ყველა წარმატებული ისტორიის უკან დგას გამბედაობა, მიზანი, შეუპოვრობა, რომ არ უნდა გაჩერდე, არ შეუშინდე სირთულეს, მუდმივად განვითარდე და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე ირწმუნო. გზა წარმატებამდე ხშირად სავსეა გამოწვევებით, თუმცა სწორედ ეს გამოცდილება აყალიბებს ადამიანს პროფესიონალად და აძლევს ძალას, სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცეს. წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს. თითოეული მათგანის ისტორია გვახსენებს, რომ წარმატება პროცესია, რომელიც ყოველდღიური არჩევანით, დისციპლინითა და სირთულეების გადალახვით იქმნება. თითოეული ისტორია, რომელსაც დღეს გიამბობთ, განსხვავებულია, თუმცა ამ ადამიანებს ერთი საერთო აქვთ – საკუთარი თავის რწმენა, რომ წინსვლა შესაძლებელია მაშინაც, როცა გზა ბუნდოვანია და შედეგი ჯერ კიდევ შორსაა.

ჯენი ფირცხალავა, ექიმი-სტომატოლოგი: სტომატოლოგობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა. მახსოვს ერთ ზაფხულს სოფელში ყოფნისას კბილი ამტკივდა, დედამ ექიმთან წამიყვანა, მაშინ არ ვიცოდი, რომ ის ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგი იყო. დავინახე, პაციენტს პროთეზი როგორ მოუხსნა და ძალიან შემეშინდა. ექიმმა ამიხსნა, რას აკეთებდა, რატომ არ უნდა მეშინოდეს და რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო სტომატოლოგის პროფესია. სწორედ იმ დღიდან ექიმობაზე დავიწყე ოცნება.
მოგვიანებით ეს ოცნება მიზნად იქცა, მიზანი კი რეალობად. დღეს, როდესაც უკვე საკუთარ პაციენტებს ვიღებ, ხშირად მახსენდება ის პატარა გოგონა, რომელიც ოდესღაც სტომატოლოგიურ სავარძელში შიშით იჯდა. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულ ბავშვს და ზრდასრულს ისეთივე სითბო, ყურადღება და ნდობა ვაჩუქო, როგორიც ერთ დროს მე მაჩუქა ჩემმა პირველმა ექიმმა.
ჩემი გზა სწორედ ასე დაიწყო – პატარა გოგონას შიშიდან, რომელიც სტომატოლოგიისადმი დიდი სიყვარულით დასრულდა.
მჯერა, როდესაც გულით აკეთებ იმას, რაც გიყვარს, შრომა სიამოვნებად იქცევა. წარმატებას განაპირობებს საქმისადმი ერთგულება, დისციპლინა, მუდმივი განვითარება და მიზნისკენ შეუპოვარი სვლა.
ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვეტყოდი: საკუთარ პროფესიას ისე მოეპყრონ, როგორც ყველაზე ძვირფას ადამიანს. ჩათვალონ, რომ ეს მათი „შვილია“, რომელსაც მუდმივი ზრუნვა, სიყვარული, დრო და ყურადღება სჭირდება. როგორც პატარა ბავშვს სჭირდება სიყვარული, მოვლა და ხელშეწყობა იმისთვის, რომ გაიზარდოს და განვითარდეს, ასევეა პროფესიაც – რაც უფრო მეტ გულს, ენერგიასა და ერთგულებას ჩადებ მასში, მით უფრო დიდ შედეგს და კმაყოფილებას დაგიბრუნებს. თუ პროფესიას გულით შეიყვარებ, ისიც აუცილებლად სიყვარულითა და წარმატებით გიპასუხებს.

ია გედევანიშვილი, Check-in Travel-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: ჩემი გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, თუმცა სწორედ ამან მასწავლა, როგორ უნდა იარო წინ მაშინაც კი, როცა ყველაფერი რთულდება, როცა შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და პასუხისმგებლობა არა უბრალო არჩევანი, არამედ ცხოვრების წესია.
