ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არსებითი საფუძვლებით გასაჩივრდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის თანახმად, არსებითი საფუძვლები, რის გამოც უფლებამოსილება შეიძლება გასაჩივრდეს, მოიცავს „ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების სერიოზულ დარღვევას“ ან „მოვალეობებისა და ვალდებულებების მუდმივ შეუსრულებლობას, ასევე ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში თანამშრომლობის ნაკლებობას“.
„საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში“, – განაცხადა ბორიანა ობერგმა (EPP, შვედეთი), რომელმაც ინიციატივა წარადგინა.
საჩივრის ინიცირებას, რომელსაც ასამბლეის სულ ცოტა 30 წევრის ხმა ესაჭიროებოდა, საკმარისი მხარდაჭერა მიიღო. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტს ახლა 24 საათი აქვს ანგარიშის მოსამზადებლად.
საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე, ასევე დეპუტატი ეკა სეფაშვილი „ხალხის ძალიდან“.
ვინაიდან მათი უფლებამოსილებები გასაჩივრდა, დელეგაციის წევრებს ახლა შეუძლიათ დროებით იყვნენ წარმოდგენილნი იგივე უფლებებით, როგორც ასამბლეის სხვა წევრები, სანამ ასამბლეა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა არ შეუძლიათ ხმის მიცემა მათი უფლებამოსილების განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურაში.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის დელეგაციის უფლებამოსილებებიც გასაჩივრდა. ყველა სხვა დელეგაციის უფლებამოსილებები ასამბლეის წევრებმა ცნეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/01/2025 – ოპოზიცია PACE-ს მოუწოდებს, არ აღიაროს ქართული ოცნების დელეგატების საპარლამენტო მანდატები
This post is also available in: English (ინგლისური)