ზოგისთვის ხელოვნება პროფესიაა, ზოგისთვის – საკუთარი თავის გამოხატვის გზა. სოფიო მაისურაძისთვის კი ის ცხოვრების ნაწილია, რომელიც ბავშვობიდან, ხელოვანებით სავსე გარემოში დაიწყო და დღეს ლოს–ანჯელესის შემოქმედებით სივრცეებში გრძელდება. ფოტოგრაფიიდან mixed media ხელოვნებამდე მისულმა არტისტმა საკუთარი ხედვა სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერწყმით ჩამოაყალიბა, სადაც თითოეული ნამუშევარი კონკრეტულ ისტორიას, ემოციასა და გამოცდილებას ატარებს. დღეს სოფიო საერთაშორისო კონკურსის ერთ–ერთი მონაწილეა და აუდიტორიის მხარდაჭერით მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. OK!-თან ინტერვიუში ის საკუთარი შემოქმედებითი გზის, შთაგონების წყაროებისა და მომავლის გეგმების შესახებ გვესაუბრება.
სოფიო, მოგვიყევით თქვენი პროფესიული გზის შესახებ – როდის აღმოაჩინეთ ხელოვნებისადმი ინტერესი და რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ mixed media გამხდარიყო თქვენი შემოქმედების მთავარი მიმართულება?
ხელოვნებისადმი ინტერესი ძალიან ადრეული ასაკიდან გამიჩნდა. ხელოვანების გარემოცვაში გავიზარდე . ბიძაჩემი კოტე მაისურაძე არაჩვეულებრივი მოქანდაკეა, ბაბუაჩემი გიორგი მაისურაძე მოქანდაკე იყო დეიდა ირინა მაისურაძე კი გამორჩეული მხატვარი, რომელმაც ადრე დაგვტოვა. ამიტომ ხელოვნება ყოველთვის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი მათ შემოქმედებით პროცესს, რაც ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა და შთაგონების წყაროდ იქცა.
წლების განმავლობაში ძირითადად ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული. ფოტოგრაფია ჩემთვის მნიშვნელოვანი საშუალება იყო ისტორიების, ემოციებისა და მომენტების გადასაცემად. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ახალი მედიუმები და გამოხატვის ფორმები გამომეცადა. სწორედ ამიტომ, გასულ წელს გადავწყვიტე ექსპერიმენტები დამეწყო სხვადასხვა მასალასა და ტექნიკასთან.
ამ ძიების პროცესში შევიყვარე შერეული ტექნიკა, რადგან ეს მიმართულება მაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა მასალა, ტექსტურა და ტექნიკა ერთ ნამუშევარში გავაერთიანო. ჩემთვის ეს არის ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი გზა იდეების, ემოციებისა და ისტორიების გადმოსაცემად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით შედარებით ცოტა ხანია ვმუშაობ, მან საშუალება მომცა, ჩემი ფოტოგრაფიული გამოცდილება ახალი ფორმით გადმომეტანა და შემოქმედებითი საზღვრები კიდევ უფრო გამეფართოებინა.

როგორ აფასებენ ამერიკაში თანამედროვე ხელოვნებას და რამდენად დიდია საზოგადოების ინტერესი ამ სფეროს მიმართ?
მე ლოს–ანჯელესში ვცხოვრობ და აქ ძალიან კარგად ჩანს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას. ლოს–ანჯელესი მხოლოდ ჰოლივუდისა და კინოინდუსტრიის ცენტრი არ არის ის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და შემოქმედებითი ქალაქია ამერიკაში.
ქალაქს მდიდარი და მრავალფეროვანი არტ–სცენა აქვს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა კულტურისა და ხელოვანის გავლენით ჩამოყალიბდა. აქ ხელოვნება ყველგანაა მუზეუმებში, გალერეებში, საჯარო სივრცეებსა და ქუჩის ხელოვნებაშიც.
ყოველდღიურად ვხედავ, რამდენი ადამიანია ჩართული შემოქმედებით სფეროებში კინოში, სამსსხიობო ინდუსტრიაში, მუსიკაში, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში, ფოტოგრაფიასა და მრავალ თანამედროვე ხელოვნებაში. ჰოლივუდმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ლოს–ანჯელესი მსოფლიო შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ–ერთ ცენტრად ქცეულიყო.
სწორედ ამიტომ, საზოგადოების ინტერესი თანამედროვე ხელოვნების მიმართ აქ ძალიან დიდია. ადამიანები ღია არიან ახალი იდეებისა და ექსპერიმენტების მიმართ, რაც ხელოვანებისთვის ძალიან შთამაგონებელ გარემოს ქმნის.

