The Insider: თბილისში აქციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე სომხეთში გააძევეს

2 weeks ago 20

თბილისში საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელსაც სცემეს და მოგვიანებით სომხეთში გააძევეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, კაცი, სახელად მიხაილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29-დან 30 ნოემბრის ღამით დააკავეს. მისი მტკიცებით, მედიის წარმომადგენლების გვერდით იმყოფებოდა, ცდილობდა აქციის მონაწილეებისგან მაქსიმალურად შორის ყოფილიყო და თავისი პროექტისთვის ტელეფონით იღებდა იმას, რაც ხდებოდა. კონკრეტულად რას საქმიანობს ეს პირი და როდიდან იმყოფებოდა საქართველოში, The Insider-ის ინფორმაციიდან არ ჩანს.

რუსეთის მოქალაქის თანახმად, პოლიციელები ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ და მათ დაშლას ცდილობდნენ. მიხაილის ტანახმად, ის ჯერ ძირს დააგდეს, შემდეგ კი პოლიციის ავტომაქანაში გადაიყვანეს და მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ რუსულად ლაპარაკობს, კიდევ უფრო სასტიკად მოექცნენ. მან გამოცემას უამბო პოლიციელების მიერ სხვა დაკავებულების ცემის შესახებაც.

რუსეთის მოქალაქის თანახმად, 1-დან 2 დეკემბრის ღამით, ის განმარტებების გარეშე გადაიყვანეს მიგრაციის სამსახურში, შემდეგ კი ავტომანქანით მიიყვანეს სომხეთის საზღვრამდე და იქ დატოვეს. მისივე ცნობით, სომხეთიდან საქართველოში დაბრუნებას შეეცადა, თუმცა, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რაიმე კონკრეტული დეტალის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეებიც: „განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს, ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს".

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სრულად წაკითხვა