კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი ტიპის ვაქცინა შექმნეს, რომელიც, მათი შეფასებით, ერთდროულად მრავალი ვირუსისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა და მომავალში პანდემიების პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.
ვაქცინის მთავარი კომპონენტი სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, რის შემდეგაც ის ადამიანებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოსცადეს. მკვლევრების შეფასებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა ვაქცინის ძირითადი ელემენტი დამოუკიდებლად შეიმუშავა.
მეცნიერების თქმით, ვაქცინა Covid-19-ის არსებული ვარიანტების წინააღმდეგ შეიქმნა, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ ვირუსების წინააღმდეგაც, რომლებიც ამჟამად ცხოველებში გვხვდება და მომავალში ადამიანებზე გავრცელების საფრთხეს შეიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მეცნიერები უკვე მუშაობენ იმავე ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი ვაქცინების შექმნაზე, რომლებიც გრიპისა და ებოლას სხვადასხვა სახეობის წინააღმდეგ იქნება ეფექტური.
როგორ შექმნა ვაქცინა ხელოვნურმა ინტელექტმა?
ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნისას მეცნიერები კონკრეტული ვირუსის არსებული შტამების მონაცემებს იყენებენ.
ამ შემთხვევაში მკვლევრებმა კორონავირუსების სხვადასხვა სახეობის გენეტიკური კოდები შეაგროვეს. შემდეგ საქმეში ხელოვნური ინტელექტი ჩაერთო.
მან ათასობით გენეტიკური მონაცემი შეისწავლა და შექმნა სპეციალური „სუპერანტიგენი“ — ვაქცინის მთავარი კომპონენტი, რომელიც იმუნურ სისტემას ასწავლის, როგორ ამოიცნოს არა მხოლოდ დღეს არსებული, არამედ შეცვლილი (მუტირებული) ვირუსებიც.
პირველი გამოცდა ადამიანებზე
პროფესორ ჯონათან ჰინის განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ანტიგენი ადამიანებზე გამოიცადა.
მისი თქმით, ტექნოლოგიის შესაძლებლობები მეცნიერებსაც კი აოცებს.
„ეს ვაქცინების შექმნის სრულიად ახალი მიდგომაა. ჩვენი მიზანია, ადამიანები დავიცვათ არა მხოლოდ დღეს არსებული ვირუსებისგან, არამედ იმ პოტენციური საფრთხეებისგანაც, რომლებმაც მომავალში შესაძლოა ახალი პანდემია გამოიწვიოს,“ — განაცხადა მან.
პირველ კლინიკურ კვლევაში 39 ადამიანი მონაწილეობდა. მისი მთავარი მიზანი ვაქცინის უსაფრთხოების შეფასება იყო.
სამეცნიერო ჟურნალ Infection-ში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მიღებული იმუნური რეაქცია ამ ეტაპზე „მოკრძალებულია“, თუმცა მეცნიერები შედეგებს მაინც იმედისმომცემად მიიჩნევენ.
რატომ გვჭირდება ახალი ტიპის ვაქცინები?
ტრადიციული ვაქცინა ორგანიზმს კონკრეტული ვირუსის ამოცნობასა და მასთან ბრძოლას ასწავლის. თუმცა ბევრი ვირუსი მუდმივად იცვლება და მუტაციას განიცდის, რის გამოც არსებული ვაქცინები დროთა განმავლობაში ნაკლებად ეფექტური ხდება.
სწორედ ამიტომ საჭიროა Covid-19-ისა და სეზონური გრიპის ვაქცინების რეგულარული განახლება.
ექსპერტების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი უახლოეს წლებში ვაქცინების განვითარებას რადიკალურად შეცვლის.
პროფესორ ენდი პოლარდის თქმით, თანამედროვე AI-ს უკვე შეუძლია ივარაუდოს, როგორ უპასუხებს ადამიანის იმუნური სისტემა კონკრეტულ ვაქცინას, რაც კვლევებისა და ახალი პრეპარატების შექმნის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
„ეს არა მხოლოდ დროს დაზოგავს, არამედ მომავალში უამრავ სიცოცხლესაც გადაარჩენს,“ — ამბობს იგი.
შემდეგი ნაბიჯები
კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი უკვე მუშაობს უნივერსალურ გრიპის ვაქცინაზე, რომლის ყოველწლიური განახლება საჭირო აღარ იქნება.
ასევე მიმდინარეობს კვლევა H5N1 ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ვირუსი ადამიანებში ფართოდ გავრცელდება.
მეცნიერები განიხილავენ ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების, მათ შორის ებოლას სხვადასხვა სახეობის წინააღმდეგ უნივერსალური ვაქცინების შექმნასაც.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ებოლას ზოგიერთი სახეობის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინა დღემდე არ არსებობს.

1 week ago
16







English (US) ·
Georgian (GE) ·