თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ჯანმრთელობის პრობლემის გამო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ევროლიგაზე ითამაშა. მისი გუნდი, ვირტუს ბოლონია კაუნასში ჟალგირისს შეხვდა და 68:77 დამარცხდა.
ბოლონიელებმა პირველი მეოთხედი 12 ქულით დათმეს, რის შემდეგაც ჟალგირისს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ლიეტუვის კლუბმა სეზონში მე-11 მატჩი მოიგო. შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ჟალგირისმა იტალიურ გუნდს რეგულარულ სეზონში ორივე მატჩი მოუგო. ვირტუსი 6 მოგებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილზეა. იტალიური გუნდი 22-ე ტურში ბაიერნს ესტუმრება. შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.
GBF.GE