საქართველოში სპორტი ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე, უბრალოდ, თამაში. ეს არის ემოცია, რომელიც უამრავ ადამიანს აერთიანებს, გამარჯვების სიხარულს აზიარებს და დაუვიწყარ ისტორიებს ქმნის. ამ ყველაფერში კი განსაკუთრებული როლი სპორტულ ჟურნალისტებსა და კომენტატორებს აქვთ, ისინი ქმნიან ხიდს სპორტის სამყაროსა და გულშემატკივრებს შორის. გვიყვებიან გამარჯვებების, მარცხისა და ტრიუმფების შესახებ და თითოეულ მატჩს თუ თითოეულ რეკორდს უფრო ფართო მნიშვნელობას სძენენ. 2 ივლისს საერთაშორისოდ აღინიშნება სპორტულ ჟურნალისტთა პროფესიული დღე – თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტთა მნიშვნელოვან როლს, როგორც სპორტული მოვლენების გაშუქებაში, ისე საზოგადოებაში სპორტული ღირებულებების ფორმირებაში. ჟურნალმა OK!-მ ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტები და კომენტატორები ჩაწერა. ისინი კარიერულ გზაზე, ყველაზე დასამახსოვრებელ პროფესიულ გამოცდილებებსა და სპორტული ჟურნალისტიკის დღევანდელ გამოწვევებზე გვესაუბრებიან.
ბიძინა ბარათაშვილი:
განათლებით ისტორიკოსი-ხელოვნებათმცოდნე ვარ. სპორტი და სპორტული ლიტერატურა ბავშვობიდან ჩემი მთავარი გატაცება იყო. დროთა განმავლობაში უცხოური სპორტული პერიოდიკის გამოწერა დავიწყე და მის გასაცნობად ჩეხური, სლოვაკური, პოლონური და სხვა ენების საფუძვლების შესწავლამაც მომიწია.
ჩემს პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია ბაბუამ, აკაკი ძიძიგურმა, რომელიც ჯერ კიდევ 40-იან წლებში რადიორეპორტაჟებს უძღვებოდა. მოგვიანებით სწორედ მან მიიყვანა მიკროფონთან ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე. ორივე ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი და ხშირი სტუმარი იყო, ეროსი კი კვირაობით სტადიონსა და იპოდრომზეც დამატარებდა. საბოლოოდ, როდესაც სიმამრად ნოდარ გუგუშვილი, ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი „მერგო“, სხვა პროფესიაზე აღარც მიფიქრია.

გაზეთ „ლელოსთან“ თანამშრომლობა 1980-იანი წლების შუა პერიოდში დავიწყე. 1991 წლიდან უკვე საკუთარ გაზეთს „8 ½“-ს გამოვცემდი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ სპორტისა და კინოს რედაქციებს ჩავუდექი სათავეში. მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა გამიშუქებია: ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატები, ევროთასების ფინალები და მრავალი სხვა. ამიტომ ერთი კონკრეტული მოვლენის გამორჩევა რთულია. თუმცა თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს, აუცილებლად ჩემს სატელევიზიო დებიუტს დავასახელებ. 1992 წელს „იბერვიზიის“ ეთერში უეფას თასის ფინალი „ტორინო“ და „აიაქსი“ წავიყვანე. ეს ჩემი პირველი პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი და, ფაქტობრივად, საკომენტატორო საქმიანობაში „ნათლობა“ იყო. ამ ემოციას ვერაფერს შევადარებ.
