Reuters-ის ცნობით, უფლებადამცველებმა სირიაში იპოვეს 100 ათასი ადამიანის მასობრივი სამარხი

5 days ago 2

სირიელმა უფლებადამცველებმა ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს დაღუპული სულ მცირე 100 000 ადამიანის მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს ალ-კუტაიფში, სირიის დედაქალაქ დამასკის ჩრდილოეთით 40 კილომეტრზე. ამის შესახებ Reuters-ს განუცხადა აშშ-ში დაფუძნებული „სირიის საგანგებო ვითარებათა ოპერატიული ჯგუფის“ ხელმძღვანელმა მუაზ მუსტაფამ.

უფლებადამცველის თქმით, ამ სამარხის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა იმ მუშების ჩვენებებს, რომლებმაც სირიიდან გაქცევა მოახერხეს.

„100 ათასი არის მხოლოდ ერთ ადგილზე დაკრძალული გვამების ყველაზე კონსერვატიული შეფასება. ეს არის ძალიან, ძალიან კონსერვატიული შეფასება“, თქვა მუსტაფამ. ამ მონაცემების დამოუკიდებლად დადასტურება Reuters-მა ჯერ ვერ შეძლო.

ადრე უფლებადამცველებმა დამასკში უკვე იპოვეს მასობრივი დახვრეტის ერთი ადგილი: მისი ამოცნობა მოხერხდა ვიდეოს მიხედვით, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ხალხი დასახვრეტად მიჰყავდათ.

მუსტაფას თქმით, ალ-კუტაიფში დაკრძალულთა შორის სირიელების გარდა არიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ სირიაში შეიძლება გაცილებით მეტი ასეთი მასობრივი სამარხი იყოს, ვიდრე ის ხუთი, რომლებიც უფლებადამცველებისთვის არის ცნობილი.

მუსტაფა სირიაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა, მისი მთავრობა კი დაემხო მეამბოხეების ელვისებური შეტევის შედეგად. ის ამტკიცებს, რომ სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის სამმართველო იყო „პასუხისმგებელი ცხედრების გადატანაზე სამხედრო ჰოსპიტლებიდან, სადაც აგროვებდნენ წამებით მოკლულთა ცხედრებს“. შემდეგ გვამები მასობრივი დაკრძალვის ადგილზე მიჰქონდათ. ცხედრები დასაკრძალად გადაჰქონდა ასევე დამასკის მუნიციპალურ დამკრძალავ ბიუროს.

„ჩვენ შევძელით დალაპარაკება იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობდნენ ამ მასობრივ სამარხებზე და რომლებიც სირიიდან დამოუკიდებლად გაიქცნენ ან მათ ჩვენ დავეხმარეთ გაქცევაში,“ თქვა მუსტაფამ. ასევე, მისი თქმით, მისი ჯგუფი დაუკავშირდა ბულდოზერების მძღოლებს, რომლებსაც საფლავებს ათხრევინებდნენ.

ასადის მთავრობამ არაერთხელ უარყო სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევა და მათ, ვინც რეჟიმს მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებდა, ექსტრემისტები უწოდა. თუმცა, უფლებადამცველების განცხადებების შემდეგ გაეროს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა სირიაში ჩასვლის მზადყოფნა გამოთქვა ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულების მტკიცებულებათა შესაგროვებლად.

სირიაში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ათასობით ადამიანი, მათ შორის უცხოელები, გაათავისუფლეს ციხეებიდან. დამასკის მახლობლად მდებარე სეიდნაიას ციხე ცნობილი იყო როგორც „სიკვდილის ბანაკი“ და „ადამიანების სასაკლაო“: მარტო მის მიწისქვეშა საკნებში წლობით იმყოფებოდა 10 ათასზე მეტი ადამიანი.

სრულად წაკითხვა