ჩვენი დღევანდელი სტუმარი მართლაც რომ მისაბაძი, ახალგაზრდა, უმშვენიერესი ქალია. ორი შვილის მზრუნველი დედა, ინფლუენსერი, იურისტი, პიარმენეჯერი და მოდელი – ლიკუნა მეტრეველი, ქალი, რომელიც ყველაფერს ასწრებს. როგორ უთავსებს ერთმანეთს დედობასა და რამდენიმე პროფესიის დაძაბულ სამუშაო გრაფიკს – ამას ლიკუნასთან ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ.
ლიკუნა, თქვენ ხართ საკმაოდ დაკავებული ქალი, რომელიც ამავდროულად ორ შვილს ზრდის. რამდენად რთულია, იყო ერთდროულად კარგი და მზრუნველი დედა და ასევე, საქმიანი ქალი? რა არის ასეთ დროს მთავარი გამოწვევა?
ხშირად უთქვამთ, რომ კარგი დედა ვარ. პირველ რიგში, ჩემს შვილებს, რაც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი შეფასებაა. ვცდილობ, მაქსიმალურად დიდი დრო დავუთმო მათ გაზრდას და აღზრდას, და ასევე, არ დავკარგო ჩემი პირადი ცხოვრება, საქმე და სურვილები. ეს ყველაზე რთულია, ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან რთულია ბევრი მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული და წარმატებული. რთულია ბალანსის დაცვა და დროის გადანაწილება. დრო ჩვენი სამართავია, ჩვენი ყველდღიური რუტინაა, რომ სტრესისა და დაძაბულობის ფონზე მოვასწროთ ყველაფერი. მოასწრო გადაღება, სასმართლოში პროცესი, მიაკითხო ბავშვს სკოლაში, რაც მას ძალიან გაახარებს. ამ ქაოსურ რეალობაში ყველა როლი სწორად და სრულფასოვნად უნდა მოირგო. ჩემთვის, როგორც დედისთვის, რა თქმა უნდა, უპირველესი მნიშვნელობისაა, რომ ჯერ კარგი დედა ვიყო და მერე სხვა დანარჩენი. ქალს უნდა ჰქონდეს საყვარელი საქმე. ეს შეიძლება იყოს დიასახლისობაც, სხვა საქმეც, მთავარია ქალი კარგად და კომფორტულად გრძნობდეს თავს ამ როლში. მისთვის ორგანული უნდა იყოს ის, რასაც აკეთებს, რადგან ეს აისახება მის პიროვნებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩემთვის მნიშნელოვანია, ვიყო საქმიანი ქალი, ვაკეთებდე იმას, რაც მსიამოვნებს და გავზარდო სწორი ღირებულებების და მენტალობის ბავშვები.

თქვენ ხართ ინფლუენსერი, თანამშრომლობთ ბევრ ბრენდთან. ამის გარდა საკუთარი პროფესიითაც საქმიანობთ. მოგვიყევით, როგორია თქვენი საქმიანი ცხოვრება?
დღეს მაქვს ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესია. იურისტი, ადვოკატი ვარ და ვმუშაობ ჩემი პროფესიით ერთ-ერთ კომპანიაში, „კივი ფოსტაში“. ასევე, მაქვს შეძენილი პროფესია და ვარ ერთ-ერთი ბრენდის – „მელვიტას“ პიარმენეჯერი. როცა ეს შემოთავაზება მივიღე, თავიდან დავეჭვდი, რამდენად შევძლებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო და პროდუქტიული სიახლე იყო ჩემთვის და საკუთარი თავი ახალი საქმიანი მიმართულებით ვიპოვე. ასევე, ვარ სამშენებლო კომპანიის „სტრუქტურა დეველოპმენტის“ ბრენდამბასადორი და ვარ ინფლუენსერი. ეს უკანასკნელი ცალკე პროფესიაა და უდიდეს შრომას მოითხოვს. ჩემი ასაკის მიუხედავად, არ ვთმობ სამოდელო კარიერას და როცა არის ამ მიმართულლებით შემოთავაზებები, უარს არ ვამბობ. ბევრი განსხვავებული პროფესია მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ რთულია. პირიქით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ბალანსი და რაღაც დოზით მიღწეული მაქვს ამ ბალანსისთვის, ჩემი ფერადი და ჭრელი პროფესიებით, რომელთაგან თითოეული თავისებურად მავსებს და ბედნიერებას მანიჭებს.
დედობის გამოცდილებაზე გვესაუბრეთ.
სანამ დედობის საკუთარ გამოცდილებაზე ვისაუბრებ, აუცილებლად უნდა ვახსენო დედაჩემი. რომ არა დედა, არ იქნებოდა დღეანდელი ლიკუნა მეტრეველი. ეს არის ქალი, რომელმაც მასწავლა დედობა და ძალიან დამეხმარა, რადგან საკმაოდ პატარა ასაკში გავხდი დედა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგად მქონდა გააზრებული, რას ნიშნავს, იყო დედა, მაინც რთული იყო საწყის ეტაპზე, ბავშვების ჩვილობაში, საკუთარი თავისთვის დროის მოკლება და სურვილებზე უარის თქმა. როცა პირველი შვილი მეყოლა, არ ვმუშაობდი. მეორე რომ გავაჩინე, 10 თვის იყო, მუშაობა რომ დავიწყე. გარკვეულწილად სირთულე იყო ჩემთვის, რომ ბავშვებს მოვწყდი და დრო სამსახურს დავუთმე. თუმცა ვხვდებოდი, რომ ბალანსი საჭირო იყო. ყველანაირად ვცდილობდი, სამუშაო ისე გამენაწილებინა, რომ ბავშვებთან მაქსიმალურად ვყოფილიყავი. დღესაც იმავეს ვცდილობ, რომ დრო სწორად გადავანაწილო ბავშვებს, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. დედობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელია ჩემთვის. ეს არის ძალა, ყველაფერი ვაკეთო მაქსიმალური შემართებით.
გაგვაცანით შვილები და მოგვიყევით მათზე.
მყავს ორი შვილი, 11 წლის ნინა და 9 წლის ნიტა. ვამბობ ხოლმე, რომ ჩემთვის გავაჩინე, ჩემს საუკეთეს მეგობრებად. ისინი არიან ადამიანები, რომელთანაც მაქვს ღია და ძალიან თავისუფალი ურთიერთობა. პატარები რომ იყვნენ, სულ ვეუბნებოდი – რომ გაიზრდებით, ჩემი მეგობრები იყავით-მეთქი. საბოლოოდ, დედაშვილობასთან ერთად, ვართ საუკეთესო მეგობრები. ეს არის ურთერთობის ყველაზე ძვირფასი ჯაჭვი. ორივე სწავლობს, დიდად სპორტული ცხოვრებით არ ცხოვრობენ. ცურვაზე დადიან პერიოდულად, ჩემი დიდი სურვილის გამო. ორივე კარგად ხატავს, ხელოვნებასთან ახლოს არიან და საკუთარი ხელით აკეთებენ სხვადასხვა ნივთს. ორივეს დიდი მიზანი არის, ერთ დღესაც მთელი საქართველოს მასშტაბით უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფარი გააკეთონ, სადაც ეს ცხოველები იქნებიან უსაზღვროდ ბედნიერები. იმდენად გულით ოცნებობენ, რომ მეც ძალიან მინდა, ოდესმე აისრულონ ეს გულისნადები და ოცნება.

ყველაზე მეტად რის გაკეთება გიყვართ ერთად დედასა და შვილებს? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
ძალიან გვიყვარს სამაგიდო თამაშები და საკმაოდ ხშირად ვთამაშობთ. ამ დროს ვივიწყებთ დედაშვილობას და უმოწყალო ბრძოლაში შევდივართ. ხშირად ვუყურებთ ერთად კინოს სახლშიც და კინოთეატრშიც, დავდივართ საშოპინგოდ. გვიყვარს ერთად სეირნობა, მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაკავებული ვარ საქმით, მაინც ვახერხებ, რომ დიდი დრო გავატარო ჩემს შვილებთან ერთად. ივენთებზეც ერთად დავდივართ, რაც ძალიან მოსწონთ. ჩვენს საზაფხულო და სკოლის პერიოდში შაბათ-კვირის გეგმებს ერთად ვადგენთ და მერე აუცილებლად ვუსრულებ, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ყველა დანაპირები შევუსრულო. ვცდილობთ ხარისხიანად გავატაროთ დრო. ზოგჯერ, უბრალოდ, სახლში ვართ და ჩვენ-ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლული. უკვე ასაკიც ისეთი აქვთ, რომ საკუთარი სივრცე და დრო სჭირდებათ.
ლიკუნა, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის დროის სწორი მენეჯმენტი?
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში დროის სწორი მენეჯმენტი. მეტისმეტად ქაოსური ცხოვრება გვაქვს, ყველაფერს ფეხი რომ აუწყო, შეუძლებელია დროის სწორი მენეჯმენტის გარეშე, კარგი შედეგი მიიღო. ერთია, როცა თანდაყოლილად, შინაგანად გაქვს და მეორე, რომ სიტუაციურად გამოიმუშაო ეს უნარი. ჩემთვის ეს გადამრჩენია. რეალურად ეს შესაძლებელია, როცა სწორად დაყოფ პრიორიტეტებს, სურვილებსა და საჭიროებებს. მე ბავშვებსაც უნდა დავუთმო დრო, საქმესაც და პირად საჭიროებებსაც – პილატესს, სხვადასხვა პროცედურას, მეგობრებს. როცა ნათლად ხედავ პრიორიტეტებს, მერე მარტივად ყოფ დროს მათზე. მთავარი მონდომებაა და ამიტომ ყოველთვის ვპოულობ გამოსავალს, დღის ჭრილში და გრძელვადიანად, რომელიც ყველა პრიორიტეტს უნდა მოვარგო. ამ უნარის დასწავლა და გამომუშავება შეიძლება, რადგან ძალიან ამარტივებს ცხოვრებას. დროის მენეჯმენტი სტრესული და რთულია, მაგრამ ძალზე საჭირო.
რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს და ამავე დროს, უწევთ ან სურვილი აქვთ, იმუშაონ და იყონ საზოგადოებრივად რეალიზებულები?
მე მარტო არ ვზრდი ბავშვებს, დედაჩემიც ძალიან ჩართულია ჩემი შვილების გაზრდის პროცესში. ორ ადამიანს გვიმარტივდება დროის გადანაწილება. არიან ქალები, რომლებიც მარტო ზრდიან ბავშვებს და უწევთ, რომ პარალელურად იმუშაონ, ზოგჯერ ისეთ გარემოში, სადაც ამის სურვილი არ აქვთ. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარონ, დასახონ სასურველი ცხოვრების მიზანი და ყველაფერი გააკეთონ მის მისაღწევად. მარტო ბავშვის გაზრდა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ მას, როგორც მიზანს და მოტივატორს ისე დავინახავთ, ყველაფერს შევძლებთ.
ლოკაცია: Strofi by old Tbilisi Hospitality
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი
okmagazine ცხოვრების სტილი