სპორტული მოვლენები წამებში იწერება, სპორტული ფოტოგრაფები კი ამ წამებს აჩერებენ და გამარჯვების ემოციას, მარცხის ტკივილს თუ სპორტსმენების დაუვიწყარ ემოციას ერთ კადრად ინახავენ. სპორტული ფოტოგრაფია დიდი ემოციების, მუდმივი კონცენტრაციისა და გადამწყვეტი წამის დაჭერის ხელოვნებაა. OK! წარმოგიდგენთ სპორტის ფოტოგრაფებს, რომლებიც თანამედროვე სპორტის ვიზუალურ ისტორიას ქმნიან და თანამედროვე მემატიანეები არიან. ისინი ეპოქალურ გამარჯვებებსა და დაუვიწყარ მომენტებს კამერის ლინზიდან აკვირდებიან და ზუსტად იციან, რა ფასი აქვს ისტორიის შენახვას.

თამუნა ყულუმბეგაშვილი: ჩემთვის სპორტული ფოტოგრაფია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ, პროფესია. მთელი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყოველთვის ვცდილობ, ეს საქმე გულით ვაკეთო. მიყვარს როგორც სპორტი, ისე ხელოვნება. ფოტოგრაფიაში სპორტული აზარტი მეხმარება, რომ განსაკუთრებული მომენტები დავიჭირო, ხოლო სპორტში ხელოვნება მეხმარება, დავინახო თითოეული სახეობის სილამაზე, სწორედ ამ ორი კომპონენტის ნაზავი ქმნის ჩემს შემოქმედებას.
დღევანდელ დღემდე დიდი გზა გამოვიარე და საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. ეს გზა მარტივი არ ყოფილა. ახლა, როდესაც ჩემი ახალგაზრდა კოლეგები ხედავენ, თუ რა დონის ტურნირებზე მიწევს მუშაობა, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ამის უკან 15-წლიანი შრომა და გამოცდილება დგას. არასდროს დავნებებულვარ, რადგან მინდოდა, ჩემს პროფესიაში საუკეთესო ვყოფილიყავი. იმედი მაქვს, როდესაც ადამიანები ჩემს ფოტოებს ხედავენ, გრძნობენ, თუ რამდენად მიყვარს ჩემი საქმე. მომავალშიც ვეცდები, ამ სიყვარულის წყალობით ყველა გამოწვევა და სირთულე გადავლახო.
ჩემი პროფესიის ყველაზე საინტერესო ნაწილი ის წუთებია, როდესაც დიდი მნიშვნელობის ღონისძიებებზე ყოფნისას ვიაზრებ, რამდენ ადამიანს სურდა ახლა ჩემს ადგილას ყოფნა. მართლაც საოცარ ადამიანებთან ერთად მიმუშავია სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მიმუშავია ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის ჩემპიონატებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ არ გავჩერდე. სპორტი მუდმივად ვითარდება და თუ ამ პროცესს ფეხს არ აუწყობ, ვეღარ განვითარდები, რაც საბოლოოდ შენს ნამუშევრებზეც აისახება.
პირველ რიგში გამოვყოფ რაგბის მსოფლიო თასს 2011 წელს. ეს ჩემთვის პირველი დიდი სპორტული ღონისძიება იყო. თანაც, საქართველოდან ერთადერთი ფოტოგრაფი ვიყავი. ეროვნულ ნაკრებთან ვმუშაობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. შიგნიდან დავინახე ეროვნული ნაკრების ერთობა და ის ემოციები, რომლებიც გუნდში სუფევდა. რადგან ეს პირველი ასეთი მასშტაბის გამოცდილება იყო, დღემდე განსაკუთრებულად მახსოვს. ბავშვურად მიხაროდა ყოველდღე გადაღებაზე წასვლა და ახლის სწავლა.
მეორე ღონისძიება, რომელსაც გამოვყოფ, არის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში. საქართველოდან მხოლოდ მე და ჩემი კოლეგა, ლაშა კუპრაშვილი ვიყავით. პასუხისმგებლობას გაათმაგებულად ვგრძნობდი, რადგან განსაკუთრებული მომენტები უნდა დაგვეფიქსირებინა და ისტორიისთვის შეგვენახა.