Check-in Travel ჩემთვის თავიდანვე არ ყოფილა მხოლოდ ბიზნესი. ყოველთვის მინდოდა, მქონოდა ისეთი საქმე, რომელიც ადამიანებისთვის რეალურ ღირებულებას შექმნიდა.
ტურიზმი ხომ მხოლოდ ბილეთები, ჯავშნები და დანიშნულების ადგილი არ არის. ეს არის ემოციები, მოლოდინები, უმნიშვნელოვანესი დღეები და, ხშირად სრულიად პირადი ოცნებებიც.
ყოველთვის მწამდა, რომ ამ სფეროში მთავარი არა მხოლოდ გამართული ორგანიზება, არამედ ადამიანების მიმართ ღირსეული დამოკიდებულებაა. მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ საიმედო ხელშია, რომ მის სურვილებს უსმენენ, მის დროს უფრთხილდებიან და მის მოლოდინს პატივს სცენ.
ბიზნესში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ზოგჯერ პარტნიორმა შესაძლოა იმედი გაგიცრუოს, ხანდახან კი მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდა. მსგავსმა გამოცდილებამ მასწავლა: როდესაც ერთი კარი იხურება, ხშირად ორი ან სამი ახალი იღება. მთავარია, არ გაჩერდე და გამოსავლის ძებნა არასოდეს შეწყვიტო.
ერთ ამბავს მოგიყვებით: ათი წლის ბიჭუნას დედამ მოგვმართა, რომელსაც შვილისთვის დაბადების დღეზე ნეაპოლში მოგზაურობისა და იმ საფეხბურთო მატჩზე დასწრების ჩუქება სურდა, სადაც მისი კერპი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. ეს ბავშვის უდიდესი ოცნება გახლდათ.
ყველაფერი მზად გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტში პარტნიორმა გვიმტყუნა და უკვე შეძენილი ბილეთები სასტუმროში არ მიიტანა. მატჩის დაწყებამდე კი მხოლოდ რვა საათი რჩებოდა…
იმ დღეს ჩემმა გუნდმა ყველა კავშირი, რესურსი და შესაძლებლობა აამოქმედა. საბოლოოდ, ბილეთები ხელზე – ბევრად უფრო ძვირად შევიძინეთ, მაგრამ მაინც მოვასწარით. ბიჭუნა მატჩს დაესწრო და დარწმუნებული ვარ, ეს საჩუქარი მას მთელი ცხოვრება ემახსოვრება.
სწორედ ასეთ მომენტებში აცნობიერებ, რას ნიშნავს ნამდვილი გუნდი. ძლიერ გუნდს შესწევს ძალა, კრიტიკულ მომენტში შეუძლებელი შესაძლებლად აქციოს, რადგან მას ჭეშმარიტად ესმის ადამიანის, მისი მოლოდინებისა და ოცნებების ფასი.
ჩემთვის წარმატებაც სწორედ აქედან იწყება – არა მხოლოდ საბოლოო შედეგში, არამედ იმ ღირებულებაში, რომელსაც ადამიანებისთვის ვქმნი.
იმ ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ გზას, ვეტყოდი: ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ძალის, თუმცა, ამასთანავე, არასოდეს დაკარგოთ ადამიანური ხედვა. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ტოვებს ყველაზე ღრმა კვალს როგორც საქმეში, ისე ცხოვრებაში.

ანა აბესაძე, მრავალგზის ჯილდოს მფლობელი საერთაშორისო პროფესიონალი:
ბოლო პერიოდში ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო ჩემი თანაავტორობით გამოცემული წიგნის „Women Living Fearlessly“-ს ამაზონის ბესტსელერად დასახელება, რაც ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული წარმატება, არამედ ძალიან ემოციური გამოცდილებაც იყო.
ასევე განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ორი წიგნი, რომლის თანაავტორიც ვარ, Academy Awards-ის დაჯილდოებაზე ნომინანტებს საჩუქრად გადაეცათ. ამ გზით, წიგნებში წარმოდგენილ გზავნილებს გაეცნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ემა სტოუნი, ქეით ჰადსონი, როუზ ბირნი და სხვები.
