WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

ზაფხული საქართველოში მოგზაურობის, ახალი ადგილების აღმოჩენისა და ბუნებაში დაბრუნების საუკეთესო დროა.

დაცული ტერიტორიები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ ლანდშაფტებს, უძველეს ტყეებს, კანიონებსა და ჩანჩქერებს აერთიანებს, მოგზაურებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. თითოეულ ადგილს საკუთარი ისტორია და განსაკუთრებული ხიბლი აქვს — წარმოგიდგენთ საქართველოს იმ დაცულ ტერიტორიებს, რომლებიც ზაფხულში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს.

საუკუნოვანი წიწვოვანი ტყეები, ალპური მდელოები, მთის პანორამები და სუფთა ჰაერი ამ ადგილს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. სწორედ აქ შეგიძლიათ შეხვდეთ კავკასიურ ირემს, არჩვს, ფოცხვერს, მურა დათვსა და ათეულობით იშვიათი სახეობის ფრინველს.

ბორჯომ-ხარაგაული განსაკუთრებით სალაშქრო მარშრუტებით არის ცნობილი. პარკში სხვადასხვა სირთულის ბილიკებია მოწყობილი — როგორც ერთდღიანი გასეირნებისთვის, ისე მრავალდღიანი ლაშქრობისთვის.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები


ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა და კავკასიაში ერთ-ერთ პირველ დაცულ ტერიტორიად ითვლება.

ლაგოდეხი აღმოსავლეთ საქართველოში, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ თითქმის ხელუხლებლად არის შემონახული უძველესი ტყეები, სადაც მრავალ იშვიათ მცენარესა და ცხოველს შეხვდებით.

ზაფხულში ლაგოდეხის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა ნინოსხევის ჩანჩქერია – გზა მისკენ ტყის გავლით მიდის და საოცარ  გარემოში გამოგზაურებთ. ასევე პოპულარულია შავი კლდეების ტბის მარშრუტი, რომელიც ალპურ ზონაში გადის და კავკასიონის ულამაზეს ხედებს გვთავაზობს.

თუშეთის ეროვნული პარკი

თუშეთის დაცული ტერიტორიები 2003 წელს შეიქმნა და რამდენიმე დაცულ ზონას აერთიანებს. რეგიონი ცნობილია თავისი რთული რელიეფით, მაღალი მთებით, უძველესი კოშკებითა და ტრადიციული სოფლებით.

ზაფხული ერთადერთი პერიოდია, როცა თუშეთში სრულფასოვანი მოგზაურობაა შესაძლებელი, რადგან ზამთარში გზები დიდთოვლობის გამო იკეტება. სწორედ ამიტომ ივლისი და აგვისტო საუკეთესო დროა ომალოს, დართლოს, შენაქოსა და სხვა ისტორიული სოფლების მოსანახულებლად.

თუშეთი განსაკუთრებით იზიდავს მათ, ვისაც ბუნებაში თავგადასავალი, ლაშქრობა და ტრადიციული კულტურის გაცნობა სურს.

მტირალას ეროვნული პარკი

აჭარის მთებში მდებარე მტირალას ეროვნული პარკი თავის სახელს ნამდვილად ამართლებს – რეგიონში ხშირი ნალექის გამო მუდმივად ნოტიო და მწვანე გარემოა.

პარკი 2006 წელს დაარსდა და კოლხური ტყეების უნიკალური ეკოსისტემის დაცვას ემსახურება. მისი ტერიტორია  ენდემური მცენარეებით, ჩანჩქერებითა და მდინარეებით გამოირჩევა.

ზაფხულში მტირალა განსაკუთრებით პოპულარულია – ბათუმთან ახლოს მდებარე ეს ადგილი ქალაქის სიცხისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა. აქ შეგიძლიათ გაიაროთ ტყის ბილიკები, ნახოთ ჩანჩქერი, ტბა და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით.

კოლხეთის ეროვნული პარკი

პარკი 1998 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი კოლხეთის დაბლობის უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვა გახდა.

მთავარი სიმდიდრე მისი მრავალფეროვანი ბუნებაა. აქ ერთმანეთს ხვდება ზღვა, ტბა, მდინარე და ტყე — გარემო, რომელიც სხვა დაცული ტერიტორიებისგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.

ვაშლოვანის ეროვნული პარკი

თუ ქვეყნის უმეტეს ნაწილში მთებსა და ტყეებს ვხვდებით, აქ სრულიად განსხვავებული ლანდშაფტი დაგხვდებათ — ნახევარუდაბნოები, ფერადი კლდეები და ვრცელი ველები.

ეროვნული პარკი 2003 წელს შეიქმნა და კახეთის უნიკალურ ბუნებრივ გარემოს იცავს.

ვაშლოვანი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ფოტოგრაფია და თავგადასავლები უყვარს. აქ შეგიძლიათ ნახოთ დათვის ხეობა, მიჯნის ყურე, ალაზნის ველი და იშვიათი ცხოველები.

მარტვილის კანიონი

სამეგრელოში მდებარე მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა საქართველოში.

კანიონი მილიონობით წლის განმავლობაში მდინარე აბაშას მიერ კლდეების გამორეცხვის შედეგად ჩამოყალიბდა. ისტორიულად ეს ტერიტორია დადიანების საგვარეულოსთანაც არის დაკავშირებული — გადმოცემით, აქ დადიანების საზაფხულო დასასვენებელი ადგილი იყო.

დღეს ვიზიტორებს შეუძლიათ ნავით გაისეირნონ კანიონში, ნახონ ჩანჩქერები და ულამაზესი გარემო.

ოკაცეს კანიონი


იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიმდებარედ მდებარეობს ოკაცეს კანიონი.

მდინარე ოკაცეს სიგრძე 14 კილომეტრია, თავად კანიონის სიგრძე კი დაახლოებით 2 კილომეტრს შეადგენს. მისი სიღრმე ზოგიერთ მონაკვეთში 100 მეტრს აღწევს, სიგანე კი სხვადასხვა ადგილას 3-დან 20 მეტრამდე მერყეობს. მილიონობით წლის განმავლობაში წყლისა და ქანების ურთიერთქმედებამ აქ უნიკალური რელიეფი შექმნა — ვიწრო ხეობები, კირქვული კლდეები, ბუნებრივი ქვახიდები და მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები გამოედინება.

კანიონის განსაკუთრებულ ხიბლს მისი ჩანჩქერები და ტბებიც მატებს. აქ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი — ოკაცეს, იგივე კინჩხის ჩანჩქერი, რომელიც მნახველებს თავისი მასშტაბითა და სილამაზით იზიდავს. კანიონში ასევე გვხვდება ბუნებრივი ტბები, მათ შორის ოსხაპოს ტბა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ძველი შენობების ახალი სიცოცხლე – თბილისის ისტორიული სივრცეები, რომლებმაც ახალი დანიშნულება შეიძინეს

#OK! ყველაზე პოპულარული სამოყვარულო აქტივობები საქართველოში