#OK! ცნობილი ქართველი ადამიანები მშობელის ამპლუაში

2 weeks ago 28

მშობლობა მხოლოდ ახალი სტატუსი არ არის – ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად ცვლის. სწორედ ასე აღწერენ დედობასა და მამობას ცნობილი ქართველები, რომლებიც აღიარებენ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ მათი ცხოვრება, ღირებულებები და სამყაროს აღქმაც შეიცვალა. ზოგი შვილთან მეგობრობას ყველაზე მნიშვნელოვანად მიიჩნევს, ზოგი ავტორიტეტის შენარჩუნებას, თუმცა ერთ რამეზე ყველა თანხმდება: მშობლობა უდიდესი ბედნიერებაა, რომელიც სიყვარულს, მოთმინებასა და მუდმივ სწავლას მოითხოვს. OK! გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გულწრფელ მოსაზრებებს იმაზე, რას ნიშნავს იყო მშობელი და რა სურთ ყველაზე მეტად საკუთარი შვილებისთვის.

ანკა ვასაძე

იყო მშობელი, ყველაზე დიდი ბედნიერებაა. დაწყებული იქიდან, როდესაც შვილს პირველად იყვან ხელში… ყველა ადამიანი განსხვავდება, შესაბამისად, სხვადასხვა ადამიანისთვის დედა შეიძლება იყოს მეგობარი ან მკაცრი აღმზრდელი, მისაბაძი ადამიანი ან ზოგ შემთხვევაში შვილმა იტვირთოს დედის როლი. მთავარი ისაა, რომ ეს ურთიერთობა ვერაფერს შეედრება. შვილთან მეგობრობა აუცილებელია, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს. ეს ზღვარი გადის მშობლის ავტორიტეტზე, რადგან გარკვეულწილად მშობელი მაგალითია შვილისთვის. პირადად მე დედასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და რაც დრო გადის, უფრო ვახლოვდებით. მიუხედავად ამისა, დღემდე არის უხილავი ზღვარი ჩვენს ქცევასა და დიალოგში, რაც ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობაშიც თავისთავად გადმოვიდა.

გიორგი ცინცაძე

სპორტსმენი მამებისთვის ძალიან რთულია სრულფასოვანი მშობელი იყო. თამაშები, გასვლები, შეკრებები – შეიძლება ითქვას, რომ შვილების პატარაობის ასაკს „გამოტოვებ“. შვილი რომ გყავს, თითქოს შენც იზრდები და სულ სხვა პასუხისმგებლობა გიჩნდება ცხოვრებაში. მიზნისკენ სწრაფვა სხვაგვარად არის მოტივირებული. შვილს ოჯახში უდიდესი სიხარული შემოაქვს და შენც მზად ხარ, მისი ბედნიერებისთვის ყველაფერი გააკეთო. ყველაზე მაგარი ის შეგრძნებაა, როცა შვილი უკვე იმ ასაკშია, როცა შენი მეგობარი ხდება. მე, სამწუხაროდ, მამაჩემთან ეს ურთიერთობა დამაკლდა და ამიტომ ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილებისთვის კარგი მეგობარი ვიყო და, ალბათ, მაგ ასაკში, როცა მამაშვილობაში მეგობრობა შემოდის, ეს ზღვარიც ფერმკრთალდება.

ნინო დარასელი

მშობლობა შენი მთავარი მისიაა ცხოვრებაში. ზღვარს რაც შეეხება, ჩემთან ეს ზღვარი წაშლილია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილები არ ცნობენ გამყოფ ხაზს.

დათო გორგილაძე

მგონი ისე ხდება, რომ მშობლობაზე, მშობლის პასუხისმგებლობასა და მშობლად ყოფნის ბედნიერებაზე მანამდე უფრო მკაფიო წარმოდგენა გაქვს, სანამ შენს ცხოვრებაში შვილი გაჩნდება. ჯერ ეიფორიაში ხარ, ნელ-ნელა კი ხვდები, რომ პასუხისმგებლობა სერიოზული და ყოველდღიურია, ბედნიერების განცდა კი იმაზე ბევრად ამაღლებული, ვიდრე წარმოგედგინა. ვფიქრობ, ჩემი როგორც მამის მოვალეობაა, რემედიოსს დავეხმარო გახდეს წესიერი მოქალაქე, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი და, რაც მთავარია, ბედნიერებისკენ სვლაში ხელი არ შევუშალო.

