სილაღე, გულწრფელობა, შრომისმოყვარეობა და სცენის სიყვარული – ქართული OK! გაგაცნობთ Gen Z თაობის წარმომადგენელს, მოცეკვავესა და მოდელს, მშვენიერ ელენე მახარაძეს. მიუხედავად მცირე ასაკისა, ის აქტიურად თანამშრომლობს დიზაინერებსა და ფოტოგრაფებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. ელენეს კარგად ესმის, რას ნიშნავს მიზნისკენ სვლა, დისციპლინა და საკუთარი თავის რწმენა.

ელენე, რა ასაკიდან დაიწყე ცეკვა და რას ნიშნავს ცეკვა შენთვის?
ცეკვა 5 წლიდან დავიწყე. თავიდან უბრალოდ ძალიან მიყვარდა მუსიკა და მოძრაობა, მაგრამ დროთა განმავლობაში ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ვცეკვავ სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ხორუმში“.
ყველაზე დიდ თავისუფლებასა და ბედნიერებას სწორედ ცეკვის დროს ვგრძნობ. განსაკუთრებით მიყვარს განცდა, როცა მაყურებლისგან სიყვარულსა და სითბოს ვიღებ.
როგორ დაიწყო შენი გზა მოდის სამყაროში?
მოდის სამყაროსთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო, ყოველთვის ძალიან მიყვარდა გაპრანჭვა – სარკის წინ პოზიორობა დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით.
პირველად მოდის ჩვენებისთვის ჩემმა სკოლელმა, თემუკა დიასამიძემ შემარჩია. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო, რომელმაც კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი მოდის სამყაროს მიმართ.
კამერის წინ უფრო თავისუფლად გრძნობ თავს თუ სცენაზე?
სცენაზე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან იქ ცეკვითა და ემოციებით გამოვხატავ საკუთარ თავს. მაყურებლის ენერგია და სცენის ატმოსფერო განსაკუთრებულ განცდას მაძლევს. თუმცა კამერის წინ ყოფნაც საინტერესო გამოცდილებაა – ის უფრო მეტად თავდაჯერებულობას და დეტალებზე ყურადღებას მასწავლის.

ამ ასაკში რამდენად რთულია დისციპლინის შენარჩუნება?
ჩემთვის დისციპლინა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ შრომა და მონდომება მაძლევს შესაძლებლობას, განვვითარდე და მივაღწიო წარმატებას.
შენ ჯენზი თაობის წარმომადგენელი ხარ… როგორ გგონია, რით განსხვავდება შენი თაობა წინა თაობებისგან?
ვფიქრობ, ჩვენი თაობა უფრო თავისუფალი და გახსნილია. ჩვენ არ გვეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, განსხვავებულობის და ახალი შესაძლებლობების ძიების. ტექნოლოგიებთან ერთად გავიზარდეთ, ამიტომ ინფორმაციას და ახალ ტრენდებსაც უფრო სწრაფად ვითვისებთ. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენს თაობას უფრო დიდი პასუხისმგებლობაც აქვს, რადგან ძალიან სწრაფ და კონკურენტულ გარემოში გვიწევს ცხოვრება.

ვინ ან რა გაძლევთ ყველაზე დიდ შთაგონებას?
ყველაზე დიდ შთაგონებას დედა მაძლევს. მისი შრომისმოყვარეობა, სიძლიერე და მხარდაჭერა ჩემთვის დიდი მაგალითია. ის მასწავლის, რომ მიზნის მისაღწევად არასდროს უნდა დავნებდე და საკუთარი თავის ყოველთვის უნდა მჯეროდეს. მისი გვერდში დგომა და რჩევები ყოველდღიურად უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.
რისი კეთება გიყვარს თავისუფალ დროს?
თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ხატვა და ფილმების ყურება მიყვარს. ხატვა ჩემთვის საკუთარი ემოციებისა და ფანტაზიის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ფილმები კი შთაგონებას და ახალ იდეებს მაძლევს.

რა არის შენი პროფესიული მიზნები და ოცნებები?
ჩემი პროფესიული მიზანია წინსვლა ჩემს სფეროებში, მუდმივი განვითარება და ახალი გამოცდილებების მიღება. ჩემს ოცნებას კი ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.
სამომავლო გეგმები…
სამომავლოდ მინდა განათლება მივიღო ჩემთვის საინტერესო სფეროში, განსაკუთრებით ენებისა და კომუნიკაციის მიმართულებით. ძალიან მიყვარს უცხო ენები და მომავალში ჩინური ენის შესწავლას ვგეგმავ. ასევე მსურს პროფესიულად განვვითარდე, მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.
წარმატებები
მადლობა, თქვენც.

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: პირადი არქივი

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·