SJ: ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ასადს სირიის დატოვება შესთავაზეს

2 weeks ago 4

სირიაში მთავრობის საწინააღმდეგო დაჯგუფებების სწრაფი შეტევის შემდეგ, ეგვიპტის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა პრეზიდენტ ბაშარ ასადს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი ცოლი და შვილები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ, ხოლო სიძეები - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტყობინება The Wall Street Journal-ი სირიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მათი სიტყვებით, თვითონ ასადი კვლავ სირიაში იმყოფება. იორდანიის ოფიციალურმა პირებმაც, როგორც იტყობინებიან, ასევე მოუწოდეს ასადს სირიის დატოვებისკენ, თუმცა ვაშინგტონში სირიის საელჩომ ეს ინფორმაცია უარყო. ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა ასევე ურჩიეს ასადს დროებითი საბჭოს ფორმირება, რომელშიც შევლენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამ ცნობების ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, სირიული დაჯგუფებები, რომელთაც სათავეში უდგათ "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" და რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, უახლოვდებიან ქალაქ ჰომსს. მისთვის ბრძოლა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სირიის ხელისუფლებისთვის, აღნიშნავს The Wall Street Journal-ი.

ჰომსის შესაძლო აღება ანტისამთავრობო ქვედანაყოფებს გზას გაუხსნის დამასკოსკენ და ასევე, მოწყვეტს სირიის დედაქალაქს რუსეთის სამხედრო ბაზებისგან ხმელთაშუა ზღვაში.

The New York Times-ი, თავის მხრივ, წერს, რომ ირანელმა დიპლომატებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა, ისლამისტების შეტევის ფონზე, სირიიდან ევაკუაცია დაიწყეს. გაზეთის წყაროები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა უკვე დატოვეს, კერძოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "ყუდსის" ქვედანაყოფის მეთაურებმა. გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე იტყობინება, რომ ირანელი სამხედროები ვერ დაეხმარებიან სამთავრობო არმიას, თუ მას ბრძოლა არ სურს.

The New York Times-ი ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ ასადის მოკავშირეები - ირანი, რუსეთი და ლიბანის შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლა", რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული აშშ-ში - საკუთარი პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებული.

ირანი და ჰეზბოლა ისრაელთან წინააღმდეგობითაა დაკავებული, ხოლო რუსეთი - უკრაინის წინააღმდეგ ომით.

Sky News Arabia-სა და Bloomberg-ის თანამოსაუბრეთა მონაცემებით, რუსეთმა აცნობა ასადს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებში მნიშვნელოვან ჩარევას არ აპირებს.

შეიარაღებულმა ჯგუფებმა სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ შეტევა ნოემბრის ბოლოს დაიწყეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ისლამისტებმა მოახერხეს ქალაქების - ალეპოს, ჰამას და დაირ-ელ-ზავრის - თავიანთი კონტროლის ქვეშ მოქცევა. არსებობს ინფორმაცია/ცნობები/, რომ ანტისამთავრობო ფორმირებებმა დაიკავეს დარაა, სადაც 2011 წელს დაიწყო აჯანყება ასადის წინააღმდეგ.

სრულად წაკითხვა