WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უეფა აცხადებს, რომ არ იყო პასუხისმგებელი ბათუმში, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ევროპა ლიგის მატჩის ჩატარებაზე და არ გააჩნდა კონტროლი მატჩის ჩატარების ადგილზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც უეფას მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების რეკომენდაციებისა და მითითებების საფუძველზე, უეფას აცნობა, რომ მატჩი „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე არ გაიმართებოდა და იმავე შეტყობინებაში დაკონკრეტებული იყო, რომ ახალი, შეთანხმებული ადგილი საქართველოში, ბათუმის სტადიონი იქნებოდა.

„სეზონის ყველა სხვა მატჩის მსგავსად, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა, რადგან უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი და, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ გააჩნდა კონტროლი მატჩის ჩატარების ადგილზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. . სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და მათივე იურისდიქციის ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში ამჟამად გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ესკალაცია, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივი პოლიცია ჩაერია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში, თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებების გასანეიტრალებლად“, — ნათქვამია უეფას განცხადებაში.

მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ რომ ბათუმში ინციდენტი თურქული კლუბის გულშემატკივრების მიერ პალესტინის დროშის გაშლას მოჰყვა.

26 ნოემბერს, ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი და სტადიონისკენ დაიძრა სპეცრაზმიც.

გულშემატკივრების და პოლიციის დაპირისპირების შემდეგ, შსს-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ „გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა“. პოლიციამ დააკავა 16 პირი, თუმცა უცნობია, რა მუხლით. თურქეთის ხელისუფლების თანამდბეობის პირები დაუკავშირდნენ ქართულ მხარეს და უკმაყოფილება გამოთქვეს თურქი გულშემატკივრების მიმართ „არაპროპორციული ძალის“ გამოყენების გამო.