ამერიკელმა რეალითი ვარსკვლავმა და ბიზნესმენმა კიმ კარდაშიანმა სასამართლოში გამარჯვების შემდეგ იმ მამაკაცისგან, რომელმაც მას შეცდომით გამოქვეყნებული ფოტოს გამო უჩივლა, თითქმის 167 ათასი დოლარის ოდენობის იურიდიული ხარჯების ანაზღაურება მოიპოვა.
საქმე 2024 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც კარდაშიანმა სოციალურ ქსელში სიკვდილმისჯილი პატიმრის ივან კანტუს მხარდამჭერ პოსტი გამოაქვეყნა . კარდაშიანი წლებია აქტიურად მონაწილეობს სისხლის სამართლის რეფორმის კამპანიებში და ხშირად საუბრობს იმ საქმეებზე, სადაც, მისი აზრით, სასამართლო შეცდომები ან უსამართლობა ფიქსირდება. თუმცა პოსტის გამოქვეყნებისას შეცდომა მოხდა, კარდაშიანის გუნდმა პატიმრის ნაცვლად სხვა ადამიანის ფოტო ატვირთა. ფოტოზე აღმოჩნდა ნიუ-იორკში მცხოვრები პროექტ-მენეჯერი, ასევე ივან კანტუ, რომლის სრული სახელიც პატიმრის სახელს ემთხვეოდა.

ივან ა. კანტუმ მოგვიანებით განაცხადა, რომ შეცდომის შესახებ ოჯახის წევრებისგან შეიტყო. თავდაპირველად ეგონა, რომ ხუმრობდნენ, რადგან იმ დღეს მისი 60 წლის იუბილე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან აღიარა ვარსკვლავის მიერ სავარაუდოდ დაშვებული შეცდომა, აღნიშნა, რომ მისი ფოტო მილიონობით ადამიანმა ნახა და ინციდენტმა მის რეპუტაციასა და პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედა.

შეცდომის აღმოჩენის შემდეგ კარდაშიანმა პოსტი მალევე წაშალა და სწორი ინფორმაცია სხვა პოსტით ჩაანაცვლა. თავად კარდაშიანი ამტკიცებდა, რომ ფოტოს ატვირთვა უბრალო ადამიანური შეცდომა იყო და მას ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია.
მოგვიანებით ივან ა. კანტუმ კარდაშიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ ფოტოს გავრცელებამ მას მნიშვნელოვანი ემოციური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა. თუმცა სასამართლომ საბოლოოდ კარდაშიანის მხარე დაიჭირა და საქმე დახურა. მოსამართლის შეფასებით, შეცდომა განზრახ ქმედებას არ წარმოადგენდა და სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

საქმის დასრულების შემდეგ კარდაშიანმა სასამართლოსგან საკუთარი იურიდიული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. კანტუ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ექვსნიშნა თანხის გადახდა მას და მის ოჯახს ფინანსურად გაანადგურებდა, თუმცა მოსამართლე ამ არგუმენტმა ვერ დაარწმუნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივან ა. კანტუს კარდაშიანის იურიდიული ხარჯების დიდი ნაწილის დაფარვა დაეკისრა. კიმი თავდაპირველად დაახლოებით 186 ათას დოლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ საბოლოოდ 167 ათასი დოლარის ანაზღაურება დაამტკიცა.
თავად სიკვდილმისჯილი პატიმარი, ივან კანტუ, 2000 წელს თავისი ბიძაშვილის, ჯეიმს მოსკედას, და მისი საცოლის, ემი კიჩენის მკვლელობაში იყო ბრალდებული და წლების განმავლობაში უდანაშაულობას ამტკიცებდა. კიმ კარდაშიანი საჯაროდ ითხოვდა საქმის ხელახალ განხილვას და მხარდამჭერ კამპანიასაც აქტიურად აწარმოებდა.


1 week ago
24







English (US) ·
Georgian (GE) ·