საქართველოს ისტორია მხოლოდ ბრძოლებით, დამპყრობლებთან დაპირისპირებითა და პოლიტიკური ინტრიგებით არ შემოიფარგლება. ამ დიდი და დრამატული მოვლენების მიღმა არსებობს კიდევ ერთი, ხშირად მივიწყებული ფენა — ადამიანური ისტორიები, განსაკუთრებით იმ ქალების ბედი, რომელთა სიცოცხლე ხშირად რელიგიას, პოლიტიკას ან პირად ისტორიას შეეწირა.
თამუნია შარვაშიძე
თამუნია შარვაშიძე აფხაზთა მთავრის, სეტემან შარვაშიძის, ასული და სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის, პირველი ცოლი იყო.
„ქალს ბუნებით ლამაზსა და სავსეს ყოველი სათნოებით“ – ასე აღწერენ მას ისტორიულ წყაროებში.
მათი ქორწინება მხოლოდ პირადი კავშირი არ ყოფილა — ის პოლიტიკურ შეთანხმებასაც წარმოადგენდა, რომელიც აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის მშვიდობის განმტკიცებას ემსახურებოდა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლევან დადიანს ძალიან შეუყვარდა თავისი აღმზრდელი ბიძის, გიორგი ლიპარტიანის, ახალგაზრდა მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძე. სასახლეში მათი ურთიერთობის შესახებ მალევე ყველამ შეიტყო.
საყვარელ ქალზე დაქორწინების მიზნით, დადიანმა მეუღლის მოშორება გადაწყვიტა და მას ღალატი დააბრალა. სასჯელი კი სასტიკი აღმოჩნდა: თამუნიას ცხვირი მოაჭრეს, დამცირებული ცხენზე უკუღმა შესვეს და აფხაზეთში, მამასთან გააბრუნეს.
ამის შემდეგ, დადიანი პირდაპირ მიადგა გიორგი ლიპარტიანის სახლს და ნესტან-დარეჯანი წაიყვანა.
ტრაგედია ამით არ დასრულებულა, მალევე მოულოდნელად გარდაიცვალნენ ლევან II დადიანისა და თამუნია შარვაშიძის ვაჟები. ხალხი ამბობდა, რომ ისინი დედინაცვალმა მოწამლა. მთავარმა ისინი დადიანთა საგვარეულო საძვალეშიც კი არ დააკრძალვინა.
ლევანსა და ნესტან-დარეჯანს მოგვიანებით ოთხი შვილი შეეძინათ, თუმცა არც მათი ცხოვრება აღმოჩნდა ხანგრძლივი. ოთხივე ბავშვი ფიზიკურად სუსტი იყო და ყველა მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა.
გვანცა დედოფალი
გვანცა დედოფალი XIII საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ტრაგიკული ფიგურაა, რომლის ბედი პირდაპირ უკავშირდება მონღოლთა ბატონობის მძიმე ეპოქას. იგი საქართველოს მეფის, დავით VII ულუს მეუღლე და დემეტრე II თავდადებულის დედა იყო.
1260–61 წლებში, როდესაც დავით VII ულუ მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების გზას ადგა, გვანცა დედოფალი მცირეწლოვან ვაჟთან, დემეტრესთან ერთად ბიჯნისს აფარებდა თავს. მიუხედავად მცდელობისა, მონღოლებმა საქართველოს დედოფალი და უფლისწული დაიჭირეს.
მონღოლეთში ტყვეობა გვანცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით იგი ზღვაში დაახრჩვეს. ამ საქმის მთავარ დამნაშავედ დედოფლის ქალიშვილს, ხუაშაგიას ასახელებენ, რომელიც გვანცას პირველი ქმრის, ავაგ ათაბაგისგან ჰყავდა.
ხუაშაგი მონღოლთა კარზე დაწინაურებული დიდმოხელის მეუღლე იყო და, სავარაუდოდ, დედაზე შურისძიება სურდა — ვერ აპატია მეორედ გათხოვება, რაც მისი მონღოლეთში გაგზავნის მიზეზი გახდა.
ქეთევან წამებული
საქართველოს ისტორიაში ძნელად მოიძებნება ქალი, რომლის ბედიც იმდენად ტრაგიკული და ამავდროულად გმირული იყო, როგორც ქეთევან დედოფლის. კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე და მეფე თეიმურაზ I-ის დედა, ქვეყნის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში აღმოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში.
ქეთევან დედოფალი წლების განმავლობაში ცდილობდა კახეთი ირანის გავლენისგან დაეცვა, თუმცა შაჰ-აბასის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. 1613 წელს, როდესაც ირანის მბრძანებელი დიდი ლაშქრით მოადგა საქართველოს საზღვრებს, ქეთევანი თავად შეხვდა მას და ქვეყნის აოხრებისგან გადარჩენა სცადა. უკან დაბრუნებულ დედოფალს სპარსელთა რაზმი დაეწია და ტყვედ წაიყვანა.
შირაზში ყოფნისას შაჰ-აბასმა იგი არჩევანის წინაშე დააყენა — მიეღო ისლამი და შაჰის მეუღლე გამხდარიყო, ან მომკვდარიყო. დედოფალმა ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
1624 წლის სექტემბერში ქეთევან დედოფალი სასტიკი წამებით მოკლეს.
“გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს”.
თამარ დედოფალი
თამარ დედოფალი XVI საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ტრაგიკული ფიგურაა. იგი ქართლის მეფის, დავით X-ის მეუღლე და მეფე ლუარსაბ I-ის დედა იყო.
1554 წელს, შაჰ თამაზ I-ის მორიგი ლაშქრობის დროს, ქართლი მძიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მტრის შემოსევისას თამარ დედოფალი ატენის ციხეს აფარებდა თავს, თუმცა ირანელებმა მისი დატყვევება შეძლეს და დედოფალი სხვა ტყვეებთან ერთად სპარსეთისკენ წაიყვანეს.
ლუარსაბ I დედის დასახსნელად მტერს დაედევნა, მაგრამ მისი გათავისუფლება ვერ შეძლო. დედოფალმა გააცნობიერა, რომ წინ დამცირება და ტყვეობა ელოდა.
გადმოცემის მიხედვით, ერევნის მახლობლად, გზაში, მან უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო — ტყვეობასა და სამარცხვინო სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინა და თავი მოიწამლა.

7 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·