კითხვის დრო: 4 წთ.
საინგილოში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ყურადღება წარწერამ მიიწყრო, სადაც წერია, რომ “შესვლა აკრძალულია, მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები”:
“საინგილოში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გზაზე არსებული ბანერი გვეუბნება რომ “შესვლა აკრძალულია, მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები.”
როდესაც ასე უპატრონოდ გექცევა შენი დედა სამშობლო, გასაკვირი არაფერია, ეს არის იმ დასასრულის დასაწყისი, რომელსაც ნელ-ნელა შემოგვაპარებენ.
ჯერ სკოლებში წიგნებს, შემდეგ ტაძრის გზას ჩაგიხერგავენ, მერე გეტყვიან, რომ როგორც ეს ძეგლებია ალბანური, შენც მისი ნაწილი ხარო.
რეალობა მწარეა, დედის მზრუნველობა როდესაც მცირდება, იქ ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს.
ჩემო კუთხევ, მაპატიე, რომ ასე გექცევიან და ვერ გშველი,”- წერია საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი. პროცესები საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.
პ.ს. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა:
“შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.
დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.
შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.
ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება.“
გართობა artinfo.ge