უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ Reuters-ი დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ მიიღო მითითება, შეეზღუდა SpaceX-ის სამხედრო დანიშნულების სერვისი და შეემცირებინა მისი მუშაობის სიჩქარე. წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება თეთრ სახლში და ვინ იყო პასუხისმგებელი მის აღსრულებაზე.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეზღუდვების შედეგად სამხედრო დანიშნულების Starlink-ის მიმღებებმა, რომლებიც სწრაფად მოძრავ ობიექტებზე იყო დამონტაჟებული, მუშაობა შეწყვიტეს. ამან უკრაინული დრონების მართვა და ნავიგაცია გაართულა.
მათივე ცნობით, შეზღუდვებმა ასევე შეაფერხა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ძალებსა და ლოგისტიკაზე დარტყმები, ასევე რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონების წინააღმდეგ გამოყენებული უკრაინული უპილოტო აპარატების მუშაობა.
SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ Starshield აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, სისტემის სიჩქარესა და გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აშშ-ის სამხედრო უწყება ან პრეზიდენტი განსაზღვრავს.
Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა
odishinews საერთაშორისო