მოგვიყევით თქვენი გამოფენების შესახებ
ჩემი პირველი გამოფენა დაახლოებით ერთი წლის წინ გაიმართა ლოს–ანჯელესში კორეათაუნში მდებარე გალერეაში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური გამოცდილება იყო, რადგან პირველად მქონდა შესაძლებლობა ჩემი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო.
გამოფენას ასობით ადამიანი ესტუმრა და ძალიან გამახარა იმ მხარდაჭერამ, რომელიც საზოგადოებისგან მივიღე. ბევრი დაინტერესებული ადამიანი გავიცანი, ვისაუბრეთ ჩემს შემოქმედებით პროცესსა და ნამუშევრების იდეებზე. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ რამდენიმე ვიზიტორს ჩემი ნამუშევრები იმდენად მოეწონა, რომ მათი საკუთარ სახლში წაღება და კოლექციაში დამატება მოისურვა.
ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ხელოვნება ადამიანებთან კავშირის დამყარების ძლიერი საშუალებაა და დიდი მოტივაცია მომცა, შემოქმედებითი გზა აქტიურად გამეგრძელებინა.

როგორ გაიგეთ ამ კონკურსის შესახებ და რამ გადაგაწყვეტინათ მასში მონაწილეობა?
ამ კონკურსის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომელიც თავადაც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს და ყოველთვის მხარში მიდგას ჩემს შემოქმედებით გზაზე. მან ჩათვალა, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჩემი ნამუშევრების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.
როგორი იყო შერჩევის პროცესი და რას ნიშნავს თქვენთვის ამ ეტაპამდე მისვლა?
შერჩევის პროცესი ჩემი ნამუშევრების გაგზავნით დაიწყო. რამდენიმე დღეში მივიღე დასტური, რომ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა, რაც ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი მომენტი იყო.
თუმცა, ამ პროცესში ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რამდენად დიდი მხარდაჭერა და სიყვარული მივიღე ადამიანებისგან. არ ველოდი ამდენ თბილ სიტყვას, გამხნევებასა და გულშემატკივრობას. განსაკუთრებით ემოციური იყო იმის დანახვა, რომ ამხელა ხანგრძლივობის კონკურსში აუდიტორიის მხარდაჭერის წყალობით თითქმის ლიდერ პოზიციაზე აღმოვჩნდი.
ადამიანებთან კავშირი, ნდობა და სიყვარული, რომელიც მათ ჩემი შემოქმედების მიმართ გამოხატეს, სიტყვებით რთულია გადმოვცე ეს მადლიერება რასაც დღეს ვგრძნობ. თითოეული მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და სწორედ ეს მაძლევს ძალას, რომ შემოქმედებითი გზა კიდევ უფრო დიდი მონდომებით გავაგრძელო.

გამარჯვების შემთხვევაში რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?
ხელოვნების შექმნასთან ერთად, შუა საუკუნეების მოდერნ (MCM) ავეჯის განახლებითა და გადაკეთებით ვარ გატაცებული. დიდი სურვილი მაქვს, ეს გატაცება უფრო პროფესიონალურ დონეზე ავიყვანო და მომავალში საკუთარი სტუდია გავხსნა, სადაც ჩემი დიზაინით შექმნილ ავეჯს დავამზადებ. შერჩევის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად მოტივაციის მომცემი გამოცდილება იყო. თითოეული ეტაპი მაძლევდა შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დამეფასებინა საკუთარი შემოქმედებითი გზა, გამეაზრებინა ჩემი მიზნები და უფრო მკაფიოდ დამენახა, თუ რა მიმართულებით მსურს განვითარება. ასევე, მომავალში მსურს თბილისში საკუთარი შოურუმის გახსნა, სადაც ჩემს ნამუშევრებსა და დიზაინით შექმნილ ავეჯს ფართო აუდიტორიას წარვუდგენ.
ამ ეტაპამდე მისვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი შემოქმედებითი ხედვა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიარო. განსაკუთრებით შთამაგონებელია ის ფაქტი, რომ ლოს–ანჯელესი ავეჯის დიზაინისა და ვინტაჟური ავეჯის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება, სადაც ძლიერი დიზაინერული კულტურა და შემოქმედებითი გარემოა. მომავალში ასევე მსურს გამოფენის მოწყობა, სადაც ჩემს ახალ ნამუშევრებს წარვადგენ და ავეჯს, როგორც ხელოვნების ფორმას, ჩემს პრაქტიკაში უფრო აქტიურად დავამატებ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ ფორმებსა და მიმართულებებს, რომლებშიც ვმუშაობ და მომცემს საშუალებას, ჩემი იდეები ახალი ფორმებით გამოვხატო.


ტექსტი: მარიამ შულაია

1 week ago
26







English (US) ·
Georgian (GE) ·