14-16 იანვარს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) ეწვევიან.
ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი PACE-ის მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების ფონზე.
„ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს პოლიტიკური მხარდაჭერად ლეგიტიმაციის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც ისინი ხვდებიან”, — ხაზგასმულია PACE-ის პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების და ინსტიტუტების შესაბამის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. თანამომხსენებლები აპირებენ მოინახულონ რამდენიმე დაკავებული მომიტინგე, „რომელთა ბრალდებამ და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია“. ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს მოითხოვა ვენეციის კომისიის გადაუდებელი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.