#OK! უხილავი ავტოპილოტი – ვინ მართავს შენს ცხოვრებას

2 hours ago 2

გქონია შეგრძნება, თითქოს ერთსა და იმავე წრეზე დადიხარ? იცვლი სამსახურს, სწავლობ და აგროვებ გამოცდილებას, იწყებ ახალ ურთიერთობას, მუშაობ საკუთარ თავზე, მაგრამ მაინც ერთ სცენარში ხარ. იცვლება პერსონაჟები, სიტუაციები, მაგრამ შინაარსი უცვლელია. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი გარემო კი არა, პროგრამები და რწმენა-წარმოდგენებია, რომელიც გვმართავს.

რა არის პროგრამა

პროგრამა არის ქცევის, რეაქციისა და აზროვნების ავტომატური მოდელი, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერში ჩაიწერა (ძირითადად, 0-დან 7 წლამდე) და ადამიანი კრიტიკული ფილტრის გარეშე ასრულებს. ტვინი ზოგავს ენერგიას, იმის ნაცვლად, რომ ყოველ ჯერზე ახლებულად იფიქროს, რთავს ავტოპილოტს.

მაგალითად, თუ ჩართული გაქვს პროგრამა – მე საკმარისი არ ვარ, მაშინ ნებისმიერ მოვლენას ამ ფილტრით აღიქვამ. რაც არ უნდა გააკეთო და რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, მაინც გექნება არასაკმარისობის განცდა.

თუ ბავშვობაში ხედავდი, რომ კონფლიქტის დროს ოჯახში ყველა ჩუმდებოდა და იბუტებოდა, იწერება პროგრამა – პრობლემის დროს უნდა გაჩუმდე და განმარტოვდე. უკვე ზრდასრულ ასაკში ამ ქცევას გამოიყენებ პარტნიორთან ურთიერთობაში.

თუ ჩართული გაქვს პროგრამა – სამყარო საშიშია, საფრთხის განცდა გექნება ყველგან.

ჩვენი პროგრამები განსაზღვრავს, რას ვხედავთ და რას ვერა, როგორ ვრეაგირებთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვის ვირჩევთ პარტნიორად, რამდენ ფულს გამოვიმუშავებთ, გვაქვს თუ არა თავდაჯერებულობა.

რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ… გაჩუმდი… არ უნდა შეგეშალოს… სირცხვილია… ხალხი რას იტყვის… ფული ხელის ჭუჭყია… ეგ რა ქალის საქმეა… უნდა მოითმინო… შენ ეგ არ გეკადრება… შენ არავინ გეკითხება… შენგან არაფერი გამოვა… უსასრულოდ შეიძლება ასეთი ფრაზების ჩამოთვლა. გვესმის, ვიმახსოვრებთ და მერე ვცხოვრობთ ამ პროგრამებით.

რწმენა-წარმოდგენები

რწმენა-წარმოდგენები არის შენი ეჭვგარეშე შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორაა სამყარო მოწყობილი, ვინ ხარ და რას იმსახურებ. ეს არის ლინზა, რომლითაც უყურებ რეალობას. თუ პროგრამა არის მოქმედება-რეაქცია, რწმენა-წარმოდგენა არის ფილოსოფია და საფუძველი, რომელსაც ეს პროგრამები ეყრდნობა. არსებობს მხარდამჭერი და შემზღუდველი წარმოდგენები.

შემზღუდავი რწმენა-წარმოდგენები ყალიბდება შენთვის ავტორიტეტული ადამიანის ან შენი ნეგატიური გამოცდილების საფუძველზე. თუ ერთხელ რაღაც არ გამომივიდა, ესე იგი, არ შემიძლია. მაგალითად, ფულის შოვნა მხოლოდ მძიმე შრომითაა შესაძლებელი – თუ ეს გჯერა, ტვინი დაბლოკავს ფულის შოვნის ყველა მარტივ და კრეატიულ შესაძლებლობას.

მოდი, რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პროგრამა და რწმენა-წარმოდგენა განვიხილოთ:

მე არ ვარ საკმარისად კარგი – მე არ ვიმსახურებ – ეს, ფაქტობრივად, ყველა შეზღუდვის ფუნდამენტია. ადამიანს ჰგონია, რომ არაა საკმარისად ჭკვიანი, ლამაზი, მცოდნე იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი და წარმატებული. ასეთ ადამიანს აწუხებს თვითმარქვიას სინდრომი, წარმატებას მიაწერს გამართლებას და მუდმივად ეშინია, რომ ნიღაბს ჩამოხსნიან. უარს ამბობს კარგ შემოთავაზებაზე – ფიქრობს, რომ ვერ გაქაჩავს. ის რჩება ტოქსიკურ ურთიერთობაში, რადგან ჰგონია, რომ უკეთესს მაინც ვერ იპოვის.

