#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

2 hours ago 2

ღმერთმა ნუ ქნას ერთი დღე ისე გავიდეს, რომ ვერ შევძლო ჩემი ქართველების დახმარება – ამბობს OK! ბათუმის სტუმარი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, ადამიანი, რომელიც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაიბადა, მისი ბავშვობა ქართული ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით იყო შთაგონებული. სწორედ ბავშვობის წლებში ჩაეყარა საფუძველი მის სიყვარულს ქართული ენის, ფესვებისა და ისტორიული სამშობლოს მიმართ. მისთვის აჭარა მხოლოდ რეგიონის განვითარების ნაწილი არ არის, ამავდროულად, ეს მისი იმ ადამიანების მიმართ გამოჩენილი სიყვარულია, რომელთა სამსახურში 24 საათის განმავლობაში დგას. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ბათუმის მიმართ აქვს, სადაც გული სულ სხვანაირად უცემს.

Ok! ბათუმის ფურცლებიდან გიყვებით ადამიანზე, რომელსაც წინ დიდი გეგმები აქვს და ისინი საქართველოს, კონკრეტულად კი აჭარას უკავშირდება.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელობა – რას გულისხმობს ეს სტატუსი და რა ძირითად პასუხისმგებლობებს მოიცავს?

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს, რომლის მისია საქართველოში უცხოურ კომპანიებსა და მთავრობას შორის ერთგვარი ხიდის შექმნაა. ასოციაციაში სულ 16 კომპანიაა გაწევრიანებული. მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან ინვესტიციაში ჩვენი ასოციაციის დიდი წვლილია. რაც შეეხება მეორე პოზიციას, თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური ბიზნეს საბჭოს (DEIK) თავმჯდომარეობას – ჩვენი მიზანია ინვესტიციების ზრდა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. ჩვენი სლოგანია – „ბიზნეს დიპლომატია“. გვინდა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში და უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს.

უკვე მრავალი წელია ბათუმში საერთაშორისო გამოფენებს ატარებთ, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სასურველი იმიჯის პოპულარიზაციას. რა კონკრეტული შედეგები გაქვთ დღემდე და რა არის თქვენი მთავარი მიზანი ამ პროექტებში?

ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა „ექსპო ბათუმია“ – სექტორი, რომელშიც უკვე 15 წელია ვმოღვაწეობ. აჭარაში, ყოველწლიურად, ხუთ საერთაშორისო გამოფენას ვატარებთ. აღსანიშნავია, რომ ისინი იმ დროს ტარდება, როცა სეზონი არ არის, ამით ვცდილობთ ქალაქი ყველა სეზონზე იყოს აქტიური და საინტერესო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის. გამოფენები მნიშვნელოვნად ზრდის მონაწილე კომპანიების ცნობადობას, აძლიერებს მათ პოზიციას ბაზარზე და ხელს უწყობს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას. წლის განმავლობაში ვმართავთ განათლების, სამედიცინო, ტურიზმის, აგრო და სამშენებლო გამოფენებს. მახსოვს, პირველი გამოფენა ღია სივრცეში გავმართეთ, მაშინ ბათუმში  საკმარისი სასტუმროები არ იყო, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობის მხარდაჭერით ჩვენი კომპანია ყოველთვის ახერხებდა პროექტების რეალიზებას. სწორედ ამის დამსახურეებაა, რომ ჩვენი გამოფენები დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ბაზრის გაძლიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქველმოქმედებაზე საუბარს ერიდებით, ყველასთვის ცნობილია თქვენ მიერ განხორციელებული არაერთი კეთილი საქმე. გაიხსენეთ ყველაზე თბილი და ემოციური მომენტი, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ.

ეს თემა ჩემი სუსტი წერტილია. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, ჩემს ბაბუას და ბებოს, რომლებმაც გამზარდეს, ქართული მასწავლეს და სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამიღვიძეს. დღეს ღმერთმა მომცა იმის საშუალება, რომ ჩემს ქართველებს ვემსახურო. ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ჩემს მოქალაქეებს ვეხმარები, განსაკუთრებით მათ, ვისაც თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებში ესაჭიროება მხარდაჭერა. ამას სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებ. ჩვენი სლოგანია „სიკეთე გადამდებია“ და ნამდვილად მჯერა, რომ ქართველები ერთმანეთის გვერდში დგომით გამოვირჩევით. ახლოვდება ახალი წელი და ვგეგმავთ, ტრადიციულად, დახმარება გავუწიოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ღმერთმა ნუ ქნას დადგეს დღე, როცა ვეღარ შევძლებ ადამიანების დახმარებას. მინდა ყოველთვის მქონდეს ძალა და შესაძლებლობა, რომ ყველას გავუწოდო დახმარების ხელი, ვინც დამირეკავს და მხარდაჭერას მთხოვს. სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემი მისია ჩემი ხალხის სამსახურში ყოფნა იქნება.

ხშირად, სიამაყით აღნიშნავთ, რომ ჩვენებური ხართ. როგორც ვიცი, პირველ კლასში თურქული ენა არ იცოდით, ვინ გასწავლიდათ ქართულს და როგორ მოახერხეთ ტრადიციების ასე ერთგულად შენარჩუნება? გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, შვილებზე.

ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური და ღრმა თემაა. ბაბუას და ბებოს კალთაში გავიზარდე და სწორედ მათ მინდა მადლობა გადავუხადო იმ სულისკვეთებისთვის, წეს-ჩვეულებებისთვის და ტრადიციებისთვის, რომლებიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს შვილიშვილებს. რა თქმა უნდა, მე ვარ ჩვენებური. ჩვენებური ნიშნავს ჩვენიანს, ჩვენზე მოფიქრალს. მაშინ, როცა ტრაპზონში, საქართველოს საკონსულოში ვმუშაობდი, მაშინდელმა გენერალურმა კონსულმა, ბატონმა ნიკოლოზმა მითხრა – თქვენ ჩვენებური ხართო. იმ დღიდან ეს სიტყვა ძალიან მომეწონა, ბოლომდე გავიაზრე მისი მნიშვნელობა და სულ  დიდი სიამაყით ვიმეორებ, რომ დიახ, მე ჩვენებური ვარ. ხანდახან მაინც გვეძახიან „თქვენ თურქები ხართ, იქ დაიბადეთო“, მაგრამ, სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს სად დავიბადეთ. თურქეთში მცხოვრები ქართველები, რა თქმა უნდა, ჯერ პატივს ვცემთ ქვეყანას სადაც დავიბადეთ და ვცხოვრობთ. მეც პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის მთავრობასა და ჩემს მოქალაქეობას, თუმცა, ქართველობა ჩვენს იდენტობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თურქეთში 2 მილიონ 900 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ეს მცირე რიცხვი არ არის. ეს ადამიანები მხოლოდ მოფერებას ითხოვენ ჩვენგან. ვთვლი, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი დიასპორის პოლიტიკა, თუნდაც დიასპორის სამინისტრო, რათა ქართველებმა უცხოეთშიც შეინარჩუნონ ენა და ტრადიციები. მთავრობამ, ჩვენ, ინვესტორებმა კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, რათა ჩვენი ქართველები დაბრუნდნენ საქართველოში. ახლა კი, მინდა გაგაცნოთ ჩემი ოჯახი. დაოჯახებული ვარ, ორი შვილი მყავს – გოგო და ბიჭი. ჩემი რამაზი (ბებიამ დაარქვა ეს სახელი), ქართველობა რომ გაეგრძელებინა, საქართველოში ჩამოვიყვანე, ანკარაში ჩააბარა, მაგრამ არ გავუშვი. ერთი წელი სწავლობდა ქართულ ენას, შემდეგ ჩააბარა თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე. დღეს ვამაყობ, რომ ჩემს შემდეგ სწორედ ის გააგრძელებს ქართულ საქმეს. თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს, მათ შვილებს რომ არ დაავიწყდეთ ქართული, შეიძლება სახელმწიფომ რაღაც პროექტი გააკეთოს და მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოში დაამთავრონ უნივერსიტეტი. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩემმა შვილმა უკვე ისე ისწავლა ქართული, ხშირად გრამატიკულადაც კი მისწორებს. ეს მაძლევს იმედს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რამაზი მომავალშიც შეინარჩუნებს ქართულ ფესვებს. ჩვენი წინაპრები თურქეთში 1878 წელს გადავიდნენ, ცხოვრება დაიწყეს ნულიდან. ძალიან დიდი გაჭირვება გაიარეს. 99 წლის ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა თურქული ენა არ იცოდა. ბაბუაჩემი სოფლის გამგებელი იყო, უცხო სტუმრები რომ მოდიოდნენ მასთან – სუფრა გაშლილი ხვდებოდათ. სადაა დიასახლისიო იკითხავდნენ თურმე. ბებიაჩემი ვერ შემოდიოდა, იმიტომ რომ არ იცოდა თურქული. სკოლაში შესვლამდე არც ჩვენ ვიცოდით თურქული ენა. მე უკვე მეხუთე თაობა ვარ, 150 წელი გავიდა, ეს მცირე დრო ნამდვილად არ არის. ყველამ ერთად, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ქართული ენა არ დაკარგონ იქ მცხოვრებმა ქართველებმა. მე რომ ქართული ენა არ მცოდნოდა, აქ არ ვიქნებოდი და ეს ნამდვილად არ მენდომებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბებოს და ბაბუს ჩემთვის ნასწავლი ქართულისთვის და შენარჩუნებული ადათ-წესებისთვის.

თქვენ, ხშირად მოგიხსენებენ როგორც ხიდს საქართველოსა და თურქეთს შორის. ამ თანამშრომლობის ფონზე, რა ტიპის ინვესტიციები შემოდის საქართველოში და რა ტენდენციებს ხედავთ?

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან, აჭარის მთავრობასთან, „აწარმოე საქართველოსთან“ და სავაჭრო პალატებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოდან, თურქეთიდან გადმოვიტანოთ საუკეთესო პრაქტიკები. თურქეთ-საქართველოსა და ევროპის სამმხრივი ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას, ნედლეული თურქეთიდან შემოვიდეს, პროდუქცია შეიქმნას საქართველოში და ევროპაში გავიდეს „Made in Georgia“ მარკირებით. ტექსტილი უკვე წარმატებით ვითარდება ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Nike და Adidas. ამ შეთანხმების ფარგლებში გვინდა, ავეჯისა და სამშენებლო სექტორში ჩამოვიყვანოთ ინვესტორები, შევქმნათ ქარხნები და გავზარდოთ ექსპორტი. მეტი წარმოება ნიშნავს, მეტ შემოსავალს და მეტ სამუშაო ადგილს საქართველოში. გვინდა უფრო მეტი ექსპორტი, რომ მეტი დოვლათი დარჩეს საქართველოში.

რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის, როგორია თქვენი წილი ბათუმი?

ეს კითხვა ძალიან ემოციურია ჩემთვის. უკვე 30 წელია საქართველოში ვარ, და ყველაზე მეტი დრო სწორედ ბათუმში მაქვს გატარებული. ბათუმი ჩემთვის სხვა, განსაკუთრებული სამყაროა, უკვე ბრენდად ქცეული ქალაქი, სიყვარულის ქალაქი. როცა საქმეზე თბილისში მივდივარ და შემდეგ ბათუმს ვუახლოვდები, გული სულ სხვანაირად მიცემს. ეს ის ქალაქია, სადაც გინდა იცხოვრო, იმუშაო, შექმნა და სიყვარულით იყო გარემოცული.

როგორ აფასებთ ბათუმის ბიზნეს-პოტენციალს?

ბათუმს ძალიან დიდი რესურსი აქვს. ქალაქში უამრავი პროექტი მიმდინარეობს – ახლდება ინფრასტრუქტურა, შენდება კუნძული, გონიოში ახალი ინვესტიცია შემოდის. ბათუმის წინსვლას უკვე ვერაფერი გააჩერებს. მოვუწოდებ რეალურ ინვესტორებს – შემოდით ბათუმში, გამოავლინეთ მისი პოტენციალი. მჯერა, რომ ბათუმი მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და ბიზნეს მიმართულებად იქცევა.

ჩვენი მისიაა ინვესტორებს ვაჩვენოთ, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში.

ბათუმში ამ დროისთვის არ არის თანამედროვე საგამოფენო სივრცე, თუმცა ცნობილია, რომ თქვენ გეგმავთ ულტრათანამედროვე საგამოფენო ცენტრის აშენებას. როდის შეიძლება ველოდოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას?

დიდი ხანია ამის ოცნება და სურვილი მაქვს. დღევანდელი განვითარების ტემპი აშკარად გვიჩვენებს, რომ ბათუმს ასეთი სივრცე უთუოდ სჭირდება. სწორედ ამ სივრცეში შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოფენების, არამედ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება. თითქმის ყოველ წელს გვიწევს ლოკაციების შეცვლა, რაც კომპანიებისთვის დისკომფორტია.მზად ვართ, სივრცე შერჩეული გვაქვს, მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს იქნება ქალაქგარეთ მდებარე თანამედროვე ცენტრი, რომელიც უბნის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

გეგმა გვაქვს, რომ ერთ სივრცეში იყოს კაფე, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი – ყველაფერი, რაც სრულყოფილი ღონისძიებების ჩატარებას სჭირდება. ვფიქრობ, მსგავსი სივრცის არსებობის შემთხვევაში დაგვემატება გამოფენები და შესაძლოა თითქმის ყველა 3 თვეში გაიმართოს. ჩვენი მხრიდან, მთავრობის მხრიდან არის მზაობა და ვფიქრობ, მალე ბათუმს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების საგამოფენო სივრცე ექნება, რომელსაც პირადად მე, „ექსპო ბათუმი“, მთავრობის მხარდაჭერით ავაშენებთ.

და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები როგორც ბიზნესმისამართით, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით?

ჩვენი მიზანია, თურქეთ-საქართველოს შორის არა მხოლოდ ბიზნეს, არამედ კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობები გაძლიერდეს. მინდა, საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და ისინი იყოს სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს დიდი უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ სწორი გეგმით.

ამ მიმართულებით კოორდინირებულად ვმოქმედებთ და განვაგრძობთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის შრომას.

სრულად წაკითხვა