დღევანდელი სპორტული ჟურნალისტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება წარსულისგან. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება აუდიტორიასთან ურთიერთობაშია. თუ ადრე მკითხველსა და მაყურებელთან კავშირი რედაქციაში გამოგზავნილი წერილებით ხდებოდა, დღეს, სოციალური ქსელების ეპოქაში, რეაქცია პრაქტიკულად მყისიერია. აუდიტორია Live რეჟიმში ეხმიანება ჟურნალისტის თითოეულ მოსაზრებას, რაც გვაიძულებს, ყოველი დაწერილი თუ ნათქვამი სიტყვა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ავწონ-დავწონოთ. გარდა ამისა, ჟურნალისტებს ერთგვარი „განმანათლებლების“ ფუნქციაც გვეკისრა, ინტერნეტის ეპოქაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იმდენად მაღალია, რომ აუდიტორია ბევრ საკითხში უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული. შესაბამისად, ჩვენგან მხოლოდ ფაქტების მიწოდებას აღარ ელიან, ყოველდღიურად გვიწევს მკითხველისა და მაყურებლისთვის უფრო სიღრმისეული ანალიზის შეთავაზება, საინტერესო ინტერპრეტაციების მოძიება და თოქშოუებისა თუ რეპორტაჟებისთვის ახალი ფორმების ძიება. ეს ყველაფერი უდიდეს ენერგიას, მუდმივ განვითარებასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემთვის სწორედ ამაშია არჩეული პროფესიის მთავარი ხიბლი.
ლაშა დვალიშვილი: სპორტული ჟურნალისტის პროფესია ჩემთვის არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავძლო, რადგან მთლიანად ჩართული ვარ ამ საოცარი მიმართულების რიტმსა და დინამიკაში. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი სფეროა, რომელიც შეიძლება ადამიანმა აირჩიო. 16 წლის ვიყავი, როცა სტაჟიორად დავიწყე მუშაობა მეორე არხზე და მას მერე სხვაგან ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. თუკი ვინმეს გადაწყვეტილი აქვს, რომ სპორტული ჟურნალისტიკა აირჩიოს. აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ამ პროფესიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითში უნდა ჩაითვალოს მსოფლიო დონის სპორტსმენებთან სიახლოვე, რომლებსაც სხვები მხოლოდ ტელეეკრანებზე ხედავენ. მათთან ინტერვიუების ჩაწერა და მათ შესახებ სიუჟეტებისა თუ დოკუმენტური ფილმების მომზადება. მოგზაურობა და იმ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, რომელზეც სხვები ოცნებობენ, თუმცა ეს ის პროფესიაა, სადაც არანაირად არ შეიძლება საკუთარი თავით დაკმაყოფილდე და ჩათვალო, რომ უკვე ყველაფერი მიღწეული გაქვს – ეს ერთ ადგილას გაყინვას ნიშნავს და გამორიცხულია ამ შემთხვევაში რამეს მიაღწიო ან განვითარდე. უარყოფით კი ის არის, რომ თუკი გულით გსურს ამ სფეროში წარმატების მიღწევა, მაშინ ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რაც სახლში და ოჯახის წევრებთან გატარებულ დროის სიმცირეზე მტკივნეულად აისახება.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გაშუქებაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სპორტული ჟურნალისტისთვის არ არსებობს. 1998 წელს საფრანგეთში პირველად მომიწია იმასთან პირისპირ შეხვედრამ, რასაც ნამდვილი ფეხბურთი ჰქვია. მას შემდეგ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი გავაშუქე უშუალოდ ადგილიდან და ამასთან, 2000 წლის ევროპირველობაც. თუმცა, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, რაც თითოეულმა ქართველმა იმ დღეს განიცადა, როცა საქართველოს ჰიმნი პირველად გაჟღერდა ევროპის ჩემპიონატზე. ამასთან, სიამაყით სავსე ვიყავი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ ფინალზე, როცა კვარაცხელია მიუნხენშიც და ბუდაპეშტშიც ერთ-ერთი შემოქმედი გახდა თავისი გუნდის გამარჯვების.
