#OK! ქუთაისური ამბების გასტრონომიული სივრცე

5 days ago 38

ქუთაისში, წერეთლის ქუჩას თუ ჩაუყვებით, პატარა დაღმართია, სადაც ჭადრების შრიალს და რიონის ხმაურს ერთდროულად გაიგონებთ. იქვე, მარჯვნივ, აუცილებლად მოჰკრავთ თვალს აბრას წარწერით STORY. შეიხედეთ, აქ ძალიან გემრიელი ამბავი გელოდებათ.

ამბავი იმერული და თანამედროვე გასტრონომიის, გემოების, არომატების შესახებ. რაც მთავარია, აქ ყველაფერი სახლური და შინაურულია.

ბარ-რესტორანი  STORY დაიბადა სახლში, რომლის დიასახლისიც ნათია დემეტრაძეა. მისი კარი მუდამ ღია იყო მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის და უბრალოდ ქუთაისზე შეყვარებული ადამიანებისთვის. ყველაფერი უცვლელია, მხოლოდ მასშტაბები შეიცვალა.

ახლა უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს „სთორის“, რომელიც უკვე მეოთხე წელია ქუთაისური არომატების ოჯახური სივრცეა.

ამ განსაკუთრებულ გემოვნებიან ამბებზე OK! ქუთაისი ნათია დემეტრაძეს ესაუბრა.

რა არის ის, რაც „სთორის“ გამორჩეულს ხდის?

„სთორი“ მხოლოდ ბარ-რესტორანი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარი ოჯახის წევრივით გრძნობს თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გემრიელი კერძი და სასმელი, არამედ ის ემოცია და ატმოსფერო, რომელსაც სტუმარს ვთავაზობთ.

აღწერეთ თქვენი კონცეფცია ერთ წინადადებაში.

ადგილი, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა, ოჯახური სითბო და თანამედროვე გასტრონომია ერთ ისტორიად ერთიანდება.

როგორ იქმნება მენიუ, ვინ მონაწილეობს მის შედგენაში? აღწერეთ ეს პროცესი, თუ კამათობთ, აზრებს ცვლით?

მენიუს შექმნა გუნდური პროცესია. იდეებს ვაგროვებთ ოჯახის წევრებისგან, შეფისგან და თანამშრომლებისგან. ვაგემოვნებთ ახალ რეცეპტებს, ვაანალიზებთ სტუმრების ინტერესებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობაც გვქონია, თუმცა სწორედ ეს დისკუსიები გვეხმარება საუკეთესო შედეგის მიღებაში.

რომელი კერძი და სასმელი უყვართ „სთორის“ მომხმარებლებს?

სტუმრების განსაკუთრებული ფავორიტებია ჩვენი საფირმო კერძები და კოქტეილები. გვიხარია, როცა ადამიანები კონკრეტულად მათ დასაგემოვნებლად ბრუნდებიან. ბრაწულა, შებოლილი აჯაფსანდალი, ლობიოს ბურთები, პასტა შქმერულად, საოჯახო, ეს ის კერძებია, რომლებიც ყველასგან განსხვავებულია და მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ. მათი შეფასებაც თქვენთვის მოგვინდია.

როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში, შეიცვალა ქუთაისის სტუმარმასპინძლობის სექტორი?

ქუთაისში მნიშვნელოვნად განვითარდა ტურისტული მიმართულება. გაიზარდა მომსახურების ხარისხი, გაჩნდა ახალი კონცეფციები, უფრო მრავალფეროვანი გახდა გასტრონომიული შეთავაზებები და ქალაქმა საერთაშორისო სტუმრების უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო.

რას ურჩევთ ადამიანს, რომელიც პირველად ჩამოდის ქუთაისში?

ვურჩევდი, ქალაქში ფეხით იაროს, ეწვიოს ისტორიულ ადგილებს, დააგემოვნოს იმერული სამზარეულო და დრო გამოყოს ადგილობრივებთან ურთიერთობისთვის. სწორედ ადამიანები ქმნიან ქუთაისის განსაკუთრებულ ხასიათს.

რა არის ბარ-რესტორნის მართვის ყველაზე რთული ნაწილი?

ყველაზე რთულია ყოველდღიურად მაღალი სტანდარტის შენარჩუნება. სტუმარი ყოველთვის ერთნაირად კარგ გამოცდილებას უნდა იღებდეს, რაც მუდმივ ყურადღებასა და შრომას მოითხოვს.

რომელი მიღწევით ამაყობთ ყველაზე მეტად?

ვამაყობთ იმით, რომ სტუმრები ჩვენთან ისევ და ისევ ბრუნდებიან, მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც ურჩევენ, შემდეგ კი  თავად ხდებიან ჩვენი ოჯახის წევრები.

დაუშვით თუ არა შეცდომა ბიზნესში, რომელმაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი გასწავლათ?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ბიზნესში მივიღე, ადამიანების მიმართ ნდობას უკავშირდება. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ნდობა ძალიან ფრთხილად გასაცემია, რადგან არაერთხელ მოუტანია დაუმსახურებელი იმედგაცრუება და გულისტკენა.

თუმცა, ამ გამოცდილებამ უფრო მეტად დამანახვა იმ ადამიანების ღირებულება, რომლებიც პირველივე დღიდან ერთგულად გვიდგანან გვერდით. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად მოდის და ასევე მათ, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდა, მაგრამ დღეს უკვე ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა.

საბოლოოდ, წარმატებული ბიზნესი მხოლოდ იდეებზე არ დგას, არამედ ის დგას ერთგულ, სანდო და ღირებულებებზე დაფუძნებულ ადამიანებზე.

დაარსებიდან დღემდე რა ამბავი მოჰყვა „სთორიმ“?

„სთორი“ დაიწყო როგორც ოჯახური ოცნება და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ადგილად, სადაც უამრავი ადამიანის ისტორია, შეხვედრა, მეგობრობა და მოგონება დაგროვდა… სლოგანიც კი პირველივე დღიდან ასეთი გვაქვს – Create Your story here… შექმენი შენი ისტორია აქ.

და ვინ იქნებოდა „სთორი“ ადამიანი რომ ყოფილიყო?

იქნებოდა სტუმართმოყვარე, გულწრფელი, საინტერესოდ მოსაუბრე, რომელსაც ყოველთვის აქვს მოსაყოლი ახალი ამბავი და მის მაგიდასთან ყველასთვის მოიძებნება ადგილი.

რომელი სტუმრის ისტორია დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

განსაკუთრებით მახსენდება არაჩვეულებრივი მანდილოსნები, სამეგობრო, რომლებიც ყოველი წლის მაისის დასაწყისში სტუმრობენ ქუთაისს და იუბილეს უცვლელად „სთორიში“ აღნიშნავენ. ჩვენი დიდი სიყვარული და პატივიცემა მათ. განსაკუთრებულად ღირებულია მათი სტუმრობა.

წარსულში რომ დავბრუნდეთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს იმ დღეს, როდესაც „სთორი“ პირველად გახსენით?

იქნება დღეები, როცა ძალიან დაიღლები, მაგრამ იქნება დღეებიც, როცა საკუთარი თავით განსაკუთრებით იამაყებ. ამიტომ გაიღიმე, ისიამოვნე ამ გზით და არ იჩქარო, ყველაფერი თავის დროს მოვა. ერთ დღეს უკან მოიხედავ და მადლობას ეტყვი საკუთარ თავს, რომ არ დანებდი, გარისკე და შენი ოცნება რეალობად აქციე.

და ბოლოს, სად იქნება „სთორი“ 5 წლის შემდეგ?

ისევ აქ, წერეთლის 52-ში, მთავარი ღირებულებებით, ოჯახური ატმოსფეროთი და უცვლელი ხარისხით.

გელოდებით დიდი სიყვარულით – „სთორი“.

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

სრულად წაკითხვა