SIM ბარათი თუ eSIM? – რომელი ჯობს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას

15 hours ago 4

თუ ევროპის მასშტაბით აპირებ მოგზაურობას, აუცილებლად დაგჭირდება მობილური ინტერნეტი. ფიზიკური SIM ბარათების გარდა, დღეს უკვე ელექტრონული eSIM-ით სარგებლობაც შეგიძლია. მეტიც, ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა განსხვავებაა ამ ორ ალტერნატივას შორის და რომელი მათგანის გამოყენება ჯობს ევროპაში მოგზაურობისას? – დღეს სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვეცდებით. 

რა განსხვავებაა ფიზიკურ SIM ბარათსა და eSIM-ს შორის?

ფიზიკური და ელექტრონული ბარათები დანიშნულებით აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსია. ორივე მათგანი მოგზაურობისას ინტერნეტთან მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს. განსხვავება მხოლოდ ფორმატში მდგომარეობს. ფიზიკური SIM ბარათისგან განსხვავებით, eSIM მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. მობილურზე მონაცემთა გადაცემის სერვისის მოსაწოდებლად ელექტრონული ბარათი პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, შესაბამისად, შეგიძლია, უფრო ხშირად და მარტივად დაამატო სასურველი რაოდენობის ლოკალური, კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის eSIM-ები. ნაწილობრივ, ამასაც უნდა დავაბრალოთ ელექტრონული ბარათის პოპულარობა. მოგზაურობის პერიოდში შენი ძირითადი SIM-ბარათი გამოირთვება (იმ შემთხვევაში, თუ ორი SIM-ის რეჟიმში არ გამოიყენებ). სახლში დაბრუნებისთანავე კი აღადგენ ძირითად SIM-ბარათს. 

რომელია უკეთესი არჩევანი ევროპაში მოგზაურობისას?

ევროპაში მოგზაურობისას eSIM-ს ფიზიკურ SIM ბარათებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. მისი გააქტიურება მარტივად, მობილური ოპერატორის საიტიდან ან აპლიკაციით ხდება. შესაბამისად, არ გიწევს ლოდინი და სერვისცენტრში უშუალოდ მისვლა, რათა ბარათი გამოიტანო. ამასთან, აღარ გჭირდება ტელეფონის დაშლა, ბარათის ამოღება და ახალი SIM-ის ჩასმა. შეგიძლია ულიმიტო eSIM-ების გააქტიურება და საჭიროების შემთხვევაში ოპერატორების სწრაფად შეცვლა. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ შემთხვევაში, თუ ევროტურის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანას სტუმრობ და ინტერნეტთან უწყვეტი კავშირი გჭირდება. პირველ რიგში, შეამოწმე, აქვს თუ არა შენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება შენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. 

როგორ შეგიძლია გაიაქტიურო სამოგზაურო ინტერნეტი?

სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად შეგიძლია. თუ ელექტრონული ბარათის შეძენა გსურს, პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ შენს სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. ამისთვის შეამოწმე, მობილურის პარამეტრებში არის თუ არა add eSIM ფუნქცია. თუ ეს არჩევანი ხელმისაწვდომია, შეგიძლია ელექტრონული ბარათი მარტივად შეიძინო და ოპერატორის აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით გაააქტიურო. ფიზიკური SIM ბარათის შემთხვევაში, პროცესს უფრო მეტი დრო სჭირდება, რადგან მოგიწევს სერვისცენტრში მისვლა ან ბარათს ადგილზე მოგიტანს კურიერი. 

სამოგზაურო ინტერნეტის უპირატესობები

ევროპაში მოგზაურობისას როუმინგ ინტერნეტი არაერთი მიზნით შეიძლება დაგჭირდეს. მაგალითად, ახლობლებისთვის შთაბეჭდილებების გასაზიარებლად, კომუნიკაციისთვის, უცხო ქვეყანაში ნავიგაციისთვის, სამსახურის დავალებების შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებსა და საზოგადოებრივ ადგილებში ხშირად უფასო Wi-Fi-ით შეგიძლია ისარგებლო, უნდა ითქვას, რომ ეს კავშირი ყოველთვის უსაფრთხო არაა. სამოგზაურო ინტერნეტი კი არა მხოლოდ უფრო დაცული არჩევანია, არამედ გაცილებით სტაბილურ და სწრაფ კავშირს უზრუნველყოფს, რაც კიბერთავდასხმების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და მოგზაურობას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.

შეჯამება

ევროპაში მოგზაურობისას მობილური ინტერნეტი აუცილებლად დაგჭირდება კომუნიკაციისთვის, ნავიგაციის მიზნით და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბევრისთვის eSIM-ი ფიზიკურ SIM ბარათებთან შედარებით უფრო კომფორტული და პრაქტიკულია, რადგან მისი გააქტიურება მარტივად, აპლიკაციით ან ვებგვერდის საშუალებით შეგიძლია. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ქვეყანას სტუმრობ და ოპერატორების შეცვლა გიწევს. საბოლოოდ, არჩევანი შენს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.

სრულად წაკითხვა