ქალის თავის მოვლის კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად ესმით. ეს კარგად ჩანს სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და იტალიაში — ოთხ ქვეყანაში, სადაც სილამაზის ჩვევები არა მხოლოდ პროდუქტებს, არამედ ცხოვრების წესს უკავშირდება.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში თავის მოვლა ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ კანის მოვლა არ ითვლება დამატებით პროცედურად — ეს არის რუტინა, რომელსაც გოგონები ბავშვობიდან ეჩვევიან.
კორეული მიდგომის მთავარი იდეა არის პრევენცია: ამიტომაც კანის მოვლა ხშირად რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში ხდება მაკიაჟის ან ჭუჭყის საფუძვლიანი მოშორება, შემდეგ — კანის დატენიანება და კვება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მზისგან დაცვას, რადგან კორეაში მიიჩნევენ, რომ მზე კანის დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
კორეული კოსმეტიკა ცნობილია ბუნებრივი ინგრედიენტებით: ბრინჯის ექსტრაქტი, მწვანე ჩაი, ჟენშენი, ალოე და ლოკოკინის ექსტრაქტიც კი. კანი უნდა იყოს არა უბრალოდ „ლამაზი“, არამედ ჯანსაღი, ნათელი და ერთგვაროვანი.
კვებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფერმენტირებული საკვები, განსაკუთრებით კიმჩი, ჯანმრთელი კანის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. ზოგადად, კორეული დიეტა დაბალანსებულია და ხშირად შეიცავს ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებს.
იაპონია
იაპონური თავის მოვლა ეფუძნება იდეას: „ნაკლები, მაგრამ უკეთესი“. აქ არ გვხვდება გადატვირთული რუტინები და ბევრი პროდუქტი — მთავარი არის ხარისხი და თანმიმდევრობა.
ძალიან პოპულარულია ე.წ. ორმაგი წმენდა: ჯერ ზეთოვანი საშუალება, შემდეგ მსუბუქი გამწმენდი. ამის შემდეგ გამოიყენება მარტივი, მაგრამ ეფექტური დამატენიანებელი საშუალებები.
ისტორიულ იაპონიაში თავის მოვლა ძალიან ბუნებრივ და მარტივ მეთოდებზე იყო დაფუძნებული. ედოს პერიოდში (დაახლოებით 17–19 საუკუნეები) სილამაზის იდეალი იყო ძალიან ღია, სუფთა და ერთგვაროვანი კანი.
ქალები კანის გასათეთრებლად ბრინჯის ფხვნილს იყენებდნენ. დღეს ეს პრაქტიკა ნაწილობრივ შემორჩენილია და თანამედროვე იაპონურ კოსმეტიკაშიც ხშირად გვხვდება.
თმის მოვლა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა — თმის გასაპრიალებლად და დასაცავად ბუნებრივი ზეთები გამოიყენებოდა. სხეულის სისუფთავე კი არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ სულიერ ღირებულებადაც ითვლებოდა. აბაზანები, მცენარეული ნაყენები და ბუნებრივი ინგრედიენტები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრი ეს ტრადიციული მიდგომა დღემდე შენარჩუნებულია. თანამედროვე იაპონიაში, მიუხედავად კოსმეტიკური ტექნოლოგიების განვითარებისა, კვლავ დიდ ყურადღებას აქცევენ ბუნებრივ ინგრედიენტებს,
საფრანგეთი
საფრანგეთში თავის მოვლა ყოველთვის ერთ მთავარ იდეას ეყრდნობოდა: კანი უნდა იყოს ჯანსაღი, ბუნებრივი და „ცოცხალი“.
ისტორიულად, განსაკუთრებით მე-18–19 საუკუნეებში, საფრანგეთში სილამაზე უფრო სტატუსის და ესთეტიკის ნაწილი იყო, ვიდრე ყოველდღიური „რუტინის“. იმ პერიოდში ქალები პუდრებს, მსუბუქ კრემებსა და სუნამოებს იყენებდნენ.
იდეალად ითვლებოდა ძალიან ფერმკრთალი, სუფთა კანი — რაც ხშირად სოციალური სტატუსის ნიშანიც კი იყო. ამიტომ იყენებდნენ გათეთრების ეფექტის მქონე ფხვნილებსა და მსუბუქ მაკიაჟს. თუმცა კანის „დატვირთვა“ არასდროს იყო მიზანი — პირიქით, ზედმეტი მაკიაჟი ნაკლებად მისაღებად ითვლებოდა.
საფრანგეთში ასევე ძალიან ადრე განვითარდა პარფიუმერიის კულტურა. სუნამო არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჰიგიენის ნაწილადაც ითვლებოდა, განსაკუთრებით იმ ეპოქებში, როცა აბაზანის ყოველდღიურად მიღება ხშირი არ იყო.
თანამედროვე საფრანგეთში კანის მოვლა ისევ იმავე პრინციპზე დგას: ნაკლები პროდუქტი, მეტი ეფექტი.
ძალიან გავრცელებულია აფთიაქის კოსმეტიკა – ასეთი პროდუქტები ხშირად მარტივ ფორმულებზეა აგებული — დამატენიანებლები, დამამშვიდებელი კრემები და მზისგან დამცავი საშუალებები.
მაკიაჟიც მაქსიმალურად მსუბუქია — ტონალური კრემი BB კრემითაა ჩანაცვლებული.
იტალია
იტალიაში სილამაზე ყოველთვის უფრო ცხოვრების სტილთან იყო დაკავშირებული, ვიდრე მკაცრ წესებთან. აქ ქალის გარეგნობა განიხილება როგორც მისი ხასიათის, ემოციისა და თვითდაჯერებულობის გაგრძელება. ამიტომ თავის მოვლაც არასდროს ყოფილა ზედმეტად რთული ან გადატვირთული.
ისტორიულ იტალიაში ქალების თავის მოვლა ძირითადად ბუნებრივ ინგრედიენტებზე იყო დაფუძნებული. ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი ზეითუნის ზეთი იყო, რომელიც თითქმის უნივერსალურ საშუალებად ითვლებოდა. მას კანის დასატენიანებლად და თმის გასამკვრივებლად იყენებდნენ.
უპირატესობას ანიჭებდნენ მცენარეულ აბაზანებს, ყვავილების ექსტრაქტებსა და ბუნებრივ ნაყენებს.
დღეს, იტალიელი ქალები არ არიან დამოკიდებული მრავალსაფეხურიან skincare სისტემებზე — ყოველდღიურად რამდენიმე ეფექტურ პროდუქტს მოიხმარენ.
ძალიან მნიშვნელოვანია მზისგან დაცვა, რადგან იტალიის მზიანი კლიმატი პირდაპირ გავლენას ახდენს კანზე. SPF კრემები ყოველდღიური რუტინის ნაწილია, განსაკუთრებით ზაფხულში.
მაკიაჟი ხშირად მსუბუქია, მაგრამ გამოხატული — აქ მთავარი არ არის „დამალვა“, არამედ ხაზგასმა. იდეა ასეთია: ქალი უნდა გამოიყურებოდეს ცოცხლად, ენერგიულად და ბუნებრივად, თითქოს სილამაზე მისი ყოველდღიური მდგომარეობაა და არა ძალისხმევის შედეგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! კორეული კოსმეტიკის ბუმი საქართველოში – რატომ გახდა K-beauty თავის მოვლის ახალი სტანდარტი
#OK! გაღიავებული წარბები – ტრენდი, რომელიც სოციალურ ქსელებში კვლავ აქტუალურია

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·