“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ინფორმაციით, ორგანიზაციის თანამშრომელი, ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
საქმე ეხება 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში მომხდარ ინციდენტს. როგორც ქორიძე ჰყვება, მას თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად. ქორიძეს დაზიანებები ჰქონდა სახის არეში.
“საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება ზვიად ქორიძეზე “შერატონ ბათუმის” სასტუმროში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თავდასხმის ფაქტზე და ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო. შსს-ს მიერ საგამოძიებო ქვემდებარობის წესის დარღვევით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა. ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
გარდა ამისა, დღეს ზვიად ქორიძემ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ბათუმის სასტუმრო “შერატონის” ხელმძღვანელობის მიერ ზვიად ქორიძისთვის სასტუმროს ფოიეში განლაგებული ვიდეომონიტორინგის კამერების ჩანაწერების გადაცემის შესახებ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერების შესწავლა მოითხოვა”, – ვკითხულობთ TI-ს განცხადებაში.