#OK! „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – კამპანია, რომელმაც თავისუფლების იდეა ემოციად აქცია

3 hours ago 3

როდესაც რეკლამა მხოლოდ კომერციულ მიზანს სცდება და ადამიანურ განცდად იქცევა, სწორედ მაშინ იბადება კამპანიები, რომლებიც საზოგადოებაში დიდხანს რჩება. PSP უკვე წლებია გამორჩეულია გამბედავი და ემოციური კამპანიებით, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ეხება. სწორედ ამ მიდგომის გაგრძელებაა კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა განსაკუთრებული ემოციურობით გააცოცხლა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ვიდეორგოლმა მალევე მოიპოვა საზოგადოების ყურადღება, მოწონება და საერთაშორისო აღიარებაც – კამპანია არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიცაა The One Show, Clio Awards, ADCE და სხვა. როგორ დაიბადა ამ კამპანიის იდეა, რატომ აღმოჩნდა ის ასეთი ემოციურად ძლიერი და რას ნიშნავს საერთაშორისო წარმატება ქართული ბრენდისთვის – ამის შესახებ PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა, ანო გოგიჩაძემ ჩვენთან უფრო ვრცლად ისაუბრა.

ქ-ნო ანო, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა კამპანიის – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ შექმნის იდეა?

კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაზე მუშაობის პროცესში შეიქმნა. გვინდოდა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე გვესაუბრა არა მხოლოდ როგორც ისტორიულ მოვლენაზე, არამედ როგორც ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. აქ გაჩნდა იდეა, რომ თავისუფლების სურვილი ადამიანში მუდამ და ნებისმიერ გარემოებაში ცოცხალია. ასე დაიბადა ფრაზა „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც შინაგანი თავისუფლების მეტაფორად იქცა.

ამ კამპანიამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა – ელოდით თუ არა ასეთ დიდ გამოხმაურებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში?

„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ არის ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შინაარსობრივად ღირებული კომუნიკაცია PSP-ს ისტორიაში. ვფიქრობდით, რომ კამპანიას მნიშვნელოვანი გამოხმაურება ექნებოდა, თუმცა მიღწეულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. კამპანია არაერთი გრან პრი‑სა და უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა ისეთ რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიცაა Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა.

როგორ ფიქრობთ, რის გამო შეძლო ამ კამპანიამ ასეთი დიდი მასშტაბის ყურადღებისა და ჯილდოების მიღება?

კამპანიამ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში, სხვადასხვა აუდიტორიასთან და განსხვავებული კულტურული თავისებურებების მქონე ადამიანებთან, ერთნაირი წარმატებით შეძლო ემოციური კავშირის დამყარება. ეს შედეგი მარკეტინგში კომუნიკაციის ეფექტურობის ერთგვარი საზომია და განპირობებულია იმით, რომ კამპანიის გზავნილი უნივერსალურ ადამიანურ სიმართლეს ატარებს. ამ შემთხვევაში კამპანიის მთავარი ძალა მის სიმართლესა და ემოციურ სიღრმეშია, რაც ადამიანურ განცდას – თავისუფლების შინაგან მეხსიერებას ეხება.

რას ნიშნავს თქვენთვის The One Show-ს მიერ წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელება და რა გრძნობა გქონდათ ჯილდოს მიღებისას?

ეს აღიარება ძალიან სასიხარულოა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთელი გუნდის წარმატებაა და უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, მომავალში არანაკლებ საინტერესო და ეფექტური საკომუნიკაციო აქტივობები შევთავაზოთ მომხმარებელს და მთლიან საზოგადოებას. საერთაშორისო პლატფორმებისგან მიღებული შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველოში შექმნილ ნამუშევრებს შეუძლია გლობალურ კრეატიულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

„პსპ“-სთვის დამახასიათებელია გამბედავი კამპანიების შექმნა, რომლებიც რეალურ პრობლემებსა და ემოციებზე საუბრობს – რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის მსგავსი კამპანიების შექმნა?

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია რას წარმოადგენს ბრენდი, რომელიც მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია – რა ღირებულებები აქვს მას და რამდენად გულწრფელია კომუნიკაციაში. ბრენდებს აქვთ შესაძლებლობა და გარკვეული პასუხისმგებლობაც, ისაუბრონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. განსაკუთრებით ფარმაციის კატეგორიაში, სადაც ბრენდის როლი მხოლოდ პროდუქტის საჭიროებებს არ უკავშირდება, არამედ ადამიანზე ზრუნვასაც მოიცავს.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა კამპანიაზე მუშაობის პროცესში?

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სენსიტიური თემის სწორად გადმოცემა – ისე, რომ გზავნილი ყოფილიყო გულწრფელი, ყველასთვის ერთნაირად გასაგები, ადამიანური და ამავდროულად ბუნებრივად დაკავშირებული ბრენდის ღირებულებებთან. მსგავსი კამპანიები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მნიშვნელოვანია არ გაწყდეს კავშირი კომუნიკაციის არსსა და ბრენდს შორის.

და ბოლოს, რა არის მთავარი გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ ადამიანებმა ამ ვიდეორგოლიდან დაიმახსოვრონ?

მთავარი გზავნილი ალბათ ის არის, რომ თავისუფლების სურვილი ადამიანში არასოდეს ქრება. შეიძლება თავისუფლება დროებით შეიზღუდოს, მაგრამ შინაგანი თავისუფლების განცდა უკვდავია. სწორედ ამას გამოხატავს ფრაზა – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“. ეს გზავნილი ემოციურად იმდენად ახლოს მივიდა თითოეულ ინდივიდთან, რომ შესამჩნევი კვალი დატოვა და მესიჯი „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ დღემდე სხვადასხვა კომუნიკაციაში გვხვდება – ადამიანები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოში იყენებენ მას.

ტექსტი: მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა