დღეს გიამბობთ სამი თაობის წარმომადგენელი ქალბატონის: რუსუდან, ეკატერინე და სოფიო სუხიშვილების წარმატების ამბავს. სამივე თაობას განსხვავებული ეპოქა, გამოწვევები და გამოცდილება აქვს გამოვლილი, თუმცა მათ შორის არსებობს ერთი უცვლელი ღირებულება – პასუხისმგებლობა ახალგაზრდების მიმართ. სუხიშვილებისთვის განათლება არასოდეს ყოფილა ფორმალური პროცესი, ეს არის ღირებულებების ერთობლიობა, რომლის ცენტრშიც ადამიანი დგას, როგორც მთავარი სიმდიდრე. ამ ისტორიის სიმბოლური მეტაფორა თავად რუსუდან სუხიშვილმა ერთ წინადადებაში მოაქცია: 1995 წელს დათესილი „მარცვალი“ დღეს უკვე მყარ ხედ არის გაზრდილი, ხედ, რომელიც მომავალ თაობებსაც მისცემს ნაყოფს.

რუსუდან სუხიშვილი
საქართველოში 90-იანი წლებში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე ადამიანიები ხშირად დამდგარან არჩევანის წინაშე – შეექმნათ რაღაც ახალი თუ შეჰგუებოდნენ რეალობას. 1995 წელს რუსუდან სუხიშვილმა მეუღლესთან, ვალერი სუხიშვილთან ერთდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ერთი ოჯახის ან ერთი ქალაქის ამბავი არ აღმოჩნდა, ეს გახდა განათლებაზე დაფუძნებული მრავალწლიანი მისიის დასაწყისი.
„იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა, როცა ქვეყანა სინათლეს, სითბოსა და პერსპექტივას ეძებდა. მე და ჩემი მეუღლე ვხვდებოდით, რომ სწორედ განათლება იყო ის ერთადერთი საყრდენი, რომელიც ახალგაზრდებს მომავლის იმედს ჩაუნერგავდა. გორი ყოველთვის იყო ინტელექტუალური ცენტრი და ჩვენ გვინდოდა ადგილობრივ ახალგაზრდებს ქალაქიდან გაუსვლელად მიეღოთ ხარისხიანი, ევროპული ტიპის განათლება“, – ამბობს რუსუდან სუხიშვილი.
იმდროინდელი რეალობა მკაცრი იყო: უშუქობა, უგაზობა, აუდიტორიებში შეშის ღუმელები და მუდმივი გაურკვევლობა. ამას ემატებოდა პოლიტიკური გაურკვევლობა, დაკარგული ტერიტორიები და დევნილებით სავსე ქალაქი.
„მოტივაციას გვაძლევდა იმ სტუდენტების სწავლისადმი სურვილი, რომლებიც პირობების მიუხედავად, მაინც მოდიოდნენ ლექციებზე. ჩვენ ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, თუ ჩვენ დავნებდებოდით, მაშინ რა მომავალი ექნებოდათ მათ?!“
სუხიშვილების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო სივრცე თავიდანვე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ, სასწავლებელი. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, აზრებს უზიარებდნენ და რაც მთავარია, გრძნობდნენ, რომ ცხოვრება გრძელდებოდა. საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ სწორედ ასეთი სივრცეები ქმნიდა ახალი ტიპის თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების საფუძველს.
,,ჩვენი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდები არ დაკარგულიყვნენ ქუჩაში ან არ წასულიყვნენ ქვეყნიდან. საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ საჭირო იყო ახალი ტიპის, თავისუფალი მოქალაქეების აღზრდა, რომლებიც უკეთესი ქვეყნის აშენებას შეძლებდნენ“, – აღნიშნავს ქალბატონი რუსუდანი.
როგორც ქალბატონი რუსუდანი ამბობს, ძალიან ბედნიერია, რადგან მისი შვილი და შვილიშვილი მის გზას აგრძელებენ, სამი თაობის ქალი.
„როდესაც შვილი შენს საქმეს იბარებს, ეს ნიშნავს, რომ მან დაინახა და დააფასა ის შრომა, რაც ჩვენ ჩავდეთ და ჩვენი იდეალები მისთვისაც ძვირფასია, ხოლო როცა შვილიშვილიშვილები ამ სფეროში დგამენ ნაბიჯებს, ეს უკვე ტრადიციაა. ეს მაძლევს განცდას, რომ ის – მარცვალი: რომელიც 1995 წელს მიწაში ჩავაგდეთ, გადაიქცა დიდ მყარ ხედ, რომელიც კიდევ ბევრ თაობას მოემსახურება. ეს არის დასტური იმისა, რომ არაფერი ყოფილა ამაო – არც ის უძილო ღამეები და არც ის სირთულეები, რადგან საქმე ცოცხლობს და ვითარდება“.

