რუსული TASS-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად შექმნილ საბრძოლო დანაყოფს ხელმძღვანელობს. სტატიაში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ „მეთაური“ და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანი.
ფარცხალაძეს, რომელიც ერთ დროს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო თანამოაზრედ ითვლებოდა და რომლის წინააღმდეგაც ამჟამად საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ბოლო წლებში თავის გვარს „რომანოვი“ დაამატა.
კრემლის მომხრე მამუკა ფიფიას მიერ Telegram-ზე ატვირთულ სურათზე ფარცხალაძე სამხედრო ფორმაშია გამოსახული, რომელზეც „რომანოვი“ აწერია, ფონზე კი რუსეთის დროშაა.
„სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე 1945 წელს“, – ციტირებს ფარცხალაძის სიტყვებს TASS-ი. „ჩემი თანამემამულეების ყოველი მეოთხე იბრძოდა თავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მაშინ, მტრის დამარცხების სიმბოლოს კვლავ რუსი და ქართველი აღმართავენ“.
მისი თქმით, დანაყოფის სახელწოდება „გეორგიევსკი“ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით იყო შთაგონებული.
TASS-ი ასევე იტყობინება მის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მან ნებაყოფლობით გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლა და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ის და მისი გუნდი „აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის რეგიონებში“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები