22 ივლისს მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და ბიზნესვუმენი, სელენა გომესი, 34 წლის გახდა. ქალი, რომელმაც კარიერა საბავშვო ტელეშოუდან დაიწყო, დღეს მუსიკის, კინოსა და სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახეა.

სელენა მარი გომესი 1993 წლის 22 ივლისს ტეხასის შტატის ქალაქ გრანდ-პრერიში დაიბადა. სახელი ლეგენდარული მექსიკელ-ამერიკელი მომღერლის, სელენას, პატივსაცემად დაარქვეს.
მომავალი ვარსკვლავი ძირითადად დედამ, მენდი ტიფიმ, გაზარდა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. მოგვიანებით სელენა არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ დედა ხშირად გადასახადების გადახდასაც კი ვერ ახერხებდა.
სელენას კარიერა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. პირველად ეკრანზე საბავშვო პროექტში Barney & Friends გამოჩნდა, სადაც მისი პარტნიორი მომავალში კიდევ ერთი მეგავარსკვლავი, დემი ლოვატო იყო.

ნამდვილი პოპულარობა კი Disney Channel-ის სერიალმა Wizards of Waverly Place-მა მოუტანა. ალექს რუსოს როლმა იგი თინეიჯერების კერპად და დისნეის ყველაზე წარმატებულ ვარსკვლავად აქცია.
მალევე დაიწყო მუსიკალური კარიერაც. ჯგუფთან Selena Gomez & the Scene ერთად გამოშვებულმა ჰიტებმა — Naturally, Love You Like a Love Song, Who Says — საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. ამას მოჰყვა სოლო კარიერაც: ალბომებმა Revival და Rare კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სელენა მხოლოდ დისნეის ვარსკვლავი აღარ იყო.

2020 წელს კოსმეტიკური ბრენდი Rare Beauty დააარსა, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სილამაზის ბრენდად ითვლება. მთავარი იდეა მხოლოდ მაკიაჟი არ არის — Rare Beauty მნიშვნელოვან ყურადღებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასაც უთმობს.
“არ მინდა, Rare Beauty ადამიანებს აგრძნობინებდეს, რომ ვიღაც სხვას უნდა ჰგავდნენ. მინდა, საკუთარი თავი შეიყვარონ ისეთი, როგორებიც არიან. სრულყოფილება არ არსებობს. სილამაზე ნიშნავს, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.“
ბრძოლა მძიმე დაავადებასთან

2015 წელს სელენამ გაამხილა, რომ აუტოიმუნური დაავადება – ლუპუსი – დაუდგინდა. რამდენიმე წლის შემდეგ დაავადების გართულების გამო თირკმლის გადანერგვა დასჭირდა.
თირკმელი მას ბავშვობის მეგობარმა და მსახიობმა ფრანსია რაისამ აჩუქა. ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ ემოციურად მიიღო. მოგვიანებით ვარსკვლავმა ღიად ისაუბრა შფოთვაზე, დეპრესიასა და ბიპოლარულ აშლილობაზეც.
„იმედი მაქვს, ჩემი ისტორიის გაზიარებით ვინმეს დავეხმარები. უბრალოდ მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან,“ — ამბობდა მომღერალი.
პირადი ცხოვრება

სელენა გომესისა და ჯასტინ ბიბერის ურთიერთობა 2010-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სიყვარულის ისტორია გახდა.
ახალგაზრდები თითქმის რვა წლის განმავლობაში პერიოდულად შორდებოდნენ და ისევ რიგდებოდნენ, რის გამოც მათი რომანი მუდმივად მედიისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში იყო.

2018 წელს წყვილის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბოლდუინზე იქორწინა, ხოლო სელენამ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობაზე, კარიერასა და პირად განვითარებაზე გადაიტანა.
ყველაფერი 2023 წელს შეიცვალა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის მუსიკალურ პროდიუსერს, ბენი ბლანკოს ხვდებოდა.
სელენა და ბენი ერთმანეთს წლების განმავლობაში პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იცნობდნენ. ერთად არაერთ მუსიკალურ პროექტზე უმუშავიათ, თუმცა მეგობრობა მოგვიანებით სიყვარულში გადაიზარდა.
სელენა არ მალავდა, რომ ბენისთან სრულიად განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, პირველად იგრძნო, რას ნიშნავს, როცა პარტნიორი პატივს გცემს, გისმენს და თავს დაცულად გაგრძნობინებს.
„ასე არასდროს არავის ვყვარებივარ” – ამბობდა მომღერალი.
2025 წლის სექტემბერში, სელენა გომესი და ბენი ბლანკო ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დაქორწინდნენ.
ქორწილის შემდეგ სელენამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეს ცხოვრების ყველაზე მშვიდ და ბედნიერ ეტაპზეა.

1 day ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·