მანიკა ასათიანი

ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პროფესია და მთავარი გამოწვევა. რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდი სიმძაფრით ვიაზრებ, რას ნიშნავს და რამდენად რთულია, იყო კარგი მშობელი. ზღვარი სად გადის, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ, რაც დარწმუნებით მჯერა, აუცილებელია შვილთან მეგობრობა, იმიტომ, რომ მას უნდა ჰქონდეს მშობლის ნდობა და იმედი. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, მაგრამ შვილს არ უნდა შეეშინდეს მშობელთან ამის აღიარების. სულ ვუმეორებ, რომ ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს ჩემი იმედი, რადგან, რაც უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.

მშობელი ნამდვილად არის პასუხისმგებელი შვილის მომავალზე, მაგრამ ამას 100%-ით ვერ განსაზღვრავ. დედ-მამა ვალდებულია გარკვეულ საკითხებზე მიმართულება მისცეს შვილს და მთავარი ფასეულობები ჩაუნერგოს: იყოს ადამიანთა მიმართ სიყვარულით სავსე, ასწავლოს თავმდაბლობა, პატიება, თანაგრძნობა – ეს თვისებები თუ გაქვს, უკვე ადამიანი ხარ და მთავარიც ესაა – იყო ადამიანი და შეგეძლოს პიროვნულობის შენარჩუნება. ამას კი ბავშვობაში ჩანერგილი თვისებები განსაზღვრავს.

კოკო როინიშვილი

იყო მშობელი, არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. რაც უნდა დიდი ასაკის იყოს შვილი, შენ ეს პასუხიმგებლობა სულ გაქვს. რთული, მაგრამ სასიამოვნო გზაა. რაც მთავარია, უდიდესი ბედნიერება, თან ისეთი გოგოს მამობა, როგორიც ჩემი შვილია.

ჩემს შვილთან მეგობრობის ზღვარი მკაფიოდ არ მაქვს გავლებული იმიტომ, რომ  ორივე ერთმანეთშია არეული ჩემი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც. უბრალოდ, შვილის პატივისცემა უნდა მოიპოვო შენი მის მიმართ პატივისცემით. მერე ზუსტად ასევე გპასუხობს ისიც. ყველაზე მთავარი ახლა, რაც შვილს უნდა ასწავლო, არის თავისუფლება და ამ თავისუფლების სწორი გაგება, სწორი აღქმა.

საკო არშბა

დედობა ყველაზე დიდი ბედნიერება და თან უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმ დღეს თინა მეუბნებოდა: შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარო და ვერ აგიხსნით, როგორ გამაბედნიერა ამ სიტყვებმა. მგონი, ყველაზე დიდ რამეს მივაღწიე ჩემს შვილთან – ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, ყველაზე მეტად ერთმანეთს ვენდობით. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში ზღვარი არ გვაქვს. არ ვიცი, რამდენად სწორი ან არასწორია, სხვანაირად, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ერთმანეთის მიმართ ჩვენი უპირობო ნდობა შეგვიძლია ჩავთვალოთ იმის გარანტად, რომ ზღვრის გავლების აუცილებლობა არ დაგვიდგება.

ყველაზე მეტს ამ თემაზე ვფიქრობ, როგორი მინდა იყოს თინა, როცა გაიზრდება და მე რაში უნდა შევუწყო ხელი. თინა დამოუკიდებელი ადამიანია საკუთარი არჩევანით, შეხედულებებით, პოზიციით და ჩემთვის მისი ყველანაირი გადაწყვეტილება მისაღებია და ასე იქნება. უბრალოდ, სულ უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა დასჭირდეს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მე სულ მის გვერდით ვიქნები, რათა დავეხმარო. მინდა სერიოზულად მიუდგეს განათლებას, იყოს შინაგანად თავისუფალი – ჩარჩოებისგან, სტერეოტიპებისგან, სტიგმისგან და მეც ვცდილობ ასეთი თავისუფალი გარემო შევუქმნა.

ზუკა რურუა

პირველ რიგში, უნდა იყო მისი საყრდენი მთელი ცხოვრების გზაზე და ყველაფერი გააკეთო შვილისთვის – შეუძლებელიც კი. ბავშვმა უნდა იგრძნოს შენი არსებობა, როგორც მამის – მისი იმედი უნდა იყო, ხელჩასაჭიდი ადამიანი, შვილის ყოველდღიურობაში ჩართული და არა უბრალოდ „თოვლის ბაბუა“. ზღვარს რაც შეეხება, ვფიქრობ, შვილთან მეგობრული ურთიერთობა მშობლისა და ბავშვის სრულ თანასწორობას არ ნიშნავს, ამიტომ არსებობს ბევრ რამეში წითელი ხაზები და დისტანცია, რა თქმა უნდა… აი, მანდ გადის ზუსტად ზღვარი.

შვილს უნდა ვასწავლოთ იცხოვროს თავისი ცხოვრებით და იყოს ბედნიერი. თან კომპლექსურად უნდა განვავითაროთ ბავშვი ემოციურად, ფიზიკურად, შემეცნებითად და სოციალურადაც. ჩემი აზრით, ეს არის საფუძვლები, რომლის დანერგვაცაა საჭირო, ამასთან, რთულიცაა. მშობლებისთვისაც რთული და შრომატევადია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ.

სტეფანე და ფანიკო

(სტეფანე): მამაშვილური ურთიერთობა რა არის სინამდვილეში? – სიყვარული. როცა შვილი გიყვარს და ალბათ, მანიაკების გარდა ყველას უყვარს თავისი შვილი, ამით განსაკუთრებული არ ვარ. როცა შვილი გიყვარს და შენთვის ძვირფასია, მისი მეგობარიც ხარ, რა თქმა უნდა.

ფანიკოს მოვლის პროცესში ყოველთვის ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ფანიკო როცა დაიბადა, 2 ძიძა გვყავდა – დღის და ღამის და ერთი ქალბატონი დღემდე გვყავს. ფანიკო 18-ის ხდება მალე და იმ ქალბატონსაც ჩვენთან ყოფნის 18 წელი უსრულდება. დღემდე გვივლის, რადგან არ ვართ დამოუკიდებელი ადამიანები, ვინც თავს ბოლომდე თავად უვლის. როცა ფანიკო პატარა იყო, ხშირად ვუცვლიდი საფენებს, ვაძინებდი და ა.შ.

ფანიკო კუროა ჰოროსკოპით და სიჯიუტე აქვს წარმოუდგენელი დოზით, რომელსაც ვერ შევცვლი, ვერაფრით ვერ შეიცვლება ეს თვისება. მის უამრავ დადებით თვისებასთან ერთად, ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ძალიან კეთილია, ადამიანურია.

ზოგადად დროის ერთად გატარება გვიყვარს, რაც საკმარისი დოზით ვერ გამოგვდის. ჩემი შვილი თინეიჯერია და უფრო ხშირად მეგობრებთან ერთად არის. ყველაფერი გვიყვარს ერთად, მათ შორის, მოგზაურობა.

(ფანიკო): ვიტყოდი, რომ მამაშვილურზე მეტად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ისეთ თემებზე შემიძლია მასთან საუბარი, რაზეც, მე ვფიქრობ, სხვა მამა-შვილები არ ლაპარაკობენ. მამაჩემისგან ისეთ რჩევებს ვიღებ, რომ მართლა მადგება ცხოვრებაში. მეც ვცდილობ ისეთი რჩევები მივცე, რომ გაითვალისწინოს.

No photo description available.

რუსკა მაყაშვილი

ყველაფერი იმდენად შეიცვალა, რომ დედობამდე როგორი იყო ჩემი ცხოვრება, აღარც კი მახსოვს. პასუხისმგებლობა გემატება, ყველაფერზე გეცვლება შეხედულება, ცხოვრების წესს იცვლი, სამყაროსაც სულ სხვაგვარად აღიქვამ. მოკლედ, ყველაფერს ცვლის შვილი. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ იმის იქით რა არის, არც კი ვიცი, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა თან იმდენად სასიამოვნოა, მზად ხარ „შეეჭიდო“.

