ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ზამთრის სესიაზე, 25 იანვარს განიხილავს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს.
საპარლამენტო ასამბლეის დაკვირვების შესახებ მოხსენება მომზადებულია იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) მიერ, რომელიც ხელმძღვანელობდა ასამბლეის 32-კაციან, მრავალპარტიულ სადამკვირვებლო დელეგაციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
ანგარიში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.
„ჩვენი დასკვნები, დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის დაკვირვებებზე, ასევე არჩევნების შემდგომ ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო და თანმიმდევრულ მოხსენებებზე, შეშფოთებას აჩენს არჩევნების შედეგების სისწორეზე, კერძოდ, ნამდვილად ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას. გარდა ამისა, სერიოზული ეჭვები არსებობს, საარჩევნო გარემო უზრუნველყოფდა თუ არა აუცილებელ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა, გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი დაშინებისა და ზედმეტი ზეწოლის გარეშე. ეს აისახა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხში, რომლებმაც გამოხატეს ღრმა უნდობლობა როგორც შედეგების, ისე ინსტიტუტების მიმართ და განაგრძობენ არჩევნების შედეგის არაღიარებას“, — ნათქვამია ანგარიშში.
PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მომხსენებლის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია გარემოს მაღალი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით და ღრმა ანტაგონიზმით. დელეგაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია ორგანიზებული დაშინების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, განსაკუთრებით სოფლად და მმართველი პარტიის საჯარო განცხადებებით ძირითადი ოპოზიციის აკრძალვაზე.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა:
- კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, რაც დაფიქსირდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში;
- სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება;
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ;
- ფართოდ გავრცელებული დაშინება და ზეწოლა აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე;
- „დიდი ძმა გითვალთვალებს“ ატმოსფერო საარჩევნო უბნებზე, რაც გამოიხატა მმართველი პარტიის მიერ კამერების დამონტაჟებაში;
- დემოკრატიული უკანდახევა ბოლოდროინდელი კანონმდებლობებით.
PACE-ს დელეგაცია კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს აღნიშნული საკითხები, რადგან მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საარჩევნო პროცესებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.
ანგარიშში, სხვადასხვა საარჩევნო დარღვევების გარდა, საუბარია უშუალოდ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მანქანაზე თავდასხმაზე.
„სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა. დახვრეტილ იქნა საბურავები. შემდეგ უკვე დაზიანებული მანქანისთვის ძველი ავტომობილის განზრახ დაჯახებით, დამნაშავეები ცდილობდნენ, დაზიანება ავარიის შედეგად წარმოეჩინათ“, — ნათქვამია ანგარიშში.
„ნეტგაზეთმა“ სცადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერკვია, შემთხვევიდან ერთი თვის თავზე თუ არის ჩატარებული გამოძიება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით და რა შედეგი დადგა, თუმცა პასუხი არ მიუღია.