UK-ის პარლამენტში რუხაძესთან დაკავშირებულ კომპანიაზე გამოძიების დაწყებაზე ისაუბრეს

1 week ago 5

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლეიბორისტი ბლერ მაკდაუგალი ინიციატივით გამოდის, რომ განიხილონ გამოძიების დაწყება ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრე ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული კომპანიის – Hunnewell Partners-ის – საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს, ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა.

`საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის ფონზე გავრცელებული ზიზღის გათვალისწინებით, დაუთმობს თუ არა პალატის ლიდერი დროს ამ საკითხზე დებატებს? ტელეკომპანია იმედი, ამ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდისტული არხი, მუშაობს და ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით. ასე რომ, ასეთ დებატებში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დადგა თუ არა დრო, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) დაიწყოს გამოძიება ამ ქვეყნიდან ისეთ ოპერაციებზე, რომელიც მიმართულია პრორუსული პროპაგანდისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებისკენ“, – განაცხადა ბლერ მაკდაუგალმა.

ბლერ მაკდაუგალის პასუხად თემთა პალატის ლიდერმა ლუსი პაუელმა, მას მადლობა გადაუხადა „ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევისთვის“.

თემთა პალატის ლიდერი დაეთანხმა მას, რომ ამ საკითხის წამოწევისთვის დებატები, შესაძლოა, კარგი შესაძლებლობა იყოს.

„მადლობა ამ მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევისთვის. ჩვენი მთავრობა აგრძელებს საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებას შეწყვიტოს დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევა და დასავლელ პარტნიორებთან იზოლირება. ჩვენ ვაგრძელებთ გადამეტებული ძალის გამოყენების დაგმობას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ ამ სფეროში მომუშავე კომპანიების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლუსი პაუელმა.

ტელეკომპანია „იმედის“  მესაკუთრე ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული  Hunnewell Partners-ის კონტროლირებადი კომპანიაა. 2021 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ  მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვის“ (Media Finance Group B.V.), რომელიც შედის Hunnewell Partners-ის კომპანიათა ჯგუფში.

სრულად წაკითხვა