარული ნამდვილია, რაღაც ადამიანურ გათვლებთან და მატერიალურ პირობებთან არანაირი საერთო არა აქვს, ოჯახური და საქმიანი დინამიკა ბალანსში ავტომატურად ექცევა.
აჩიკოსთან ერთად, როგორი სიმღერა იქნებოდა თქვენი ცხოვრების მთავარი მელოდია?
და მაინც… ალბათ, „ნესუნ დორმა“ – კალაფის არია, პუჩინის ოპერიდან „ტურანდოტი“. ამ არიასავით მასშტაბური და მძლავრია ჩვენი სიყვარული და ამ არიასავით უსასრულო სინათლეზე გადის. ერთადერთი არიაა, რომელსაც რა დროსაც არ უნდა ვუსმენდე ტოტალური სიყვარულის და სისავსის ცრემლები მომდის! ვფიქრობ, ჩვენ, უბრალოდ, ერთმანეთის სიყვარულისთვის არ შევხვდით. ოჯახის შექმნის გარდა, ერთმანეთს რაღაც მასშტაბური საქმეების კეთებაში უნდა დავეხმაროთ, რაც ადამიანებს სიკეთეს და სიხარულს მოუტანს! „ნესუნ დორმა“ ზუსტად ახმოვანებს იმ სიმძლავრეს რასაც შინაგანად ჩვენი ერთობით ვგრძნობ!
სხვათა შორის, ეს არია და ოპერა „ტურანდოტი“ ჩვენს საერთო ბავშვობასთანაა დაკავშირებული, რომელსაც ბავშვთა ოპერა ერქვა.
ქალად ყოფნა ქართულ მედიაში… რა გეხმარებათ, რბილად, მაგრამ მყარად იაროთ ამ გზაზე?
ყოველ ჯერზე, რა დროსაც ცხოვრებისეული ბარიერები თუ კრიზისები მოსულა, პანაცეას განვითარებასა და განათლებაში ვპოულობდი. დღემდე, როცა დეპრესიული ფონი წამომეწევა, უმალვე ვიწყებ რაიმე ახლის შემეცნებას თუ შესწავლას, თავით ვეშვები ახალი ცოდნებისა და ახალი ინფორმაციის გააზრებაში….
ზოგადად, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. რაღაც ცუდი რომ ხდება, მალევე ტვინი ავტომატურად იწყებს გეგმა 2-ზე ფიქრს, უსასრულოდ ერთ წერტილზე არ ვჩერდები, ვერ ვჩერდები, მწყინდება.
მედიას უდიდესი როლი და ძალა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ამ კონკრეტულ სფეროში არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, მთავარია შენს მაყურებელს თუ მკითხველს საშუალება
მისცე იაზროვნოს და თავად გამოიტანოს დასკვნები ამა თუ იმ საკითხზე, შენ მხოლოდ გევალება რამდენიმე რაკურსით აჩვენო თემა და ვიწრო ჩარჩოებში არ მოაქციო…

რა გასწავლათ წლებმა, როგორც ჟურნალისტს, როგორც ქალს, როგორც ადამიანს?
მივხვდი იმას, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე. საკუთარი საქმით შექმნილი სახელი, არ გერქვას ვიღაცის შვილი, ვიღაცის და, ვიღაცის ცოლი… ეს თავისუფლებას გიზღუდავს და მუდამ სხვაზე დამოკიდებულს გხდის. შენ უნდა იყო შენ, უნიკალური და ერთადერთი, ვინც არავის ჰგავს. როგორც კი ამას იპოვი შენში, ეს არ უნდა მოაკვლევინო გარედან შემოსულ საზოგადოებრივ აზრსა და წნეხს, რომელიც, როგორც წესი, გაიძულებს შაბლონური წესებით იხელმძღვანელო, აქ გვირაბისებრი აზროვნება უნდა ჩართო, მხოლოდ წინ უნდა უყურო გზას!
რას აკეთებთ მაშინ, როცა ყველაფრით იღლებით, რა გაბრუნებთ სინათლეში?
თუ ზაფხულია მარტო მივდივარ ზღვაზე და საათობით ვეფიცხები მზეს, ზღვა და მზე არის ჩემი საუკეთესო სამკურნალო საშუალება. თუ ზამთარია, ან ცივა, უხვად ვყიდულობ „სნექებს“, განვმარტოვდები სახლში, და საათობით ვუყურებ სერიალებს, ვკითხულობ და ვუსმენ აუდიოწიგნებს, ყველაზე უკეთ მარტოობაში ვისვენებ და ვრეაბილიტირდები.
და ბოლოს, აუცილებლად მინდა გკითხოთ ჟურნალ OK! ბათუმზე, 2025 წლის გამოშვების მოწვეული რედაქტორიც ხართ…
სხვათა შორის, ყოველთვის მინდოდა და წარმომედგინა კიდევაც ჟურნალის რედაქტორად თავი, მომწონს ეს სფერო, ბეჭდურ მედიაში მუშაობის რაღაც პატარა გამოცდილებაც მაქვს. ჟურნალი OK! ყოველთვის მომწონდა და მიზიდავდა. მოწვეული რედაქტორის სტატუსი, ჩემთვის კიდევ ერთი ახალი გამოცდილება, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა იქნება ჩემი პიროვნების განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნდობისთვის ჟურნალის რედაქტორს, მაია წერეთელს, Ok! ბათუმის მენეჯერს ქეთი დაუშვილს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შენც ნანა, შენი დაუღალავი, ერთგული შრომისთვის, რომელსაც, წლებია, ჩვენს ქალაქს უწევ.


9 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·