#OK! ჰორმონული ჯანმრთელობის მნიშვნელობა

3 hours ago 3

ვფიქრობ, ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ჯანსაღი ჰორმონული ფონი და გვაინტერესებს, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ჰორმონების – ჩვენი ორგანიზმის მთავარი გენერატორების გამართულად ფუნქციონირებაზე – ამ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემებზე სასაუბროდ ჩემი აბსოლუტური ნდობით აღჭურვილ პირს, ჩემს პირად ექიმს, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმ-ენდოკრინოლოგ თეკლა ბახტაძეს ვეწვიე.

თეკლა, რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობაში ჰორმონებს და ზოგადად, ჰორმონულ ფონს?

ჰორმონები ჩვენს სხეულში ძალიან ძლიერი ქიმიური მაცნეების როლს ასრულებენ. მათ ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ჯირკვალი გამოიმუშავებს და ისინი არეგულირებენ ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ბიოლოგიურ პროცესს, მათ შორის მეტაბოლიზმს, განწყობას, ემოციას, ხასიათს, კანის ჯანმრთელობას და ა.შ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სასქესო ჰორმონები, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ ცხოვრების ისეთ გარდამტეხ ეტაპებზე, როგორიცაა სქესობრივი მომწიფება, ორსულობა, მენოპაუზა და ანდროპაუზა. გარდა ამისა, ისინი პირდაპირ კავშირშია ისეთ ასპექტებთან, როგორიცაა კვერცხუჯრედის ფუნქცია, ლიბიდო და სპერმის წარმოება. რადგან ჰორმონების განაწილება, წარმოების ადგილები და ფუნქციები სქესის მიხედვით განსხვავდება, სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მათ ხშირად „ქალის“ ან „მამაკაცის“ ჰორმონებს.

როგორ აისახება ჩვენს ჰორმონულ მდგომარეობაზე კვების რეჟიმი და კულტურა?

კვებასა და ენდოკრინულ სისტემას შორის არსებული კავშირი ფუნდამენტური და მრავალკომპონენტიანია. სამედიცინო პრიზმაში საკვები არ წარმოადგენს მხოლოდ კალორიების ერთობლიობას; ის არის სასიცოცხლო ბიოქიმიური ინფორმაცია და უმთავრესი „საშენი მასალა“ (პრეკურსორი), რომელსაც ორგანიზმი ჰორმონების სინთეზისთვის იყენებს. როდესაც საქმე ჰორმონულ ჯანმრთელობას ეხება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ნუტრიენტების სწორ გადანაწილებას, სწორ და ჯანსაღ კვებას, რომელიც დაბალანსებულია. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები ეხმარება ორგანიზმს ჰორმონების სწორ სინთეზსა და კანის სიჯანსაღეში.

თანამედროვე კვების კულტურა, რომელიც ხშირად გაჯერებულია მარტივი, რაფინირებული ნახშირწყლებით, იწვევს სისხლში გლუკოზისა და, შესაბამისად, ინსულინის მკვეთრ ექსკრეციას (გამოყოფას). ქრონიკული ჰიპერინსულინემია (ინსულინის მუდმივად მაღალი დონე) დროთა განმავლობაში აყალიბებს ინსულინრეზისტენტობას, რაც წარმოადგენს მეტაბოლური სინდრომისა და რიგი ენდოკრინული პათოლოგიების ფუნდამენტურ მიზეზს.

არარეგულარული კვება, საკვების გამოტოვება ან ექსტრემალური რესტრიქციული (შემზღუდავი) დიეტები ორგანიზმის მიერ აღიქმება როგორც მწვავე საფრთხე. ეს პროცესი ააქტიურებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) ჭარბ გამოყოფას. მოგეხსენებათ, ჭარბ კორტიზოლს შეუძლია კანზე ცვლილებები გამოიწვიოს, ამასთანავე, მისი ქრონიკულად მაღალი დონე არღვევს ნეიროენდოკრინულ რეგულაციას და დისბალანსს იწვევს შიმშილისა და დანაყრების მარეგულირებელ ჰორმონებში (გრელინი და ლეპტინი). გვიან ღამით კვება ანელებს მელატონინის (ძილის ჰორმონის) სინთეზს, რაც მეორე დღეს პირდაპირ აისახება ენერგიის დეფიციტსა და ჰორმონულ დისბალანსზე. საბოლოო ჯამში, ჯანსაღი კვების კულტურა არ გულისხმობს მხოლოდ წონის მართვას; ეს არის აუცილებელი და გრძელვადიანი სტრატეგია ჰორმონული ჰომეოსტაზისა და ორგანიზმის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

რამდენად აისახება ადამიანის გარეგნობაზე, მაგალითად, კანზე ორგანიზმის ჰორმონული მდგომარეობა?

ჩვენი კანი ორგანიზმში მიმდინარე პროცესების პირდაპირი ანარეკლია. გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ჰორმონებს უდიდესი გავლენა აქვთ. როდესაც საქმე კანის ჯანმრთელობას ეხება, ჰორმონები აკონტროლებენ სამ ძირითად პროცესს. ესენია: კანის ცხიმიანობის ბალანსი: ისინი არეგულირებენ კანის მიერ გამომუშავებული ცხიმის რაოდენობას, რაც პირდაპირ განსაზღვრავს, თქვენი კანი იქნება მშრალი, დაბალანსებული თუ ზედმეტად ცხიმიანი.

უჯრედების განახლება: ჰორმონები გავლენას ახდენენ კანის უჯრედების განახლების სიჩქარეზე. ეს პირდაპირ აისახება კანის სტრუქტურასა და ტონუსზე.

ანთებითი პროცესები: ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მთელ სხეულსა და კანში მიმდინარე ანთებით პროცესებში. ჰორმონულმა დისბალანსმა და რყევებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი რეაქციები, რაც ვლინდება სიწითლის, მომატებული მგრძნობელობის ან გამონაყარის სახით.

დღეს წონის კორექციაში ფართოდ გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ოზემპიკი და მუნჯარო. რა შემთხვევაში ინიშნება ეს პრეპარატები და რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს მათ თვითნებურ გამოყენებას?

ეს მედიკამენტები წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ჰორმონების ანალოგებს. მაგალითად, ისინი შეიცავენ გლუკაგონის მსგავს პეპტიდ 1-ს (GLP-1) და გლუკოზაზე დამოკიდებულ ინსულინოტროპულ პოლიპეპტიდს (GIP), რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფა საკვების მიღების შემდეგ. ისინი ასტიმულირებენ ინსულინის გამოყოფას, ანელებენ კუჭის დაცლის პროცესს და ამცირებენ საკვების მიღების მოთხოვნილებას.

მსგავსი თერაპია ექიმის მიერ ინიშნება კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევებში: როდესაც სახეზეა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება (ASCVD) ან მისი განვითარების მაღალი რისკი, ასევე, როდესაც გლიკოზირებული ჰემოგლობინი (A1C) გლუკოზის მიზნობრივ მაჩვენებელზე საგრძნობლად მაღალია და თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD) მქონე პაციენტებში, რადგან ზოგიერთ პრეპარატს თირკმლის დამცველობითი ეფექტი გააჩნია. რა თქმა უნდა, პრეპარატები ინიშნება, როდესაც მკურნალობის პირველადი მიზანი სხეულის წონის კლებაა.

ამ პრეპარატების თვითნებური გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულისრევა, ღებინება და დიარეა, რაც პაციენტთა 10-50 პროცენტს აღენიშნება. გარდა ამისა, სხვა დიაბეტურ მედიკამენტებთან ერთად არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის მკვეთრი და საშიში ვარდნა). ასევე, თვითნებურმა მოხმარებამ და არარეგულირებული გზებით წამლის შეძენამ შეიძლება სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას პაციენტს, ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურის მკაცრი კონტროლი.

საბედნიეროდ, დღეს უკვე ხმამაღლა, აქტიურად განხილვადი თემაა პერიმენოპაუზა. მოდი, ავუხსნათ ჩვენი ჟურნალის მკითხველ ქალებს, როგორ ამოვიცნოთ ის და როგორ იმართება ეს განსაკუთრებული მდგომარეობა?

პერიმენოპაუზა არის მენოპაუზის გარდამავალი პერიოდი, რომელიც საშუალოდ მენოპაუზამდე ოთხი წლით ადრე იწყება. მას ახასიათებს გამოხატული ჰორმონული რყევები და არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. ეს პერიოდი გრძელდება ბოლო მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან (მენოპაუზა) კიდევ ერთი წლის განმავლობაში.

ძირითადი სიმპტომები, რითაც ქალმა შეიძლება ეს პერიოდი ამოიცნოს, გახლავთ: ციკლის ცვლილებები: მენსტრუალურ ციკლებს შორის დრო შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს, სისხლდენა კი იყოს უჩვეულოდ მცირე ან პირიქით, ჭარბი.

წამოხურება (ალები) და ძილის დარღვევა: ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია წამოხურება და ღამის ოფლიანობა, რაც ხშირად იწვევს ძილის დარღვევას.

განწყობის ცვალებადობა: ხშირია გაღიზიანება და დეპრესიის მაღალი რისკი. ვაგინალური სიმშრალე: ესტროგენის ვარდნის გამო ქსოვილები კარგავენ ელასტიკურობას, რაც ხშირად დისკომფორტს იწვევს.

ძვლის სიმკვრივისა და ქოლესტერინის ცვლილებები: ესტროგენის დონის შემცირებასთან ერთად იწყება ძვლის ქსოვილის კარგვა, რაც ოსტეოპოროზის რისკს ზრდის. ასევე იზრდება „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორია.

მართვის კუთხით, ენდოკრინოლოგთან ვიზიტის გარდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი. აუცილებელია კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი დიეტა ძვლების დასაცავად, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და კანის ინტენსიური დატენიანება, რადგან ჰორმონული ცვლილებების ფონზე კანი უფრო მშრალი ხდება.

საინტერესოა თქვენი პროფესიონალური სტატისტიკა: ყველაზე ხშირად რა ჩივილით მოგმართავენ პაციენტები?

ჩემს პრაქტიკაში პაციენტთა მომართვიანობის სპექტრი საკმაოდ ეკლექტურია და მოიცავს როგორც მეტაბოლურ, ისე რეპროდუქციულ დისფუნქციებს. ძალიან დიდი ნაწილი მოდის ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რაც, ფაქტობრივად, თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიაა. გარდა ამისა, წამყვან პოზიციებზეა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები (ხშირად – ჰიპოთირეოზი) და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევები.

აქვე აუცილებლად უნდა გამოვყო მამაკაცთა ჯანმრთელობის მიმართულებაც – საბედნიეროდ, იზრდება ცნობიერება და სულ უფრო მეტი პაციენტი მოგვმართავს მამაკაცებში ჰორმონული დისბალანსის, მაგალითად, ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული ჩივილების გამო. თითოეული შემთხვევა ძალიან სპეციფიკურია და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას მოითხოვს.

საინტერესო ფაქტები ჰორმონებზე (ბონუს-ინფორმაცია მკითხველისთვის)

ძილი და მადა ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ძილის ნაკლებობა ზრდის ჰორმონ „გრელინის“ (შიმშილის ჰორმონი) დონეს და ამცირებს „ლეპტინის“ (დანაყრების ჰორმონი) რაოდენობას. სწორედ ამიტომ, უძილო ღამის შემდეგ ორგანიზმი ხშირად ითხოვს მაღალკალორიულ, ტკბილ საკვებს.

ჩახუტება ნამდვილი წამალია: ოქსიტოცინი, რომელსაც „სიყვარულის ჰორმონსაც“ უწოდებენ, დიდი რაოდენობით გამოიყოფა ჩახუტებისას. ის ამცირებს სტრესს, აქვეითებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს ნდობისა და სიმშვიდის განცდის ჩამოყალიბებას.

ცხარე საკვები და ენდორფინები: როდესაც ძალიან ცხარე საკვებს მივირთმევთ, ჩვენი სხეული ტკივილის სიგნალს იღებს და საპასუხოდ იწყებს ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონების) გამოყოფას ტკივილის გასაყუჩებლად. სწორედ ამით აიხსნება ის მსუბუქი ეიფორია, რომელსაც ცხარე კერძის მოყვარულები განიცდიან.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა