USCIS-ის ახალი წესები: აშშ იმიგრაციის წესებს ამკაცრებს და კრიმინალური ისტორიის შემოწმებას აფართოებს

22 hours ago 14

აშშ-ის იმიგრაციის სისტემა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის. U.S. Citizenship and Immigration Services (USCIS) აცხადებს, რომ კრიმინალური ისტორიის მონაცემების (Criminal History Record Information) გაფართოებულ შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ CBS News-ი და Reuters-ი იუწყებიან აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სააგენტოს ვებგვერდსა და ფედერალურ რეესტრში (Federal Register) გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2025 წელს თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ატარებს გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელიც, ადმინისტრაციის განმარტებით, მიზნად ისახავს შიდა უსაფრთხოების გაძლიერებას და არალეგალური იმიგრაციის შემცირებას.

ახალი მითითებები ეფუძნება მიმდინარე წლის თებერვალში ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შიდა უსაფრთხოების სამინისტროს საიმიგრაციო ორგანოებს, კანონით დასაშვებ ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი კრიმინალური ისტორიის მონაცემებზე (CHRI).

გაძლიერებული შემოწმება შეეხება იმ განაცხადებს, რომელთა შემთხვევაშიც აუცილებელია თითის ანაბეჭდების ჩაბარება – მათ შორის, მუდმივი ბინადრობის უფლების, „მწვანე ბარათისა“ და ნატურალიზაციის მოთხოვნებს.

USCIS-ის თანამშრომლებს დაევალათ, ხელახლა წარმოადგინონ ბიომეტრიული მონაცემები იმ მიმდინარე საქმეებზე, რომლებზეც FBI-ის ინფორმაცია 27 აპრილამდეა მიღებული.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საიმიგრაციო საქმეების უფრო დეტალურ და სიღრმისეულ შემოწმებას, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ბინადრობის ნებართვების, „მწვანე ბარათისა“ და მოქალაქეობის განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, ხოლო არაპირდაპირ და ზოგჯერ პირდაპირ გავლენას – ვიზებზე.

რა არის CHRI და რას მოიცავს?

CHRI (Criminal History Record Information) წარმოადგენს კრიმინალური ისტორიის მონაცემთა კომპლექსს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

  • დაკავების ჩანაწერებს;
  • სასამართლო გადაწყვეტილებებს;
  • ბრალდებებსა და განაჩენებს;
  • სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებს.

ამ ინფორმაციებს, როგორც წესი, აგროვებენ და ამუშავებენ შტატების თუ ფედერალური სამართალდამცავი უწყებები, მათ შორის, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI).

რა იცვლება პრაქტიკაში?

USCIS-ის განცხადებით, ახალი მონაცემები გამოყენებული იქნება საიმიგრაციო განაცხადების წინასწარი დეტალური შემოწმებისთვის, ბიოგრაფიული და ბიომეტრიული შემოწმებების გასაძლიერებლად და შესაძლო რისკების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ამ ყველაფრის მიზანია გაირკვეს, აქვს თუ არა განმცხადებელს სამართლებრივი პრობლემები, წარმოადგენს თუ არა იგი რისკს უსაფრთხოებისთვის და შეესაბამება თუ არა იმიგრაციის მოთხოვნებს.

ეს ნიშნავს, რომ შემოწმება გახდება უფრო მკაცრი და ყოვლისმომცველი, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომლებსაც წარსულში სამართლებრივი პრობლემები ჰქონდათ – თუნდაც მცირე სამართალდარღვევაც კი.

ვის შეეხება ცვლილება?

ახალი პოლიტიკა გავლენას მოახდენს ისეთი განაცხადების ავტორებზე, რომლებისთვისაც თითის ანაბეჭდები აუცილებელია.

  • მწვანე ბარათის (Green Card) მაძიებლებზე;
  • მოქალაქეობის მსურველებზე (ნატურალიზაცია);
  • თავშესაფრის მაძიებლებზე.

ვიზების მიღებასთან დაკავშირებით სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია:

1. არასაიმიგრაციო ვიზები (ტურისტული, სტუდენტური და ა. შ.)
ასეთი ვიზების მოთხოვნებს, ძირითადად, U.S. Department of State (საელჩოები/საკონსულოები) ამუშავებს, ამიტომ USCIS-ის ეს ცვლილება პირდაპირ არ ვრცელდება ყველა ვიზაზე, მაგრამ უსაფრთხოების შემოწმების ზოგადი სტანდარტი შეიძლება გამკაცრდეს.

2. საიმიგრაციო (Green Card-ის პროცესთან დაკავშირებულ) ვიზებთან ეს ცვლილება უკვე პირდაპირი კავშირია, რადგან საქმე U.S. Citizenship and Immigration Services-ის ეტაპსაც გადის და სწორედ აქ გამოიყენება გაფართოებული CHRI შემოწმება.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება განმცხადებლებმა

იმ ადამიანებმა, რომლებიც აშშ-ში იმიგრაციას გეგმავენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ:

  • ნებისმიერი სამართლებრივი ისტორია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს;
  • განაცხადში ინფორმაციის დამალვა უარის რისკს ზრდის;
  • რეკომენდებულია იურიდიული კონსულტაცია რთულ შემთხვევებში.

ექსპერტებისა და უფლებადამცველების შეფასებები

ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი არის ფართო ტენდენციის ნაწილი, რომლის მიზანია იმიგრაციული პროცესების უფრო მკაცრი კონტროლი და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება.

ამ პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებენ უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და რელიგიური ლიდერები. მათი შეფასებით, ახალი მიდგომები არღვევს სამართლებრივი პროცესის სტანდარტებს და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ქმნის დაუცველ გარემოს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის.

აშშ-ის მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში USCIS-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამსახურმა „შემოიღო უსაფრთხოების შემოწმების დამატებითი წესები, რათა გააძლიეროს განმცხადებლების შემოწმება და კონტროლი ფედერალურ კრიმინალურ მონაცემთა ბაზებზე გაფართოებული წვდომის საფუძველზე“.

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) განცხადებით, „გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერი შეფერხება უნდა იყოს ხანმოკლე და საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს“.

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე: აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს 2 აპრილიდან გირაოს გადახდა დასჭირდებათ

სრულად წაკითხვა