ბიუთი რედაქტორისგან: ბიუთი ჯგუფებში ძალიან ხშირად ისმება კითხვა: „სად და ვისთან გავიკეთო წარბები?“ ამ კითხვებზე პასუხებსა და რეკომენდაციებს უმრავლეს შემთხვევაში ჩემს დღევანდელ რესპონდენტამდე მივყავართ – ვისთან, თუ არა წარბების დედოფალთან – ეკა ცხვარიაშვილთან. ეკა უკვე ბევრი წელია ჩემი წარბების სილამაზეზეც ზრუნავს და ამ ნაწილში რომ მშვიდი და კმაყოფილი ვარ, მხოლოდ მისი დამსახურებაა. წარბების სწორად კორექტირებას და მის სრულყოფილად მოვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აი, ეკა OK!-ს სამაისო ბიუთი რუბრიკაში სიამოვნებით გიზიარებთ ძალიან სასარგებლო ინფორმაციას.
ეკა, რა როლი აქვს ვიზუალში წარბს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორი მოვლა?
წარბი არის უმნიშვნელოვანესი დეტალი როგორც ქალის, ასევე, კაცის გარეგნობაში. თუ წარბი კარგ ფორმაშია, ის ახდენს თვალების, სახის ოვალის ვიზუალურ ხაზგასმას, შესაბამისად, მეტად გვიხდება ყველაფერი. თმასა და მაკიაჟზეც კი აქვს უდიდესი გავლენა წარბის ფორმას.
რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი წარბის მოვლა სპეციალისტთან?
რა ასაკიდანაც ექნება ადამიანს ამის სურვილი. თუმცა ჯობს, მოზარდი თავიდანვე მიიყვანოთ კვალიფიციურ სპეციალისტთან, რომ მან სწორად დააფორმიროს წარბის ფორმა, ვიდრე მოზარდმა თავად გაიფუჭოს წარბი, რადგან შემდეგ მისი ფორმის აღდგენას დიდი დრო სჭირდება. წარბების პირველ კორექციას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. საჭიროა, არ მოხდეს ძირითადი რესურსის დაზიანება და პირიქით, გავააქტიუროთ ის არეები, სადაც საჭიროა, რომ მეტი ღერი ამოვიდეს, იდეალური ფორმისთვის. ასე კარგად ყალიბდება წარბი და ფორმა სრულყოფილი ხდება. სასურველია, თავიდან თვეში ერთხელ მაინც მივმართოთ სპეციალისტს კორექციისთვის, შემდეგ შეიძლება თვე-ნახევარ, ორ თვემდე გაიზარდოს ინტერვალი.
ბევრ ადამიანს აწუხებს წარბის ცვენა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პრობლემის დროს?
ძალიან გახშირდა ბოლო დროს არა მხოლოდ თმის, წარბის ცვენის პრობლემაც. ამას ექიმებიც აღნიშნავენ. განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ შეინიშნება ეს ტენდენცია. საჭიროა, გამოირიცხოს ყველა ფიზიოლოგიური, ჯანმრთელობის მდგომარეობის გავლენა ამ პრობლემაზე და ჩვენი მხრიდან შეგვიძლია შემდეგი: წარბს არ უყვარს ხშირი ვარცხნა. არ გავაღიზიანოთ უხეში ზემოქმედებით, სავარცხლით და ფუნჯით. თუ ექიმი გამორიცხავს დაავადებების გავლენას, მერე ასეთ დროს ვურჩევ ხოლმე წარბის ამოსაყვან შრატს, სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, ჩემს წარბის ფიქსატორს „ეკასი“, რომელიც გარდა იმისა, რომ აფიქსირებს წარბს, აქვს ღერის ამოყვანის ეფექტი, აჯანსაღებს ღერს, ფოლიკულს, რადგან ის შეიცავს ბეპანტენს, გლიკოლს, ვიტამინ B5-ს, რა თქმა უნდა, ჰიალურონის მჟავას და სხვა ბიოინგრედიენტებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვისაც ვურჩიე, თითქმის 100%-ს ამოუყვანა და გაუხშირა წარბები.
რა ხდება მაშინ, როცა წარბი არასწორი კორექციით არის დაზიანებული?
არასწორად გაკეთებული წარბის ამოყვანა ყველაზე კარგად ხდება წარბის სწორი კორექციით. ამას სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ყველაზე კარგად წარბის კეთების პროცესში ხდება დაზიანებული ფოლიკულების სტიმულაცია და ცარიელი ადგილების შევსება. ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და სწორად მუშაობის შედეგად, იზრდება წარბის დაზიანებული ადგილები.

აღნიშნეთ, რომ ხშირი ვარცხნა შეიძლება საზიანო იყოს წარბისთვის. რამდენად მიზანშეწონილია ყოველდღიურად ფიქსატორების, ჩრდილების, ფანქრების ხმარება?
სამივე პროდუქტი, რაც ჩამოთვალეთ, ადამიანს მაშინ სჭირდება, როცა არ არის წარბის ფორმით კმაყოფილი ანუ არასათანადოდ არის წარბის ფორმა გაკეთებული და დაზიანებულია, ამიტომ ითხოვს ფანქარს და ჩრდილს. თუმცა თავისუფლად შეიძლება ისეთი ფიქსატორის ხმარება, რომელიც აფიქსირებს და არ ახმობს წარბს. ის, რომელიც ახმობს, არის წებო და აუცილებლად გამოიწვევს წარბის ცვენას. მნიშვნელოვანია, რომ კარგი ხარისხის პროდუქტები გამოვიყენოთ, მათ შორის, ფანქარი და ჩრდილები. თუ ვხვდებით, რომ რომელიმე პროდუქტის ხმარების დაწყებასთან ერთად გაღრმავდა ცვენა, მაშინვე უნდა შევწყვიტოთ მათი გამოყენება. ასევე, წარბის გაწმენდა მიცელარული წყლით არასასურველია და არასაკმარისი. ჯობს, ფიქსატორიან, დახატულ წარბს ისე მოვუაროთ, როგორც კანს – ფაქიზად დავიბანოთ ჰიდროფილური ზეთის საშუალებით, შემდგომ კი ჩამოვიბანოთ სახის დასაბანი გელით.
ეკა, ყველამ ვიცით, რომ სპეციალისტები წარბის ფორმას ამუშავებენ პინცეტით ან ე.წ. ცვილის ფხრიწებით. რომელ მეთოდს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
მე ვაღიარებ მხოლოდ პინცეტით კორექციას. კორექცია ეს არის წარბის ფორმის შეცვლა და მე ვერ შევძლებ ფხრიწით ფაქიზად მუშაობას. მე ხომ თითოეულ ღერს ვუფრთხილდები, როცა კორექციას ვაკეთებ, მირჩევნია ღერი ამოსაღები დამრჩეს, ვიდრე შევყვე და ზედმეტი ამოვიღო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პინცეტი მირჩევნია.
წარბის როგორი ფორმაა ახლა მოდური?
დღეს ყველაფერი მოდაშია, რაც გვიხდება, მთავარია არ დავაზიანოთ ის ზონები – წამყვანი ღერძები, რომელსაც უჭირავს წარბი. დანარჩენი, მომხმარებელს რის სურვილიც აქვს, ვითვალისწინებ. ასევე, მნიშვნელოვანია რესურსი, რის საშუალება მაქვს, რა შედეგის მიღება შემიძლია კონკრეტულ წარბზე.
ყოფილა ისე, რომ მომხმარებელს თავისი ბუნებრივი ფორმისგან აბსოლუტურად განსხვავებული ვიზუალი მოუთხოვია?
რა თქმა უნდა. ბევრს ჰგონია, რომ ბუნებრივი ფორმა ნიშნავს იმავე ფორმის დატოვებას. არამც და არამც. წარბზე ჩემთან მოსულ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ შევცვალო ფორმა, სხვანაირად ხომ არც მომმართავდა, და მე მაქსიმალურად უნდა მოვარგო ახალი ფორმა თვალებზე, სახეზე, ისეთი ბუნებრივი ეფექტით, რომ მისი ოჯახის წევრების გარდა საერთოდ ვერავინ მიხვდეს, წარბი თუ დაკორექტირებული აქვს. ამას სჭირდება ზედმიწევნით ინდივიდუალური მიდგომა. ბუნებრივი იერის და ვიზუალის წარბი ნიშნავს იმას, რომ უცხო თვალი ვერ აღიქვამდეს, იქ რაიმე თუ არის კორექტირებული. ჩემთვის ასეთია იდეალური ნამუშევარი და იდეალური წარბის ფორმა.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი

2 weeks ago
20







English (US) ·
Georgian (GE) ·