ეკატერინე სუხიშვილი
ეკატერინესთვის ეს გზა მხოლოდ ოჯახური საქმის გაგრძელება არ ყოფილა; ეს იყო ღირებულებების გაგრძელება, რომელიც ბავშვობიდანვე ფორმირდებოდა. ეკა დღეს ამ გამოცდილებას თანამედროვე ხედვას უთავსებს. მისი თქმით, ოჯახური მემკვიდრეობა ერთდროულად არის როგორც პრივილეგია, ისე გამოწვევა – შეინარჩუნო მიღწეული და პარალელურად შექმნა ახალი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები პედაგოგები არ არიან, ისინი მთელი ცხოვრება ახალგაზრდების განათლებას და აღზრდას ემსახურებოდნენ, მუდმივად ქმნიდნენ მომავალს. როცა ისეთ გარემოში იზრდები, სადაც განათლება ფასეულობათა სათავეშია, ხოლო ადამიანი ყველაზე ღირებულია, როცა ხედავ, როგორ აშენებენ მშობლები განათლების კერას ნულიდან ყველაზე რთულ წლებში, ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე მაღალ თამასას აწესებს“, – აღნიშნავს ეკატერინე.
ეკა პროფესიით ექიმი, მედიცინის დოქტორია, განათლების სისტემასაც იმავე სიზუსტითა და პასუხისმგებლობით უდგება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობას.
„ხელმძღვანელობა ჩემთვის არ ნიშნავს მართვას, ეს არის მსახურება – სტუდენტების, მოსწავლეების, მასწავლებლების და იმ იდეის მსახურება, რასაც ხარისხიანი განათლება ჰქვია. ჩემი მიზანია ვიყო ლიდერი, რომელიც გუნდს აძლევს მოტივაციას, დაინახონ მოსწავლის ინდივიდუალური პოტენციალი.
ჩემი ოჯახის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, დავაფუძნე „მეცნიერებათა სკოლა“ გორში. ეს არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი სასწავლებლის გახსნა, ეს იყო პასუხი თანამედროვეობის გამოწვევებზე. საუკეთესო გუნდთან ერთად შევქმენით სივრცე, რომელიც მოიცავს განვითარების ყველა საფეხურს – სკოლამდელი აღზრდის პროგრამიდან მე-12 კლასის ჩათვლით“.
როგორც ეკა ამბობს, სკოლაში აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ კრიტიკული აზროვნების, კვლევითი ინტერესისა და ინდივიდუალური პოტენციალის განვითარებაზე.
„სკოლა ორიენტირებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტექნოლოგიები, უცხო ენები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და პიროვნული განვითარება. სკოლის დაფუძნება 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, ერთგვარი სიმბოლური გაგრძელება აღმოჩნდა იმ ბრძოლისა, რომელიც ჩემმა მშობლებმა 1995 წელს დაიწყეს. თუ მათ ბნელ 90-იანებში შეძლეს საგანმანათლებლო კერის შექმნა და შენარჩუნება, ჩვენი მოვალეობაა 21-ე საუკუნეში შევქმნათ სკოლა, რომელიც აღზრდის კონკურენტუნარიან, თავისუფალ და განათლებულ თაობას ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის“.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემა, ჩვენი გზა გადის პიროვნების ფორმირებაზე, რომელიც მზად იქნება 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევებისთვის. ჩემი ოჯახის 30-წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ჩვენი გზა არის მუდმივი პროგრესი, რათა ყოველი მომდევნო თაობა იყოს უფრო ძლიერი, თავისუფალი და რეალიზებული, ვიდრე წინა“.

