ტაილანდის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰა მაჰიდოლი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნის უფროსი ქალიშვილი სამი წელზე მეტი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის დეკემბერში გონება დაკარგა.
სამეფო სასახლის ინფორმაციით, პრინცესა 2025 წლის 11 ივნისს, ადგილობრივი დროით 19:48 საათზე, ბანგკოკის ჩულალონგკორნის საავადმყოფოში გარდაიცვალა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმები მის გადასარჩენად მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათანობით უარესდებოდა.

პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰა 2022 წლის დეკემბერში, ძაღლების ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ექიმების შეფასებით, ეს გულის რიტმის მძიმე დარღვევამ გამოიწვია, რომელიც გულის მიკოპლაზმურ ინფექციას უკავშირდებოდა. მას შემდეგ ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბაჯრაკიტიაბჰა ტაილანდის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და გავლენიან წევრად მიიჩნეოდა. მან სამართლის განათლება აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტში მიიღო და მოგვიანებით როგორც დიპლომატიურ, ისე იურიდიულ სფეროში საქმიანობდა. კარიერის დასაწყისში იგი ტაილანდის მისიაში მუშაობდა გაეროში, ნიუ-იორკში, შემდეგ კი ქვეყნის გენერალური პროკურატურის სისტემაში განაგრძო საქმიანობა.
2012-2014 წლებში პრინცესა ტაილანდის ელჩი იყო ავსტრიაში. ამ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისთან (UNODC) და განსაკუთრებულ ყურადღებას ქალ პატიმართა უფლებების დაცვასა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას უთმობდა.

მისი ინიციატივით განხორციელებულმა პროექტებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პრინცესა ასევე ხელმძღვანელობდა „Kamlangjai“ („შთაგონება“) კამპანიას, რომელიც ქალ პატიმრებს საზოგადოებაში დაბრუნებასა და რეაბილიტაციაში ეხმარებოდა.
2021 წელს მეფე ვაჯირალონგკორნმა ქალიშვილი საკუთარი დაცვის სამსახურის შტაბის უფროსად დანიშნა და გენერლის წოდება მიანიჭა. გარდა სახელმწიფო საქმიანობისა, ბაჯრაკიტიაბჰა სპორტის მოყვარული იყო და ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო მარათონებსა და გრძელ დისტანციებზე სირბილში.
პრინცესას შესაძლებლობები, პოპულარობა და მეფის განსაკუთრებული ნდობა მას ტაილანდის ტახტის სავარაუდო მემკვიდრედაც განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდურ ტრადიციაში უპირატესობა მამაკაც მემკვიდრეებს ენიჭებათ, კონსტიტუციის ცვლილება ქალის ტახტზე ასვლასაც შესაძლებელს ხდიდა. ბევრი ტაილანდელისთვის ბაჯრაკიტიაბჰა სამეფო ოჯახის ყველაზე პერსპექტიულ წარმომადგენლად მიიჩნეოდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ტაილანდის სამეფო მემკვიდრეობის საკითხი კვლავ ღიად რჩება. ამჟამად ტახტის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ პრინცესას უმცროსი ძმა, 21 წლის პრინცი დიპანკორნ რასმიჯოტი სახელდება.
პრინცესას გარდაცვალებას ტაილანდში დიდი მწუხარება მოჰყვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა მას „ტაილანდის სიამაყე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ერთგულება სამართლიანობის, თანასწორობისა და ჰუმანურობის მიმართ მომავალ თაობებსაც შთააგონებს.


9 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·