WSJ: ტრამპი უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღების ცენტრალიზებულ მიდგომას ამკვიდრებს

1 week ago 7

The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ცენტრალიზებული მიდგომა დაამკვიდრა, რითაც მცირდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლი. ამის შესახებ ნათქვამია გაზეთის სტატიაში, რომელიც მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირებისგან მიღებულ ინფორმაციას ემყარება.

როდესაც ივნისში ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე
საჰაერო დარტყმების ბრძანება გასცა, ამერიკელ დიპლომატებს, რომლებსაც, როგორც წესი, ატყობინებენ ხოლმე ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაცია არ მიუღიათ.

თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში და რეგიონში მოქმედ აშშ-ის საელჩოებში, მოსთხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, ნიშნავდა თუ არა ეს თავდასხმა იმას, რომ ტრამპი რეჟიმის შეცვლის უფრო ფართო კამპანიას იწყებდა, ჰყვებიან ოფიციალური პირები, რომლებიც ამ საუბრებში მონაწილეობდნენ.

თითქმის არავის ჰქონდა პასუხი, გარდა იმისა, რომ მიუთითებდნენ ტრამპის საჯარო განცხადებაზე აფეთქებებთან დაკავშირებით. მათ არ მიუღიათ დოკუმენტები იმაზე, რა უნდა ეცნობებინათ სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის.


ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად შორს წავიდა ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისადმი საგანგებო, ცენტრალიზებული მიდგომის შექმნით. მან დააკნინა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის როლი, რომელსაც სხვა პრეზიდენტები ეყრდნობოდნენ პოლიტიკური ვარიანტების შემუშავების ზედამხედველობის, პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფისა და უცხო ქვეყნების მთავრობებთან მოქმედებების კოორდინაციისთვის.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ამჟამად 150-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს. წინა ადმინისტრაციების დროს ეს რიცხვი დაახლოებით 400-ს შეადგენდა. სამი თვის შემდეგ ტრამპმა გაათავისუფლა მაიკ უოლცი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, და ამ სამუშაოს შესრულება დაავალა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომელიც ამავდროულად ქვეყნის წამყვანი დიპლომატის როლსაც ასრულებს. ამ ნაბიჯებმა გამოიწვია ის, რომ ტრამპი რამდენიმე უფროს მრჩეველს ეყრდნობა.

„ეს არის მიდგომა „ზემოდან ქვემოთ". შესაძლოა, წინა ადმინისტრაციებს სურდათ ყველასთვის ყველაფრის მოყოლა, რათა თავი კარგად ეგრძნოთ, მაგრამ ჩვენ დიდად არ გვაღელვებს, თქვენი გრძნობები თუ შეილახება. ჩვენ უბრალოდ საქმე უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
სხვა ოფიციალური პირები და კრიტიკოსები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ ეს მიდგომა ტრამპის ადმინისტრაციას კი არ დაეხმარა, არამედ ზიანი მიაყენა.

„მრავალი თვალსაზრისით, ეროვნული უსაფრთხოების პროცესი აღარ არსებობს“, - თქვა დევიდ როტკოპფმა, რამდენიმე ადმინისტრაციის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ისტორიის ავტორმა და ტრამპის ღია ოპონენტმა.

როგორც ოპონენტები ამბობენ, ამჟამინდელი სისტემა ტრამპს ართმევს შესაძლებლობას, გაითვალისწინოს მთავრობის ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც შეძლებდნენ გავლენის მოხდენას მის პოლიტიკაზე. უფრო მეტიც, ტრამპის ბრძანებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა ხშირად დეტალურად არ იციან, რა მოეთხოვებათ, რაც იწვევს შეფერხებებს, შეცდომებს ან უმოქმედობასაც, დასძენენ ოპონენტები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს შემცირების გამო, ხანდახან ტრამპი თავად არ არის მოვლენების განვითარების საქმის კურსში. ივლისში ის გაკვირვებული დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ პენტაგონმა უკრაინაში იარაღის მიწოდება შეაჩერა მარაგების აღწერის - ინვენტარიზაციის - დროს, სანამ შეჩერების შესახებ საჯარო განცხადება გაკეთდებოდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

სრულად წაკითხვა