სოფიო სუხიშვილი
მესამე თაობის წარმომადგენლის, სოფიო სუხიშვილისთვის, ამ გზაზე მოსვლა სპონტანური გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს იყო ბუნებრივი გაგრძელება იმ გარემოსი, სადაც გაიზარდა.
იურისტის განათლება, საერთაშორისო გამოცდილება და მაგისტრატურა დიდ ბრიტანეთში, ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტში და დოქტორანტურა საფრანგეთში, მის პროფესიულ პროფილს გლობალურ პერსპექტივას სძენს. თუმცა, საბოლოოდ, ეს ცოდნა ისევ ოჯახურ საქმეში დაბრუნდა.
„ამ განათლებით დაბრუნებულისთვის ალბათ გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც პირველად ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა, რომელიც სტუდენტების წინაშე გვაქვს. მივხვდი, რომ კოლეჯის მართვა მხოლოდ პროფესია კი არა, იმ მისიის გაგრძელებაა, რომელიც ჩემმა ოჯახმა დაიწყო. ბავშობიდან ვხედავდი, როგორ იქმნებოდა საგანმანათლებლო კერები, როგორ იდებოდა თითოეულ პროექტში არა მხოლოდ შრომა, არამედ დიდი ემოციური რესურსი.
მსურდა ეს მემკვიდრეობა თანამედროვე სტანდარტებთან შემერწყა და შემექმნა სივრცე, სადაც ტრადიციული ღირებულებები და ინოვაციური მიდგომები ერთმანეთს შეხვდებოდა. ამ ყველაფერში ჩემი აკადემიური გამოცდილებაც დამეხმარა. სხვადასხვა უნივერსიტეტში წაკითხული კურსი საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის სამართლის მიმართულებით, ერთგვარი გამოწვევა და დიდი გამოცდილება იყო“, – ამბობს სოფიო სუხიშვილი.
დღეს, როდესაც ის კურსდამთავრებულების წარმატებას აკვირდება, ნათლად ხედავს, რომ ეს გზა ყოველთვის მისი იყო, უბრალოდ, დროთა განმავლობაში მიიღო საბოლოო ფორმა.
„მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ თაობას საკუთარი გამოწვევები და ეპოქალური თავისებურებები გვქონდა, არსებობს ერთი უცვლელი ღერძი, რომელიც სამივეს გვაერთიანებს – ეს არის პასუხისმგებლობა ხარისხისა და ადამიანების მიმართ. ჩვენი საქმის კეთება არასოდეს ყოფილა ფორმალური პროცესი. ჩვენ გვაერთიანებს ერთგულება იმ იდეების მიმართ, რომ განათლება არის საზოგადოების ტრანსფორმაციის მთავარი ძალა.
სიმტკიცე, უნარი, რომ არასდროს დავნებდეთ. ჩვენი საქმიანობის ცენტრში ყოველთვის დგას პიროვნება – ადამიანი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

სამი თაობის წარმატებაზე მეტყველებს როგორც მიღწეული შედეგები, ისე უწყვეტი პროგრესი და რწმენა, რომ განათლება საზოგადოების ტრანსფორმაციის მთავარი ძალაა.
„დაბოლოს, ჩვენ სამნი ვერ ვიქნებოდით ასეთი ძლიერები, რომ არა ჩვენი ოჯახის დანარჩენი წევრები, ჩემი პაპა, რომელმაც ყველაფერ ამას საძირკველი ჩაუყარა და ჩემი ძმა, ზვიად სუხიშვილი. ეს არის შინაგანი კოდექსი, რომელიც სამივე თაობას გვაერთიანებს, ვაკეთოთ საქმე ისე, რომ თითოეული ნაბიჯი მომავლისთვის მყარ საძირკველს ქმნიდეს“.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი

2 weeks ago
32







English (US) ·
Georgian (GE) ·