გოგა ბითაძის კარიერის მატჩი ნბა-ში. ქართველმა ცენტრმა დომინანტური მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა “ორლანდომ” 115:110 დაამარცხა “ფინიქსი”. ქართველი ცენტრი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ოპონენტი ცენტრი, მაისონ პლამლი დაჩაგრა და ფლორიდელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ბითაძე ორლანდოს კიდევ ერთ ცენტრ ვენდელ კარტერთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო და მთლიანობაში მასზე 10-ით მეტი, 31 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 14-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 21 ქულასთან ერთად ბითაძემ პირადსარეკორდო, 16 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გოგამ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ერთადერთხელ დაკარგა.
ბითაძისთვის ეს მატჩი ორმაგად გამორჩეული იყო, რადგან ქულებში მან მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი (21) დაამყარა, ხოლო მოხსნებში სულაც კარიერის რეკორდი (16) დააფიქსირა. რაც შეეხება 4 შედეგიან გადაცემას, მან მიმდინარე სეზონში ეს შედეგი მეორედ დააფიქსირა.
ბითაძეზე მეტი ქულა ორლანდოში მხოლოდ ჯალენ საგსმა ჩააგდო, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა დაგროვდა, თუმცა მთლიანობაში ის ქართველის სტატისტიკასთან ახლოსაც ვერ მივიდა. ფინიქსის ძირითადმა ცენტრმა, გამოცდილმა მაისონ პლამლიმ შეხვედრა 7 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.
ორლანდოს 17 მოგება და 9 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 11 დეკემბერს, მილუოკიში “ბაქსთან” გამართავს.
GBF.GE