ყველა დედის შიშები და ფიქრებია, სწორად ვაკეთებთ თუ არა რაღაცებს და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

პირველი შვილი რომ გამიჩნდა, რაღაცებს მარტივად შევხედე. მთავარი იყო ბავშვის კომფორტულად ყოფნა და აქედან გამომდინარე ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ვფიქრობდი ბავშვის კომფორტზე და არა ჩემს კომფორტზე. შესაბამისად, ყველაფერს ამის მიხედვით ვაკეთებდი.მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც თქვენი გამოცდილებით უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა…

ბავშვი არის ყველაზე გულწრფელი და ამიტომაც მოუსმინეთ თქვენს შვილებს. თუ ჩვენ − მშობელი და შვილი ერთმანეთს მოვუსმენთ, იდილია შეიქმნება და ყველაფერი გადასარევად იქნება.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ხარ მათთან, მთავარია იყო ხარისხიანად: ეთამაშო, ბევრი ესაუბრო. მთელი დღე ბავშვის გვერდით ყოფნას და მის სამყაროში არყოფნას არ აქვს აზრი. შეიძლება ხუთი წუთი იყო ბავშვთან და ბოლომდე მისით გარემოცულმა გაცილებით პროდუქტიული ურთიერთობა მიიღო.

გურამ კაშია

ვფიქრობ, მშობლებს შორის აუცილებლად თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდა. მშობლებმა უნდა გადასცენ მათ მთავარი ფასეულობები. ჩემს მამობას რაც შეეხება, ძალიან მსიამოვნებს მამის ამპლუაში ყოფნა და მინდა, მაქსიმალურად ვიყო ჩართული ნებისმიერ საკითხში, რომელიც ბავშვთან არის დაკავშირებული. ეს ეხება მოვლის პროცესს, მეცადინეობას, გართობას თუ ნებისმიერ სხვა თემას. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მამამაც გააკეთოს იგივე, რასაც დედა აკეთებს: გამოუცვალოს შვილს საფენები, აჭამოს, აბანაოს… თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, ბავშვზე ზრუნვის ეს ნაწილიც გამევლო და მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ასე რომ, რაც ალესანდრას ეხება, ყველაფერში ჩართული ვარ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი შვილის გვერდით ყოფნა.

ირაკლი კაკაბაძე

მე მგონი, ისინი უფრო მზრდიან, მეხმარებიან და მასწავლიან, ვიდრე მე მათ. შეიძლება ითქვას, ერთად ვიზრდებით და ერთად გავდივართ ცხოვრების საინტერესო გზას. მათთან ურთიერთობის შემდეგ, ყოველ ჯერზე, უკეთესი ვხდები. სიყვარულის, სიკეთის, გულწრფელობის მაგალითს მაძლევენ და მათ მასწავლეს ურთიერთობის ბედნიერება.

„სამოთხე აქვეა,

კარის უკან,

შვილების ტიკტიკში…“

იაკი კაბეალექსანდრე ლორთქიფანიძე

მამობა განსაკუთრებული პრივილეგიაა. პრივილეგია, რომელსაც მოაქვს პასუხისმგებლობები, შიშები, თავის ტკივილი, საზრუნავი და ა.შ. მაგრამ ორჯერ მეტი სიხარული, ენერგია, ძალა, სიცოცხლის უნარი, სიყვარული და ყველაფერი ის, რასაც საკუთარი შვილის თვალებში კითხულობ. სწორედ ამიტომ, მივიჩნევ, რომ თითოეული მამაკაცის, თითოეული მამის უდიდესი შესაძლებლობაა მაქსიმალურად ჩართული იყოს შვილის ცხოვრებაში, მასთან ერთად გაიზიაროს ყველა ის წუთი, რომელსაც ბავშვი გადის ცხოვრების პირველ წლებში, იგრძნოს ზემოთ ნახსენები შიშებიც და ბედნიერებაც. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა სტერეოტიპისა თუ სტიგმის მორჩილებით, დანაშაულია − როგორც შვილის, ასევე საკუთარი თავის წინაშე.

მამობა განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომელიც უნდა დავაფასოთ და ვიყოთ საუკეთესო მამები ჩვენი შვილებისთვის.

სრულად წაკითხვა