გარდა ამისა, ჩემთვის დიდი პატივი იყო MSN ჟურნალის „ყველაზე შთამაგონებელ 10 ქალ ლიდერს“ შორის მოხვედრა, რომელსაც ყოველდღიურად ათეულობით მილიონი მკითხველი ჰყავს.
მსგავსი საერთაშორისო გამოხმაურება კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ ჩემი საქმიანობით პოზიტიური გავლენა მოვახდინო ახალგაზრდებზე – განსაკუთრებით ქალებზე, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და პროფესიულ განვითარებას ცდილობენ.
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი კარიერული წარმატების მნიშვნელობას?
თუ ადრე წარმატება ხშირად განისაზღვრებოდა სტაბილური პოზიციით, გამოცდილების ხანგრძლივობით ან კონკრეტული პროფესიული სტატუსით, დღეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადაპტაციის უნარი, ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობა და ცოდნის მუდმივი განახლების პროცესი.
ხელოვნური ინტელექტი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც წარმატებული პროფესიონალი აღარ არის მხოლოდ ის, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც იცის როგორ გამოიყენოს ცოდნა სწრაფად ცვალებად სიტუაციებში და როგორ ითანამშრომლოს ტექნოლოგიებთან ეფექტიანად. ასევე იზრდება კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარების მნიშვნელობა, რადგან სწორედ ეს უნარები განასხვავებს ადამიანს ავტომატიზებული სისტემებისგან.
ამიტომ, დღეს კარიერული წარმატება უფრო მეტად ნიშნავს ტექნოლოგიურ და ადამიანურ უნარებს შორის ბალანსს, მოქნილობას და მზადყოფნას მუდმივი განვითარებისათვის.
მოტივაციის კრიზისი ჩემთვის სრულიად ბუნებრივი პროცესია და, ხშირად პროფესიული გადაწვის პერიოდებს უკავშირდება. სინამდვილეში, მათ როგორც „შეჩერებას“ კი არა, როგორც გადატვირთვის და გადაფასების ეტაპს ვუყურებ. ასეთ დროს ვცდილობ დავეყრდნო დისციპლინას და იმ მიზნებს, რომლებიც უფრო გრძელვადიანია, ვიდრე კონკრეტული მომენტის ემოცია.
ხშირად მეხმარება იმაზე ფიქრი, რატომ დავიწყე ის საქმე, რასაც ვაკეთებ, და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩემს საქმიანობას სხვებზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ნაბიჯების გადადგმა – როცა დიდ მიზანს ვყოფ პატარა, რეალურ მოქმედებებად.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის გარემო – ადამიანები, ვისთანაც ვსაუბრობ, ვსწავლობ და ვიღებ ინსპირაციას. ხშირად სწორედ ეს გარე ენერგია მეხმარება შინაგანი ბალანსის აღდგენასა და პროფესიული განვითარების გაგრძელებაში.
Screenshotკატერინა (ეკატერინე) ფაჟავა, ათენში ესთეტიკური სპეციალისტი, Venus Aesthetic-ის დამფუძნებელი: ჩემთვის ეს პროფესია არის საუკეთესო გზა საკუთარი თავის გამოხატვის და ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭების. თავიდანვე მიზიდავდა სილამაზე, დეტალები და ის შეგრძნება, როცა შეგიძლია ადამიანს მისცე მეტი თავდაჯერებულობა. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სფერო, მინდოდა მიმეღწია ისეთი შედეგებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზია, არამედ შინაგანადაც ცვლის ქალს.
უკვე 18 წელია ათენში ვცხოვრობ და ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვვითარდები ჩემს პროფესიაში. ჩემი გზა მარტივი არ ყოფილა, მომიწია ბევრმა შრომამ, სწავლამ, გამოცდილების დაგროვებამ და გამოწვევების ყოველდღიურად გადალახვამ. მუდმივად ვესწრები ტრენინგებს, ვსწავლობ ახალ ტექნიკებს და ვცდილობ, ვიყო იმ დონეზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. დღეს მაქვს ჩემი ესთეტიკური სივრცე – Venus Aesthetic, სადაც ვქმნი შედეგებს და ასევე ვუზიარებ ჩემს ცოდნას სხვებს.
2021 წელს გავიარე პერმანენტული მაკიაჟის სრული კურსი ელზა თათოშვილთან, რაც გახდა ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი დასაწყისი. ეს გზა დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, ის ყოველთვის მედგა გვერდში და მაძლევდა უდიდეს მოტივაციას განვითარებისა და წინსვლისთვის.
2025 წელს დავასრულე ლაზეროთერაპიის კოლეჯი ათენში, ასევე ინიექციური კოსმეტოლოგიის კურსი, რის შემდეგაც კიდევ უფრო გავაღრმავე ჩემი პროფესიული ცოდნა. ამჟამად ვაგრძელებ სწავლას სამედიცინო ესთეტიკის მიმართულებით, რათა მუდმივად განვვითარდე და ჩემს სფეროში თანამედროვე სტანდარტებს ვუპასუხო.
დღეს ვარ საქართველოს პერმანენტული მაკიაჟისა და დემოპიგმენტაციის ასოციაციის კოორდინატორი ათენში, ასევე კომპანია Silkesthetic-ის მენტორი და პერმანენტული მაკიაჟის ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი. თამამად მინდა ვთქვა, რომ დღეს ვარ წარმატებული სპეციალისტი და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ქალებს, ვინ ახლა იწყებენ კარიერას, ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ. ყველა სფერო მოითხოვს დიდ მოთმინებას, პრაქტიკას და სიყვარულს საქმის მიმართ. არ იჩქაროთ შედეგებზე, დროთა განმავლობაში ხარისხი ყოველთვის მოდის. ისწავლეთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე და არასდროს შეწყვიტოთ განვითარება.
სილამაზის სფერო მხოლოდ პროფესია არაა, ეს ჩემს სულშია. ეს არის ის , რაც ძალას და შთაგონებას მაძლევს, რომ ყოველდღიურად უფრო მეტი გავაკეთო. ასევე, მადლიერი ვარ თითოეული ჩემი ერთგული მომხმარებლის, მათი მხარდაჭერა, ნდობა, პატივისცემა უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის, რომ არასოდეს გავჩერდე და ყოველთვის წინ წავიდე.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გჯეროდეთ საკუთარი თავის, გქონდეთ მიზანი და დისციპლინა. წარმატება არის უწყვეტი შრომის, სწავლისა და საკუთარი საქმის სიყვარულის შედეგი.

თამუნა დიასამიძე, Beauty Zone-ის დამფუძნებელი: სილამაზის სფერო ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან ჩემთვის ეს მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვა არაა, ეს არის ქალის თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სიყვარული.
Beauty Zone-ის შექმნის ამბავი ჩემთვის ძალიან პირადია. თავიდან ამ სივრცის კლიენტი ვიყავი, შემდეგ კი გადავწყვიტე, თავად გავმხდარიყავი მისი განვითარების ნაწილი.
Beauty Zone შეიქმნა იდეით, რომ ქალებისთვის ყოფილიყო სივრცე, სადაც ხარისხი, კომფორტი და ესთეტიკა ერთიანდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის ემოციაც, რომელსაც ადამიანი აქ ყოფნისას იღებს. მომხმარებელს ვთავაზობთ სილამაზის სრულ სერვისს, პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს, თანამედროვე აპარატურას და გარემოს, სადაც თავს განსაკუთრებულად იგრძნობს.
ვფიქრობ, წარმატებას ყველაზე მეტად შრომა, დისციპლინა და საქმის სიყვარული განსაზღვრავს.
ქალებს კი ვეტყოდი: არ შეგეშინდეთ დაწყების. ხშირად ქალები საკუთარ თავში იმაზე ნაკლებ ძალას ხედავენ, ვიდრე რეალურად აქვთ. არ არის აუცილებელი, თავიდანვე ყველაფერი იდეალურად გამოგდიოდეთ სრულ მთავარია მოძრაობა, შრომა და საკუთარი თავის რწმენა. წარმატება ერთ დღეში არ მოდის, მაგრამ როცა საქმეს გულით აკეთებ, შედეგიც აუცილებლად მიიღება.
ტექსტი: სოფიო მალანია

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·