„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 91 მსჯავრდებულის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან და რომელთაც ორგანიზაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.
21 ივლისს გამოქვეყნებულ სიაში ძირითადად შედიან პირები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების გამო გასამართლდნენ. მასში ასევე შედიან 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების დღის არეულობის მონაწილეები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორები.
„პოლიტიკური პატიმრების ესოდენ დიდი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“.
სია ეყრდნობა ევროპის საბჭოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ ტესტს, რომლის მიხედვითაც პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია: ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან; პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არა აქვს; აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან; დისკრიმინაციულ მოპყრობასთან; ან ისეთი სამართალწარმოების შედეგთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, სიაში შემავალი ყველა პირი, სამის გარდა, აკმაყოფილებს პირველ კრიტერიუმს, ხოლო 91-ვე პირი აკმაყოფილებს პირველ, მესამე და მეხუთე კრიტერიუმებს. ორგანიზაციის თქმით, დოკუმენტში თითოეული პირის მიმართ მითითებულია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმ(ებ)ი მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.
This post is also available in:

6 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·