დღეს ციფრული მედიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ყველანაირი ინფორმაციის უსწრაფესად მოძიება. ნებისმიერი მასალა ხელმისაწვდომია და ეს საგრძნობლად ამარტივებს საქმიანობას. თუმცა, არსებობს მედლის მეორე მხარე. პირადად ჩემთვის ნებისმიერ სასურველ რესპონდენტთან მიკროფონით ინტერვიუს ჩაწერა უფრო სასურველი და საინტერესოა, ვიდრე მესენჯერით ან ნებისმიერი სხვა ინტერნეტპლატფორმით. კარგია, რომ ყველას აქვს არჩევანის საშუალება და ეს უკვე ინდივიდუალურია, ვის რა ფორმით ურჩევნია მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.
თამარ ბალავაძე: სპორტული ჟურნალისტიკა თავიდანვე ჩემი გააზრებული არჩევანი იყო და რადგან დღემდე ამ პროფესიის ერთგული ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სწორედაც რომ სპორტულმა ჟურნალისტიკამ განსაზღვრა. წლების განმავლობაში საქართველოს ტელევიზიის სპორტული კომენტატორი ვიყავი, საინფორმაციო პროგრამებზე ვმუშაობდი და გადაცემებსაც ვამზადებდი. შემდეგ ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის, ჩვენი ჩემპიონების შესახებ დოკუმენტურ ფილმებზე დავიწყე მუშაობა, ბოლოს რამდენიმე წიგნი გამოვეცი. ბუნებრივია, ყველა საქმეს განსხვავებული სირთულეები სდევდა თან. თუმცა, ვფიქრობ, წერისა და მეტყველების კულტურის, სათანადო ერუდიციისა და სპორტის ისტორიის ცოდნის შემთხვევაში, ჟურნალისტებს არაერთი საინტერესო და განსხვავებული პროექტის განხორციელება შეგვიძლია.

ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში ბევრი საინტერესო მოვლენა მომხდარა, თუმცა რამდენიმე მართლაც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. მაგალითად, 1981 წლის 13 მაისი. როცა, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ, დინამოელები თბილისში დაბრუნდნენ, დიღმის ბაზაზე ფეხბურთელებთან ინტერვიუების გადაღება ტელევიზიის ხელმძღვანელებმა მე დამავალეს. ალექსანდრე ჩივაძესთან, დავით ყიფიანთან, ვლადიმერ გუცაევსა და სხვა დინამოელებთან ჩაწერილი ის ინტერვიუები ძალიან მეამაყება. 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე, დავით ხახალეიშვილის გამარჯვების შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აღიმართა საქართველოს დროშა და აჟღერდა ქართული ჰიმნი. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. შემდეგ ჩემპიონები კახი კახიაშვილი და ლერი ხაბელოვიც გახდნენ. ოლიმპიადაზე პირველად ვიყავი აკრედიტებული და ბარსელონაში ჩვენი ტრიოს ტრიუმფს ვიდეოკამერით ვიღებდი კიდეც. არც 2008 წლის 13 აგვისტო დამავიწყდება, როცა პეკინის ოლიმპიადაზე მანუჩარ კვირკველიასა და ირაკლი ცირეკიძის ჩემპიონობის აღსანიშნავად, ერთი საათის განმავლობაში ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. მაშინ ჩვენს ქვეყანაში, რუსების წყალობით, ომი იყო გაჩაღებული და ჩვენი სპორტსმენების ტრიუმფმა პეკინში მყოფ ქართველებს დიდი შვება მოგვგვარა!
ციფრულმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა ჟურნალისტიკა კი არა, მთელი სამყარო შეცვალა. დღეს ინფორმაციაზე წვდომის, გადაღებისა და მონტაჟის, საკუთარი მასალების გავრცელების განუსაზღვრელი შესაძლებლობებია. ბევრი საინტერესოდ იყენებს ამ შესაძლებლობას, ბევრიც ვერა. საბედნიეროდ, პროფესიონალიზმი კიდევ ფასობს და იმედია ქართულ ჟურნალისტიკას, და არამხოლოდ სპორტულს, ასეთი პროფესიონალები მეტი ეყოლება!
