მატილდა გვარლიანი
ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეა საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში. მისი კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო და მალევე მსოფლიო ბრენდების ყურადღებაც მიიპყრო. მატილდას დებიუტი შედგა „Dolce & Gabbana“-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, რაც ახალგაზრდა მოდელისთვის მნიშვნელოვანი სტარტი აღმოჩნდა.
მას შემდეგ, მატილდა არაერთი ცნობილი ბრენდის კამპანიასა და ჩვენებაში გამოჩნდა. ქართველი მოდელი გახდა Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს სახე, მონაწილეობდა საერთაშორისო სარეკლამო კამპანიებში და არაერთი გავლენიანი მოდის გამოცემის ყურადღება მიიპყრო. მისი ფოტოები გამოქვეყნდა Vogue-ის სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში, ხოლო მოდის კრიტიკოსები მას ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოდელად მოიხსენიებენ.


თაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი ქართველი მოდელების იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც საერთაშორისო მოდის სამყაროში საქართველოს სახელი განსაკუთრებულად გააძლიერა. კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო სააგენტო Looks Models-ში, ხოლო მალევე საერთაშორისო სააგენტო Next Model Management-მა აღმოაჩინა.
თაკო მონაწილეობდა ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიცაა Dior, Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Moncler, Yohji Yamamoto და Ralph & Russo. მას უმუშავია მსოფლიოს წამყვან ფოტოგრაფებთან და სტილისტებთან, ხოლო მისი ფოტოები არაერთ ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებულა, მათ შორის Vogue-სა და Harper’s Bazaar-ში. ქართველი მოდელი ხშირად მოხვედრილა მოდის კვირეულების ყველაზე წარმატებული დებიუტანტებისა და გამორჩეული მოდელების სიებშიც.


მარიშა ურუშაძე
მარიშა ურუშაძე მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მოდელად მიიჩნევა. მისი კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება განსაკუთრებით 2018 წელს მოიპოვა, როდესაც GUCCI-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა.
მარიშა მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Chanel, Prada, Givenchy, Marc Jacobs, Maison Margiela, Diesel და Gucci. მისი გამორჩეული გარეგნობა და ინდივიდუალური სტილი არაერთმა მოდის გამოცემამ აღნიშნა. Vogue-მა ქართველი მოდელი „თოჯინის მსგავსი გარეგნობისა და ნაზი გამომეტყველების მქონე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად“ დაასახელა. ის ხშირად ჩნდება საერთაშორისო მოდის კვირეულების ყველაზე გავლენიან პოდიუმებზე და მონაწილეობს ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში.


თათია ახალაია
თათია ახალაია საერთაშორისო მოდის სამყაროში 2017 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. სააგენტო IC Models Management-ის მოდელმა მალევე შეძლო მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ყურადღების მიქცევა და დღეს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი მოდის სახლის კამპანიასა და ედითორიალში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მის პორტფოლიოში გვხვდება ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Miu Miu, Dolce & Gabbana, Givenchy, Emilio Pucci, Roberto Cavalli, Zuhair Murad და Christian Siriano. თათიას ფოტოები არაერთ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულა, ხოლო მისი დახვეწილი და ელეგანტური სტილი განსაკუთრებით მოთხოვნადს ხდის მაღალი მოდის სამყაროში.


მაკო მაჭავარიანი
მაკო მაჭავარიანის ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მოდამდე მისი ცხოვრება სპორტსა და ცეკვას უკავშირდებოდა. ბავშვობაში მხატვრულ ტანვარჯიშზე ვარჯიშობდა, მოგვიანებით კი სუხიშვილების ქორეოგრაფიულ სტუდიაში სწავლობდა. თუმცა სწრაფმა ზრდამ კარიერული მიმართულება შეუცვალა და 15 წლის ასაკში სააგენტო Look Models Management-ს შეუერთდა.
მაკოს საერთაშორისო წარმატება მალევე მოჰყვა. 16 წლის ასაკში მილანის მოდის კვირეულზე ჯორჯო არმანის საიუბილეო ჩვენება გახსნა, რაც ნებისმიერი ახალგაზრდა მოდელისთვის განსაკუთრებული მიღწევაა. მას შემდეგ ის ხშირად თანამშრომლობს Armani-სთან და მონაწილეობს ისეთი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა Luisa Beccaria, JSalinas და AC9.
მაკო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩვენებაზე გამოჩნდა, რომელიც ათასობით მაყურების წინაშე გაიმართა.



3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·