#OK! ქართველი TikTok-ერები: პოპულარობა, გავლენა და პასუხისმგებლობა

4 hours ago 6

TikTok კულტურა ბოლო რამდენიმე წელში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და გავლენიან ონლაინ სივრცედ ჩამოყალიბდა საქართველოში. პლატფორმამ ახალი თაობის ინფლუენსერებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ბევრად ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს კონტენტ კრეატორობა საქართველოში სულ უფრო ხშირად აღიქმება არა მხოლოდ როგორც ჰობი ან თვითგამოხატვის ფორმა, არამედ როგორც რეალური და მზარდად შემოსავლიანი პროფესია. სოციალური მედიის განვითარებამ შექმნა ახალი ეკონომიკური სივრცე, სადაც ინფლუენსერები უკვე პირდაპირ თანამშრომლობენ ბრენდებთან, მონაწილეობენ კამპანიებში და ქმნიან შემოსავლის წყაროებს.

ნათია მეზვრიშვილი, იგივე Naწka, ქართული TikTok-ის ერთ-ერთი გამორჩეული კონტენტ-კრეატორია, რომელიც „მიკრო-ლაიფსტაილსა“ და ყოველდღიურობის ესთეტიკაზე დაფუძნებულ კონტენტს ქმნის.

ნათია ოთხი წელია ამ სფეროში საქმიანობს. ამბობს, რომ მის შემთხვევაში პროფესია მხოლოდ პროგრესთან ასოცირდება.

„უკვე ოთხი წელია კონტენტ-კრეატორი ვარ და ამ პერიოდში ჩემი საქმიანობა მხოლოდ პროგრესს განიცდის. დროთა განმავლობაში უფრო მოთხოვნადი გავხდი როგორც აუდიტორიის, ისე დამკვეთების მხრიდან, ხოლო ჩემი კონტენტი გაცილებით მრავალფეროვანი გახდა“.

ნათიას კონტენტი არ არის ერთ კონკრეტულ ჟანრში ჩაკეტილი — სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის მის სტილს: ერთ დღეს შეიძლება იყოს მარტივი ყოველდღიური ვლოგი, მეორე დღეს კი ტრენდზე აწყობილი მოკლე ვიდეო.

მისი თქმით, პროფესიის სტაბილურობა მხოლოდ ბრენდებსა და დამკვეთებზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ფაქტორი თავად შემქმნელის შრომა, დისციპლინა და მუდმივი განვითარებაა.

„ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიის სტაბილურობა მხოლოდ დამკვეთებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს ჩემზეა — რამდენად სტაბილურად და პასუხისმგებლობით ვიმუშავებ, რამდენად შევინარჩუნებ იმ ხარისხსა და სტანდარტს, რომელიც თავიდანვე დავიმკვიდრე“.

თუმცა სოციალური მედიის სამყაროს მეორე მხარეც აქვს — მუდმივი შეფასება, კრიტიკა და ხშირად არარეალისტური სილამაზის სტანდარტები. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა ქალ კონტენტ-კრეატორებს ეხებათ.

როგორც ნათია აღნიშნავს, ონლაინსივრცეში ქალების გარეგნობაზე გაკეთებული კომენტარები იმდენად ხშირია, რომ ზოგჯერ ადამიანებს ისეთი კომპლექსებიც კი უჩნდებათ, რომელთა არსებობაზე ადრე არც უფიქრიათ.

„ყოფილა შემთხვევები, როცა საკუთარ თავში ისეთი კომპლექსებიც კი აღმომიჩენია, რომელთა არსებობაზე მანამდე არც მიფიქრია. ზოგჯერ იმდენად ხშირად გესმის გარკვეული შეფასებები, რომ იწყებ ფიქრს — ხომ არ გაკლია რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გქონდეს“, — ამბობს ის.

მისი შეფასებით, საზოგადოება ქალების მიმართ გაცილებით უფრო მკაცრია.

„თუ დავაკვირდებით, კაცების მიმართ გარეგნობის შეფასების კომენტარები გაცილებით იშვიათია, მაშინ როდესაც ქალები მუდმივად ხდებიან მსგავსი კრიტიკის სამიზნე“, — აღნიშნავს ნათია.

თანამედროვე ინფლუენსერები სულ უფრო ხშირად სცდებიან lifestyle კონტენტს და სოციალურ საკითხებზეც საუბრობენ, ნაწილი უკვე ღიად ეხება პოლიტიკურ თემებსაც, რაც ციფრულ სივრცეში ახალი ტიპის დისკუსიას ქმნის. ასეთ ინფლუენსერებს შორის ერთ-ერთი მაგალითია თაკო ლოჩოშვილიinflutako – რომელიც არ ერიდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

“ინფლუენსერი მხოლოდ ადამიანი არ არის, რომელიც ვიდეოს იღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს — ისიც საზოგადოების წევრია, რომელსაც ისევე ეხება ყველა კანონი, გადაწყვეტილება და პრობლემა, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს.

ხშირად არსებობს მოსაზრება, რომ ინფლუენსერები პრივილეგირებული ცხოვრებით ცხოვრობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერ ხედავენ იმ სირთულეებს, რომლებიც სხვებს აქვთ” – აღნიშნავს თაკო.

მისი თქმით, საქართველოში ხშირად პარადოქსული მდგომარეობაა: საზოგადოება ერთი მხრივ ითხოვს ცნობადი ადამიანების პოზიციას მნიშვნელოვან საკითხებზე, მეორე მხრივ კი მათ კრიტიკის ქვეშ აყენებს, როდესაც ისინი საკუთარ აზრს საჯაროდ გამოხატავენ.

„შემშინებია კიდეც ჩემი უსაფრთხოების გამო. აქტიურად მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და სხვა სახის ძალადობით. ასეთ დროს ადამიანს შეიძლება თვითცენზურის განცდაც გაუჩნდეს — იფიქროს, ღირს თუ არა ამა თუ იმ საკითხზე საუბარი.

საჯაროობას თან ახლავს როგორც შესაძლებლობები, ისე პასუხისმგებლობაც. მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდანაც გაკეთებულა, რასაც დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყოლია – მიუხედავად ყველაფრისა,  ვცდილობდი გარკვეული ეთიკური საზღვრები შემენარჩუნებინა. იყო პირადი მიმოწერები, რომლებიც არ გამისაჯაროებია, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა მქონდა. ეს ჩემი მორალური გადაწყვეტილება იყო.

ასეთ დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რამდენად პოლარიზებულია საზოგადოება — ერთი ნაწილი მხარს გიჭერს, მეორე კი სრულიად საპირისპირო პოზიციას იკავებს” – ამბობს თაკო.

მიუხედავად განსხვავებული კონტენტის, გამოცდილებისა და აუდიტორიისა, ქართველი კონტენტ-კრეატორების ისტორიები ერთ საერთო სურათს ქმნის. TikTok დღეს მხოლოდ ტრენდებისა და გასართობი ვიდეოების პლატფორმა აღარ არის — ის სივრცეა, სადაც ადამიანები კარიერას ქმნიან, საკუთარ ხმას აძლიერებენ და ყოველდღიურად ახალ გამოწვევებსაც აწყდებიან. სწორედ ამ რეალობაში იმკვიდრებს თავს ქართველი ინფლუენსერების ახალი თაობა.

ტექსტი: ანი შავიშვილი

სრულად წაკითხვა