ნოდარ სიმსივე: ბავშვობაში ვოცნებობდი ვყოფილიყავი სპორტული ჟურნალისტი და მსახიობი, მადლობა ღმერთს, გამოვიდა. სპორტული ჟურნალისტიკა ჩემთვის ერთ-ერთი შემოქმედებითი ჟანრია და არ არის ზედაპირული პროფესია, მას სჭირდება სიღრმე, ცოდნა და დიდი დროის დათმობა. ჩემთვის კომენტატორობა ხელოვნებაა, ცალკე შემოქმედებითი კუნძულია, სადაც ერთი წამით არ ვაკლებ მაყურებელს მონდომებას, ჩართულობას და ფანატურ სიყვარულს.

სპორტული ჟურნალისტის დადებითი მხარე არის საინტერესო რესპონდენტსა და პროფესიონალ ჯგუფთან მუშაობა. ყველაზე რთული კი არის ამ სფეროში არაკომპეტენტურ ადამიანებთან მუშაობა. გამიმართლა, რომ პროფესიონალებთან ვმუშაობ.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ეს იყო დაუვიწყარი წუთები – სიზმარი, რომელიც რეალობად იქცა. მიხარია, რომ ამ ყველაფრის გაშუქებამ მომიწია, როგორც ჟურნალისტს.
ინტერნეტის ეპოქამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს სფეროში. როდესაც ამ პროფესიას ვირჩევდი, მაშინ არ იყო ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ძალიან მომწონს, როცა ადამიანები სოციალურ ქსელში აკეთებენ სპორტულ გვერდებს, ცდილობენ საინტერესო ინფოები მოიძიონ. მართალია, ყველა გვერდი მაღალი დონის ვერ იქნება, თუმცა მცდელობა დასაფასებელია. ასევე, იუთუბარხიც ბევრია, სადაც საინტერესო განხილვებს და ინტერვიუებს გვთავაზობენ. მარტო ტელევიზიის პერიოდი რომ იყოს, ამას ყველა ვერ შეძლებდა, რადგან ტელევიზიაში რთულია მოხვედრა. ინტერნეტმა შეცვალა ეპოქა.
დავით ერაძე: სპორტული ჟურნალისტიკა ჩემთვის, პირველ რიგში, ნიშნავს სპორტის უდიდეს სიყვარულს. აბსოლუტურად უანგაროს და სუფთას, აი, ისეთს, უკან მოხედვის რომ არ გრცხვენია და საყვარელი გუნდი ან ამოჩემებული სპორტსმენი რომ არ გყავს. ეს პროფესია ნიშნავს, იყო მოტივატორი და, ამასთანავე, შეგეძლოს ყველა თემაზე ღიად საუბარი. არავისთან იყო ვალდებული, შეგეძლოს ყველა შეცდომის მითითება და არც ზომიერი კომპლიმენტი გავიწყდებოდეს.

ჩემთვის ამ პროფესიაში ყველაზე საინტერესოა სპორტის ან სპორტსმენის განვითარებასა და პროგრესზე დაკვირვება. რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი, რომლის მონაწილეც ხდები. ასე იქცა დაუვიწარ მოგონებად 2011 წელი და ჩვენი საკალათბურთო ნაკრებისთვის პირველი ევრობასკეტი. 2012 წელი და ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედლის დაუვიწყარი ემოცია. 2015 წლის რაგბი მსოფლიო და, რაღა თქმა უნდა, ევრო 2024. თუმცა ამას წინ მართლაც ყველაზე გიჟური 26 მარტის საღამო უძღოდა, რომელიც არასოდეს მიეცემა დავიწყებას. 40 ათასამდე ქართველი გერმანიაში და დაუვიწყარი მარშები დორტმუნდის, ჰამბურგისა და კიოლნის ქუჩებში… ეს იყო განცდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ევროპის ნაწილი როგორც მაღალი დონის ფეხბურთით, ისე სამაგალითო ქომაგობით. ჩემი საუკეთესო მოგონებებიც სწორედ გერმანიას უკავშირდება: ჩართვები ფაქტობრივად ყველა საინფორმაციო გამოშვებაში, მუდმივი სიახლის ძიება და საღამოს, სასიამოვნოდ დაღლილს, იმის გაცნობიერება, რომ ამ უდიდესი ისტორიის ნაწილი ხარ.