ხატია ჯიჯეიშვილი: სპორტული ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. 20 წელია, რაც ფოტოგრაფია ჩემი პროფესია და შემოსავლის მთავარი წყაროა. აქედან, ბოლო 14 წელი სპორტული ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. სპორტულ სამყაროში გამორჩეული და სასახელო ქართველი სპორტული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის რჩევითა და დახმარებით აღმოვჩნდი, რისთვისაც მუდამ მისი მადლიერი ვიქნები. ბადრის შემოთავაზებამ თავდაპირველად დამაფიქრა – არ ვიცოდი რამდენად გამომივიდოდა ეს საქმე. „შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, სპორტშიც გამოგივა. მოდი სცადე…“ – ბადრის ამ სიტყვებმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა სპორტულ ფოტოგრაფიაში მეცადა ბედი. სპორტი და ფოტოგრაფია ჩემთვის არა მხოლოდ სამუშაო, არამედ უდიდესი სიამოვნებაცაა.
სპორტული ფოტოგრაფია საკმაოდ ძვირადღირებული პროფესიაა. სწორი ხედვის, გამოცდილებისა და გარკვეული იღბლის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიონალური ტექნიკა – შესაბამისი კამერა და ობიექტივები. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
სპორტულ ღონისძიებებზე მუშაობა მარტივი არასდროს ყოფილა. თავდაპირველად, ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. ვფიქრობ, ყველა სპორტული ფოტოგრაფის ოცნება ოლიმპიური თამაშების გაშუქებაა. სპორტის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე აკრედიტაციის მიღება საკმაოდ რთულია, რადგან ოლიმპიადაზე მომუშავე ფოტოგრაფების რაოდენობა მკაცრადაა შეზღუდული. მაგალითად, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან მხოლოდ ორი, ხოლო ზამთრის ოლიმპიადაზე სულაც ერთი ფოტოგრაფი დაიშვება. ჯამში სამ ოლიმპიადაზე (2022, 2026 – ზამთარი, 2024 – ზაფხული) მიმუშავია. ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მაინც პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იყო. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან პირველად მომეცა მსგავსი მასშტაბის ღონისძიების გაშუქების შესაძლებლობა. ასევე გამოვყოფდი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ, მთელი ქვეყანა ზეიმობდა ისტორიულ გამარჯვებას და მეც ამ ყველაფრის მონაწილე გახლდით. საქართველოში დაწყებული ზეიმი კი გერმანიაში გაგრძელდა. საქართველოს ნაკრების გამოსვლის გაშუქება სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამოვნება გახლდათ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნებაც ავიხდინე და ჩემ მიერ გადაღებულ მრავალ ფოტოს ეს ისტორიული კადრებიც შეემატა.

ქეთი გულისაშვილი: სპორტული ფოტოგრაფია ჩემთვის იმ მომენტების ეპიცენტრში ყოფნას ნიშნავს, რომლებიც ისტორიად იქცევა. იქნება ეს ეროვნული ნაკრების მატჩი, რაგბი, კალათბურთი, MMA თუ ნებისმიერი სხვა სპორტული მოვლენა. ეს პროფესია საშუალებას მაძლევს, ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენების პირველ ხაზზე ვიყო, რათა დავაფიქსირო კადრები, რომლებსაც მომავალში ადამიანები კვლავ და კვლავ დაუბრუნდებიან. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტების აღბეჭდვა და მათი ისტორიისთვის შენახვა.
ამ პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მხარე მუდმივი კონცენტრაციაა. მთელი ყურადღება მიმართულია იმაზე, რომ არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი კადრი, საჭიროების შემთხვევაში, ფოტო მყისიერად ატვირთო და გაგზავნო. ხშირად ისე ვიკარგები სამუშაო პროცესში, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც ვინმე მეკითხება, რა ხდებოდა თამაშზე, პასუხის გაცემა მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს მთელი შეხვედრის განმავლობაში კამერის ლინზიდან ვუყურებ. სწორედ ეს მუდმივი დაძაბულობა და ყურადღების მაქსიმალური მობილიზებაა ამ საქმის ყველაზე რთული და, ამავე დროს, ყველაზე საინტერესო მხარე.
წლების განმავლობაში გადაღებული თითქმის ყველა მატჩი და ყველა ბრძოლა მახსოვს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება პირველი MMA ბრძოლის გადაღება იყო. დარტყმები, სისხლი, ემოციები – ამ ყველაფრის ასე ახლოდან ხილვა ჩემთვის თავდაპირველად მძიმე სანახავი იყო. მითუმეტეს, როდესაც მუშაობ, თვალს ვერ აარიდებ, პირიქით, ყველაფერი უნდა დაინახო და გადაიღო, რადგან სწორედ შენი კადრები უნდა დარჩეს ისტორიას.
ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რონალდინიოს პორტრეტს. შეიძლება ფოტოგრაფიული თვალსაზრისით ის არაფრით გამორჩეული არ იყოს, მაგრამ ჩემთვის მთელი ისტორიაა. რონალდინიო ჩემი ბავშვობის კერპია, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე პირადად შევხვდებოდი და ფოტოს გადავუღებდი. საოცარი სიამაყე ვიგრძენი. საკუთარ თავს ვკითხე: „როდესმე წარმოიდგენდი, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ბავშვობაში აღფრთოვანებით უყურებდი, თვალებში შეხედავდი და მის ფოტოს გადაიღებდი?“ ეს ემოცია ჩემთვის დაუვიწყარია.
ტექსტი: თათია ხარაიშვილი, სოფიო მალანია

6 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·