#OK! წარმატება, დისციპლინა და მუდმივი განვითარება – ია დუმბაძის პროფესიული გზა

1 hour ago 3

განათლება, პასუხისმგებლობა და მუდმივი განვითარება – სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ია დუმბაძის პროფესიული გზა. ის გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, განათლების სფეროში მიღწეული წარმატებებითა და თანამედროვე მიდგომებით. მისთვის პედაგოგობა ადამიანების მხარდაჭერა, მოტივაციის გაძლიერება და მათთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. დღეს ია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორი, ინგლისური ენის პედაგოგი და არაერთი სტუდენტისა თუ აბიტურიენტის წარმატების თანამონაწილეა.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი და რატომ დაინტერესდით სწორედ ამ გზით?

ჩემი პროფესიული არჩევანი ბუნებრივი და გულიდან წამოსული გადაწყვეტილება იყო. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან განსაკუთრებით მომწონდა ინგლისური ენა, უცხო ქვექნის კულტურა, კომუნიკაცია და ის შესაძლებლობები, რასაც უცხო ენის ცოდნა ადამიანს აძლევს. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ მხოლოდ ენის შესწავლა კი არა, ცოდნის სხვებისთვის გაზიარება მაბედნიერებდა ყველაზე მეტად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება განათლებისა და პედაგოგიკისთვის დამეკავშირებინა.

დღეს ვმუშაობ ინგლისური ენის პედაგოგად და ლექტორად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, პარალელურად ვამზადებ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და ზრდასრულ მსმენელებს. ასევე, ვასწავლი ტექნიკურ ინგლისურს ყველა მიმართულებით და ვამზადებ მეზღვაურებს გასაუბრებებისთვის.

რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგობა?

ჩემთვის ეს პროფესია უბრალოდ სამსახური არასოდეს ყოფილა, ეს არის მისია, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, ადამიანების ცხოვრებაში რეალური ცვლილებები შევიტანო. ენის შესწავლასთან ერთად, ეს არის ადამიანთან ურთიერთობა, ნდობის შექმნა, მოტივაციის გაღვივება და იმის ჩვენება, რომ სწორი მხარდაჭერით შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურ სამყაროს წარმოადგენს თავისი შესაძლებლობებით, ტემპითა და მიზნებით. სწორედ ამიტომ ვცდილობ, სწავლების პროცესი თითოეულისთვის საინტერესო, კომფორტული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. პედაგოგობა ჩემთვის არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, რადგან დღევანდელი მოსწავლეები ხვალინდელი პროფესიონალები, ლიდერები და საზოგადოების შემოქმედები არიან.

თქვენი გამოცდილებით, რა არის კარგი მასწავლებლის მთავარი თვისება?

ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით, კარგი მასწავლებლის მთავარი თვისება არის სიყვარული თავისი საქმის მიმართ და გულწრფელი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. როდესაც პედაგოგს უყვარს ის, რასაც აკეთებს, ეს ემოცია თუ მოტივაცია აუცილებლად გადადის მოსწავლეებზეც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება, პროფესიონალიზმი, მუდმივი განვითარება, თანამედროვე მიდგომების გამოყენება და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების დანახვა. კარგი მასწავლებელი მხოლოდ ცოდნას არ გადასცემს – ის ადამიანს საკუთარი თავის რწმენას აძლევს.

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა განათლების სფეროში დღეს?

დღევანდელ რეალობაში განათლების სფეროს ყველაზე დიდი გამოწვევა სწრაფად ცვალებად სამყაროსთან ადაპტაციაა. ტექნოლოგიები, ინფორმაციის სიჭარბე და ახალგაზრდების განსხვავებული ინტერესები პედაგოგს მუდმივ განვითარებას სთხოვს.

ვფიქრობ, თანამედროვე განათლებამ უნდა შეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, არამედ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება.

რას ფიქრობთ ჯენზი თაობაზე და მათ შესაძლებლობებზე?

მე მომწონს ახლანდელი თაობა. ისინი გაცილებით თავისუფლები, უფრო თამამები და მიზანდასახულები არიან. მათ აქვთ წვდომა გლობალურ ცოდნაზე და უსაზღვრო შესაძლებლობები საკუთარი თავის რეალიზებისთვის. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გამოწვევები, თუმცა სწორი მიმართულებით, მხარდაჭერითა და ხარისხიანი განათლებით შეუძლიათ დიდი წარმატებების მიღწევა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი შვილი ანანოა. ასევე, ჩემი სტუდენტებისა და მოსწავლეების წარმატება. როდესაც ვხედავ, როგორ აღწევენ დასახულ მიზნებს, აბარებენ უნივერსიტეტებში, იწყებენ კარიერულ განვითარებას ან უბრალოდ თავდაჯერებულად საუბრობენ ინგლისურად – ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. მუდმივად ვცდილობ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდე, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. ვფიქრობ, შინაგანი ბალანსი და პოზიტიური ენერგია პროფესიულ საქმიანობაშიც დიდ როლს თამაშობს.

თქვენი მთავარი პროფესიული მიზნები, რომელთა განხორციელებაზეც მუშაობთ?

ჩემი მთავარი პროფესიული მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცე ხარისხიანი განათლება და დავეხმარო მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში. მინდა კიდევ უფრო გავაფართოო ჩემი საგანმანათლებლო საქმიანობა, შევქმნა ახალი სასწავლო პროექტები და თანამედროვე მეთოდებით კიდევ უფრო მეტი სტუდენტი მივიყვანო წარმატებამდე.

რას მოაქვს წარმატება?

წარმატება მოაქვს შრომას, დისციპლინას, მოთმინებას და საკუთარი თავის რწმენას. წარმატება ერთ დღეში არ მოდის, ის ყოველდღიური პატარა ნაბიჯების, სწორი არჩევანისა და მიზნის ერთგულების შედეგია. თუ ადამიანს აქვს მიზანი და მზად არის მისთვის იმუშაოს, შედეგიც აუცილებლად მოდის.

თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

ძალიან ვაფასებ საკუთარ თავსა და ოჯახთან გატარებულ წუთებს. მიყვარს კითხვა, პროფესიული ლიტერატურის გაცნობა, თვითგანვითარებაზე მუშაობა, მუსიკის მოსმენა, მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა. მიყვარს ცხოველები, მყავს პუდელი, სახელად თოი, რომელზეც შვილივით ვზრუნავ.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ლაურა ზოიძე

სრულად წაკითხვა