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, დღეს სპორტული ჟურნალისტიკა თითქოს უფრო უინტერესო გახდა. აღარაა ის ძველი მოლოდინი, ადრე გაზეთს რომ ყიდულობდი ან კონკრეტულ ტელეგამოშვებას ელოდებოდი. დღეს, მობილური ტელეფონის წყალობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ახალი ამბის თუ მოვლენის ავტორი გახდეს. გახშირდა მასალების მომზადება მხოლოდ ტელერეპორტაჟების ყურებით, რამაც მოვლენასთან უშუალო კონტაქტი და ემოციის ხარისხი გააფუჭა. სამწუხაროდ, დღევანდელობის განუყოფელ ნაწილად იქცა მოპოვებული ექსკლუზივის მითვისებაც, ისე, რომ წყაროს საერთოდ არ უთითებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ფოტოგრაფები ზარალობენ. საქართველოში ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ტექნოლოგიებსა და ახალ ტენდენციებს ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ ხარისხისა და საავტორო უფლებების კონტროლი აუცილებელია. იყო დრო, როდესაც სპორტული მიმართულება მართლაც ერთ-ერთი წამყვანი იყო ჟურნალისტიკაში, დღეს, სამწუხაროდ, ასე ნამდვილად აღარაა.
დავით ბანანაშვილი: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სპორტულ ჟურნალისტიკას უკავშირდება. 18 წლის ვიყავი, როდესაც ამ სფეროში შევაბიჯე და უკვე 28 წელია სპორტულ ჟურნალისტიკაში ვარ. მიმუშავია როგორც ბეჭდურ მედიაში, ისე რადიოსა და ტელევიზიაში.
ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. წარსულში რომ დავბრუნდე, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. თუმცა, როგორც ყველა საქმეს, სპორტულ ჟურნალისტიკასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბუნებრივია, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ, გარკვეულწილად ცნობადი სახეც ხდები. უფრო მეტად ხარ საზოგადოების ყურადღების ქვეშ, რაც პასუხისმგებლობასთან ერთად გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამ, იქნება ეს არასწორად ნათქვამი სიტყვა თუ სპორტსმენის არასწორი გამოცხადება, შესაძლოა კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, არავინ არის უშეცდომო, თუმცა ჩემი კარიერა ამ მხრივ უფრო დადებითი გამოცდილებებით არის სავსე. ყოველთვის ვგრძნობ მაყურებლის, ქომაგებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერასა და დაფასებას, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა.

ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი სპორტული რეპორტაჟი და არაერთი ოლიმპიადა გამიშუქებია. ყველაზე დასამახსოვრებელი კი, რა თქმა უნდა, ქართველი სპორტსმენების წარმატებაა. არასოდეს დამავიწყდება ლაშა ბექაურის ფინალი როგორც ტოკიოს, ისე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. ორივეჯერ სწორედ მე მხვდა წილად პატივი, მთელი ქვეყნისთვის მემცნო მისი გამარჯვება და ოლიმპიური ჩემპიონობა. იყო განსაკუთრებული ფრაზებიც, რომლებიც გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ. ეს სიტყვები ყოველთვის გულიდან მოდის – საქართველოსა და სპორტის სიყვარულით. როდესაც ქართველი სპორტსმენი საქართველოს სახელით ასპარეზობს, მნიშვნელობა არ აქვს სპორტის რომელ სახეობაში, იმ მომენტში ემოცია და ენერგია ყოველთვის გაათმაგებულია.
როდესაც სპორტულ ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ინფორმაციის მოძიება გაცილებით რთული იყო. დღეს კი, ციფრული მედიის განვითარების წყალობით, ეს პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა. დიდი გავლენა აქვს სოციალურ ქსელებს, სადაც ბევრი ნეგატიური და დადებითი კომენტარი იწერება, თუმცა ამის გარეშე დღევანდელობა წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს მე და ჩემს კოლეგებს, ვცდილობთ შეცდომებზე ვისწავლოთ.
ნანა ჩოკორაია: ჩემთვის სპორტული ჟურნალისტიკა ყველაფერს ნიშნავს. ალბათ, ცხოვრებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის სწორედ ეს იყო ყველაზე სწორი არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ის ემოციები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობის 20 წლის განმავლობაში მივიღე, სხვა პროფესიულ გზაზე ჩემთვის მიუწვდომელი იქნებოდა.

სპორტის განსაკუთრებულობა მის მრავალფეროვნებაშია. არცერთი მატჩი, არცერთი დაპირისპირება ერთმანეთს არ ჰგავს და სწორედ ამაშია მისი მთავარი ხიბლი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე შეიძლება ისტორიულ მოვლენად იქცეს, შენ კი ამ ისტორიის უშუალო მონაწილე და მომსწრე გახდე.
გარკვეულწილად, გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, როდესაც სპორტული ჟურნალისტიკის სფეროში ქალი იწყებს საქმიანობას. ვფიქრობ, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა დამჭირდა. წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა გავაშუქე, თუმცა ემოციურად ვერაფერს შევადარებ 2024 წლის 26 მარტს – დღეს, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ეს არის ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად მემახსოვრება.
დღეს, როდესაც ინფორმაცია ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია, ჟურნალისტი აღარ არის ახალი ამბების ერთადერთი წყარო. შესაბამისად, შეიცვალა ჩვენი პროფესიის როლიც. თუ ადრე მთავარი ინფორმაციის სწრაფად მიწოდება იყო, დღეს გადამწყვეტ მნიშვნელობას კვალიფიციური ანალიზი, სიღრმისეული ხედვა და მოვლენების განსხვავებული კუთხით წარმოჩენა იძენს.
ელენე ბილიხოძე: მთელი ჩემი ცხოვრებაა სპორტული ჟურნალისტიკა, სიცოცხლესა და სიხარულზე მეტია. 30 წელზე მეტია ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ეს ის სამყაროა, რომელმაც შექმნა არა მხოლოდ ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, არამედ პიროვნულადაც ბევრი რამ შეცვალა ჩემში, აქ საუბარია წარმატებაზე, ემოციაზე, გამარჯვებაზე, მარცხზე – ეს ყველაფერი კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ემოციები – გამარჯვების თუ მარცხის – უნდა მიიტანო გულშემატკივრამდე, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა. ხანდახან დამარცხებული სპორტსმენი შესაძლოა იყოს შენი მეგობარი, ის ადამიანი, რომელიც გიყვარს და ქომაგობ, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს ძალიან ფაქიზად მოეპყრო.

სპორტულ ჟურნალისტიკაში ყველაზე საინტერესო ადამიანების შეცნობაა, ისევე როგორც ხელოვანი, სპორტსმენიც შერწყმულია იმ სამყაროსთან, რომლითაც უნდა წარმოაჩინოს საკუთარი დამოკიდებულებები, ეს კი ჯერ შენამდე უნდა მოვიდეს, ხოლო შემდეგ მაყურებელთან თუ მსმენელთან – გულშემატკივრამდე სწორად უნდა მიიტანო და თაობებს შემოუნახო. წარმატებული სპორტსმენის შეცნობა ერთდროულად საინტერესოცაა და რთულიც.
30 წლის განმავლობაში უამრავი წარმატების გამზიარებელი ვიყავი, თუმცა გამოვყოფდი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს, როცა ლაშა შავდათუაშვილი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ბიჭი, რომელიც ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც მოიპოვა ლიცენზია ლონდონში გამგზავრების და ის ტრიუმფი, რაც მან ლონდონში დაიწყო და გრძელდება დღემდე, ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა – მნიშვნელოვანი ძალაა ძიუდოში. მისი დამოკიდებულება სპორტისადმი, ცხოვრებისადმი, მოვლენებისა თუ ადამიანებისადმი, უნდა იყოს მაგალითი ყველასათვის, რადგან მას არ აქვს ის განცდა, რომ ის არის ვარსკვლავი, ეს ადამიანი დღემდე რჩება იმ ლაშად, რომელიც იყო ტრიუმფის დასაწყისში. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ლაშა ტალახაძის თავდადება, მაშინ როცა მსოფლიო მწვერვალებს იპყრობდა.
არ დამავიწყდება არასდროს „თბილისი 2015 ოლიმპიური ფესტივალი“, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა. ამ ფესტივალმა ძალიან ბევრ ახალგაზრდას მისცა სტიმული, რომ ყოფილიყო სპორტში, რომლის ნათელი მაგალითია ეთო ლიპარტელიანი – ქალთა ძიუდოს ტრიუმფატორი. სწორედ „თბილისი 2015 ოლიმპიური ფესტივალი“ იყო ქალთა ძიუდოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი საწყისი ეტაპი.
ინტერნეტმა და ციფრულმა მედიამ ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ. მაშინ როდესაც მე საქართველოს რადიოში მოვედი და დავიწყე სპორტული ჟურნალისტის კარიერა, მხოლოდ ტელეფონი იყო ის საშუალება, რითაც ვიგებდით შედეგებს და შემდეგ ვაცნობდით მსმენელს. ხანდახან გული მწყდება, რომ შესაძლებლობები, რაც დღეს გვაქვს, მაშინ არ გვქონდა, რადგან ბევრი ემოციის გამოხატვა ვერ შევძელით და დღევანდელ დღემდე ვერ მოვიტანეთ.
ნიკა ტაბატაძე: სპორტული ჟურნალისტობა, პირველ რიგში, ნიშნავს ცხოვრების სწორ გზას. მთელი ბავშვობა ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ვერ ავისრულე, სპორტის ჟურნალისტიკა კი ცხოვრების მთავარ სიყვარულთან ახლოს ყოფნის საშუალება აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა – სხვა ადამიანებს, მოზარდებს თუ ზრდასრულებს გავუღო ამ სამყაროსკენ მიმავალი კარი. გქონდეს პატივი, მთელ ერს უყვებოდე ყველაზე ლამაზი თამაშის დაფარულ მხარეზე – ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია. საბედნიეროდ, საქართველო საფეხბურთო ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება, ერთმნიშვნელოვნად, ამიტომ ფეხბურთის გულში ხედავდე და აშუქებდე მოვლენებს, დიდი პატივია.

რთული მხარე კი ალბათ წარუმატებლობის გადატანაა. მიმაჩნია, რომ ასეთ დროს სპორტის ჟურნალისტი უნდა იყოს ერთგვარი მედიუმი, გამტარი და მძიმე მომენტებშიც შეასრულოს ფუნქცია.
ყველაზე დასამახსოვრებელი პარიზიდან „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩის წაყვანა იყო. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირი, ორი გრანდი და მთავარ სცენაზე, მთავარ ფეხბურთელად მოთამაშე ქართველი. 2025 წლის 5 მარტი არასდროს დამავიწყდება.
ციფრულმა მედიამ სპორტის ჟურნალისტიკის ტემპი სინათლის სიჩქარით აასწრაფა. ჩვენ ახლა ვუყურებთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროს ტრანსფორმაციას. გაზეთის ფურცლიდან სოციალურ მედიაში გადმონაცვლებულ ამბებს, სადაც საკმაოდ გართულდა ტყუილ-მართლის გარჩევა.
ფეხბურთიც უფრო გლობალური, საყოველთაო მოვლენა გახდა და ბევრი მინუსის მიუხედავად, სოციალური ქსელების სპორტში მონაწილეობა პროგრესის ბაზისად იქცა.
ტექსტი: სოფიო მალანია, თათია ხარაიშვილი

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·