ყველას უნდა მოვეწონო – კარგი გოგოს (ბიჭის) სინდრომი – მსხვერპლის პროგრამა – საკუთარი თავის უარყოფა სხვებისგან სიყვარულის და აღიარების მოსაპოვებლად. მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, როცა ყველასთვის მოსახერხებელია. ასეთ ადამიანებს უჭირთ არას თქმა და საკუთარი საზღვრების დაცვა. მუდმივად დაღლილი და გადამწვარია, რადგან სხვების ნაცვლადაც მუშაობს. საკუთარი სურვილები და ემოციები ჩახშული აქვს, რაც ხშირად ფსიქოსომატურ დაავადებებში გადადის. ასეთი ადამიანი ხშირად ეუბნება საკუთარ თავს – თუ უარს ვიტყვი, აღარ ვეყვარები, მარტო დავრჩები, ჩემი სურვილები მეორეხარისხოვანია.

პერფექციონიზმი და შეცდომის დაშვების შიში – თუ იდეალურად არ გამოვა, ჯობია საერთოდ არ დავიწყო. შეცდომა აღიქმება არა როგორც გამოცდილება, არამედ კატასტროფა და პიროვნული კრახი. ამის გამო მუდმივად საქმის გადადებაში ხარ, თვეობით გაწელავ ახალი საქმის დაწყებას და თავს იმით იმართლებ, რომ ჯერ კიდევ დასახვეწია. ასეთი ადამიანები უსასრულოდ სწავლობენ და საქმეს არ აკეთებენ. ხშირად ეუბნებიან საკუთარ თავს – შეცდომის უფლება არ მაქვს, იდეალურად თუ არ გავაკეთებ, სასაცილო ვიქნები.

ცხოვრება ბრძოლაა, ყველაფერი რთულად მოდის – სიმძიმის პროგრამა – ეს ღრმად გამჯდარი კოლექტიური რწმენაა ( განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში), რომ წარმატება, ფული და აღიარება მხოლოდ ტანჯვით და მსხვერპლშეწირვით მიიღწევა. თუ საქმე მარტივად და სიამოვნებით კეთდება, ადამიანი მას არასერიოზულად მიიჩნევს და საკუთარ თავს საქმეს ურთულებს. დასვენების დროს დანაშაულის შეგრძნება ტანჯავს. ასეთი ადამიანი ხშირად ეუბნება საკუთარ თავს – უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, არაფერი მოდის მარტივად, ტანჯვის გარეშე ვერაფერს მიაღწევ.

სტაბილურობის ილუზია და ცვლილებების შიში – უსაფრთხოების ბლოკი – ეს არის რწმენა, რომ ნებისმიერი ცვლილება საფრთხის შემცველია. ცუდი ნაცნობი ვითარება ჯობია უცნობ ახალ შესაძლებლობას. ასეთი ადამიანები წლობით რჩებიან დაბალანაზღაურებად სამსახურში, სადაც საქმის კეთება არ სიამოვნებთ. ამ დროს მიმდინარეობს პიროვნული სტაგნაცია, არანაირ ახალ უნარს არ იძენს ადამიანი. ხშირად ეუბნებიან საკუთარ თავს – სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია, იქნებ უარესი მოხდეს, ჯობს ჩუმად ვიჯდე.

პროგრამების და შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენების შეცვლა შესაძლებელია. ტვინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს უნარს – ნეიროპლასტიკურობას. მხოლოდ პოზიტიური ფრაზების გამეორება საკმარისი არაა. უნდა გააცნობიერო, რომელი შემზღუდველი რწმენები გაქვს, გამოიკვლიო საიდან მოდის, რამდენად შეესაბამება დღეს რეალობას და შექმნა ახალი გამოცდილება, რომელიც ძველ პროგრამას აღარ გაამყარებს.

პროგრამებსა და შემზღუდავ რწმენა-წარმოდგენებთან ყველაზე ეფექტურად მუშაობს ნლპ – ნეიროლინგვისტური პროგრამირება.

ჩვენი სამყაროს აღქმა ზუსტად ისეთია, როგორი პროგრამებითაც ვუყურებთ მას. სანამ პროგრამა შეუმჩნეველია, ის მართავს ჩვენს არჩევანს, ურთიერთობებს, ფინანსებს, თვითშეფასებასა და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს.

ახლა უკვე იცი, რომ ცვლილებები შენს ხელშია.

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა