#OK! ქრისტე შენშია, ყველაზე რთული მისი ხმის გაგონებაა… მამა გურამ ოთხოზორია

2 weeks ago 19

ალბათ ხშირად გაგიგონიათ, დრო იმაზე სწრაფად გადის, ვიდრე ადრეო. შეიძლება ითქვას, პანდემიამ, ტექნოლოგიურმა ბუმმა და ციფრულ რეალობაში სწრაფმა გადასვლამ ყველაფერი დააჩქარა და არა მხოლოდ ჩვენი ყოველდღიურობა, არამედ ადამიანის შინაგანი გამოცდილებაც გარდაქმნა. ინდივიდი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ის თითქოს საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვას ებრძვის. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა მამა გურამ ოთხოზორიამ – იმ გზაზე, რომელსაც ადამიანი გადის დაბნეულობიდან გაცნობიერებამდე. თანამედროვე ქაოსზე, რომელიც შესაძლოა გარდამავალი ეტაპი იყოს, სადაც მთავარი ამოცანა საკუთარ თავთან დაბრუნებაა.

დრო

დღეს, რეალურად, ადამიანს ფიქრის დროც აღარ რჩება. ვერ ხედავთ დრო როგორ გადის? რეალურად დრო არც გადის – ჩვენში ხდება ყველაფერი. როგორც თამაშში, თავიდან ნელა მიდის, მერე უცებ ჩქარდება და ვეღარ ასწრებ. აი, ასეა ეს ბოლო პერიოდი, სულ უფრო ჩქარდება. ადრე დრო მეტი გქონდა, იმიტომ, რომ გამოცდილება ნაკლები იყო და დრო იწელებოდა. ახლა კი მეტი გამოცდილება გვაქვს, გავიზარდეთ და ამ სიჩქარეს უნდა აჰყვე, თორემ ჩამორჩები.

კორონას პერიოდი თითქოს გენერალური „რეპეტიცია“ იყო ამ ყველაფრის. ამით მოხდა ადამიანების გადაყვანა სხვა პლატფორმაზე – ონლაინსერვისები, დისტანციური ცხოვრება, ყველაფერი იქითკენ წავიდა. ორ წელიწადში ადამიანი დარჩა თავის თავთან მარტო, ბევრი რამ შეიცვალა შინაგანად. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ გამოცდილების გამოყენების ნაცვლად, თითქოს უარესი გავაკეთეთ. გარედან ისე ჩანს, თითქოს უბრალოდ ვირუსი გადავიტანეთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. სინამდვილეში კი ბევრი რამ შეიცვალა – განსაკუთრებით ონლაინსივრცის ზრდა, რაც სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ყველა სახლში ვიყავით.

გამოწვევა

ადამიანი ნელ-ნელა კარგავს ღრმად ფიქრის უნარს. წიგნის კითხვაც კი უჭირს ბევრს. კითხვა თავისთავად ნიშნავს, რომ რაღაცას ეძებ, რაღაც გაკლია. მაგრამ დგება მომენტი, როცა კითხვები ამოიწურება ან პირიქით, იმდენად ბევრია, რომ გაღიზიანებს. სწორედ აქ იწყება სხვა ეტაპი – მოსმენა, გაცნობიერება. ეს არის მდგომარეობა, როცა აღარ ეძებ პასუხს გარეთ. როცა „შინ ხარ“ ანუ საკუთარ თავში, ცნობიერებაში. ამ დროს კითხვა აღარ არსებობს, რადგან პასუხიც იქვეა. მაგრამ ამ მდგომარეობამდე მისვლა რთულია, იმიტომ, რომ მოითხოვს სიმშვიდეს, ყურადღებასა და მზადყოფნას.

თუ მზად არ ხარ, პასუხსაც ვერ დაიჭერ. მოდის ნათელი, მაგრამ ვერ უყურებ, თუმცა მაინც რაღაც გრჩება, რომელიც მერე უნდა გამოიყენო. სამყარო ეტაპობრივად გაძლევს ამ ყველაფერს, ჯერ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველაფერი ერთბაშად დავინახოთ.

არჩევანი

ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელსაც ღმერთმა მისცა ცნობიერება, არჩევანი, და ამით გარისკა, რადგან ადამიანს შეუძლია ღმერთზე უარი თქვას. ამით ღმერთი პატივს სცემს შენს თავისუფლებას, თუ ძალით დაგიმორჩილებს, ეს სიყვარული აღარ იქნება. სიყვარული უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი. ამიტომაც უშვებს ტკივილს, განსაცდელს – არა იმიტომ, რომ გვტანჯოს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ მივხვდეთ, როგორც ბავშვი, რომელიც უნდა გაიზარდოს და თავად გააცნობიეროს და დაბრუნდეს შემოქმედთან.

ყველას თავისი გზა აქვს. ყველა თავისი გამოცდილებით მიდის იქამდე. საბოლოოდ კი ერთი ჭეშმარიტებაა, მაგრამ გზებია განსხვავებული.

და რაც უფრო რთულია გამოცდილება, მით უფრო ახლოს ხარ გაღვიძებასთან. რადგან როცა ყველაფერი კარგად არის, ადამიანი იშვიათად ეძებს სიღრმეს. ხოლო როცა ირღვევა, მაშინ იწყება ნამდვილი ძიება.

ამიტომ ეს ყველაფერი, რაც ხდება – ტკივილიც, დაბნეულობაც, აჩქარებული დრო, ინფორმაციის ჭარბი ნაკადი ერთგვარი პროცესია. პროცესი, რომ ადამიანი მივიდეს თავის თავთან, გაიღვიძოს და საბოლოოდ გაიგოს, ვინ არის.

მონანიება

მონანიებაც სწორედ გონს მოსვლაა – არა უბრალოდ „ბოდიში“, არამედ გაღვიძება. როგორც სიზმარში, როცა რაღაც საშინელება გესიზმრება და უცებ იღვიძებ – ხვდები, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ცოდვაც სწორედ ეს არის – აცდენა, სიზმარში ყოფნა და როცა გონს მოდიხარ, ყველაფერი იცვლება.

ქრისტე შენშია

ინდივიდი უფრო დაფასდება, ვიდრე მასა. საერთოდ გაქრება სახელმწიფო მმართველობები, სისტემები, რელიგიური სისტემები, რომლებიც დღეს მასაზე ბატონობენ – მთლიანად ბადესავით რომ ასხედან მასას. იქნება ინდივიდუალური აფეთქებები, პიროვნებები გაიღვიძებენ, კითხვები აღარ გაჩნდება, შენ თვითონ მიხვდები, როდის მოხდება მეორედ მოსვლა.

მანამდე კი ჰკითხე შენს თავს, სად არის ქრისტე შენში? რა ეტაპზე ხარ? გაცნობიერების რა მოდელში ცხოვრობ? – ის ხარ შენ, დანარჩენი შენი არ არის არაფერი.

შენივე თავი შენვე უნდა გადაარჩინო, შენი თავის ქრისტე შენ ხარ ახლა, შენშია ქრისტე. ის არის ნამდვილი და ჭეშმარიტი, არ არის საჭირო, ვინმემ რამე გასწავლოს, ეს ქრისტეა თვითონ შენში, იმას უსმინე და მაინც, ყველაზე რთული მისი ხმის გაგონებაა.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა