მსოფლიო ჯანდაცვის სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან ჰანტავირუსის უჩვეულო შემთხვევას, რომელიც პოლარულ საკრუიზო გემზე დაფიქსირდა. ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივ მღრღნელებთან ასოცირდება და ადამიანებში იშვიათად ვრცელდება, ამჯერად საერთაშორისო მასშტაბის შეშფოთების მიზეზი გახდა.
ნიდერლანდური ექსპედიციური გემი M.V. Hondius, რომელიც არგენტინიდან კანარის კუნძულების მიმართულებით მიემართებოდა, ჰანტავირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ ფაქტობრივად იზოლაციაში აღმოჩნდა — გემს რამდენიმე პორტმა მიღებაზე უარი უთხრა, ხოლო მგზავრები საკუთარ კაბინებში დარჩნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გავრცელება დაკავშირებულია ანდესის ჰანტავირუსთან ერთ–ერთ ყველაზე მძიმე შტამთან.
ამ დროისთვის გამოვლენილია 8 ინფიცირებული, მათგან გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სპეციალისტების თქმით, საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის აფეთქება პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა.
რა არის ჰანტავირუსი
ჰანტავირუსი ვირუსების ოჯახს ეკუთვნის, რომელიც ბუნებრივად მღრღნელებში, განსაკუთრებით თაგვებსა და ვირთხებში გვხვდება. ცხოველები თავად არ ავადდებიან, თუმცა ვირუსს შარდით, ნერწყვითა და ექსკრემენტებით ავრცელებენ.
ინფიცირება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი:
- შეისუნთქავს დაბინძურებულ მტვერს,
- ეხება ინფიცირებულ ზედაპირს,
- ან იღებს დაბინძურებულ საკვებს.
ვირუსი განსაკუთრებით სახიფათოა დახურულ სივრცეებში – აგარაკებზე, საწყობებში, კაბინებში ან სხვა ადგილებში, სადაც მღრღნელები ბინადრობენ.
როგორ იწყება დაავადება
ჰანტავირუსის სიმპტომები ხშირად გრიპს ჰგავს და ინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში ვლინდება:
- მაღალი ტემპერატურა
- კუნთების ტკივილი
- ძლიერი სისუსტე
- თავის ტკივილი
- გულისრევა და კუჭ–ნაწლავის პრობლემები
რამდენიმე დღეში მდგომარეობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს და განვითარდეს:
- ხველა,
- სუნთქვის მწვავე გაძნელება,
- ფილტვების დაზიანება.

ამერიკის კონტინენტზე გავრცელებული ფორმა – ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომი განსაკუთრებით მძიმეა და 50%-ით ფატალურ შედეგს იწვევს. ევროპასა და აზიაში გავრცელებული შტამები კი უფრო ხშირად თირკმლის დაზიანებასა და სისხლდენას იწვევს.
საკრუიზო გემებზე ინფექციები ახალი არ არის – ყველაზე ხშირად ნოროვირუსი ან რესპირატორული დაავადებები ვრცელდება. თუმცა ექსპერტების თქმით, ჰანტავირუსის მსგავსი აფეთქება გემზე აქამდე პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, ამიტომ ეპიდემიოლოგები განსაკუთრებით სწავლობენ თუ როგორ მოხდა ინფიცირება, შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა და რამდენად არსებობს ფართო გავრცელების რისკი.

ჰანტავირუსის სპეციფიკური წამალი ამ ეტაპზე არ არსებობს. მკურნალობა ეფუძნება ინტენსიურ სამედიცინო დახმარებას – ჟანგბადის მიწოდებას, სუნთქვის მხარდაჭერას და ორგანოთა ფუნქციის კონტროლს.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
როგორ დავიცვათ თავი
სპეციალისტები გვირჩევენ:
- მოვარიდოთ საცხოვრებელი სივრცე მღრღნელებს
- დასუფთავებისას გამოვიყენოთ ხელთათმანები
- სივრცე წინასწარ გავანიავოთ
- ზედაპირები დეზინფექციის გარეშე არ მოვწმინდოთ
- არ დავგავოთ გამხმარი ნარჩენები, რათა ვირუსი ჰაერში არ გავრცელდეს


1 week ago
22







English (US) ·
Georgian (GE) ·