РБК-Україна- ზელენსკის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ უკრაინა დონბასში ბუფერულ ზონას დათანხმდა

3 days ago 5

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს Le Monde-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ უკრაინა მზად არის დონბასში “ბუფერული ზონის” შექმნას დათანხმდეს. РБК-Україна აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე, დმიტრი ლიტვინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიტვინის განმარტებით, პოდოლიაკმა ფრანგულ მედიასთან არა უკრაინის თანხმობაზე, არამედ ზოგადად ამჟამად არსებულ ვარიანტებზე ისაუბრა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია დეტალებზე, კონტროლის მექანიზმებსა და სამართლებრივ გარანტიებზე.

“პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა რომ უკრაინა დათანხმდება თუ არა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ან უკრაინის ხალხის მიერ შეიძლება გადაწყდეს” – ამბობს ლიტვინი.

გუშინ, 11 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული “კომპრომისული წინადადება” განმარტა. ზელენსკის თქმით, აშშ-ს მხარე თვლის, რომ უკრაინის სამხედრო ძალებსა და რუსულ სამხედრო ძალებს შორის არსებითი სხვაობა არსებობს, ხოლო აქედან გამომდინარე აშშ უკრაინას “კომპრომისზე” წასვლას სთავაზობს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ს “კომპრომისული წინადადება” ეხება დონბასის ოლქის (რომელიც ამ ეტაპზე უკრაინის ხელშია) დემილიტარიზებულ, თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას და ითვალისწინებს უკრაინული სამხედრო ძალების ოლქიდან გასვლას.

“მათი ხედვით, უკრაინული სამხედრო ძალების მიერ დონბასის ოლქის ტერიტორიის დატოვება და სავარაუდო კომპრომისი არის ის, რომ რუსული ჯარები არ შევლენ ოლქის ტერიტორიაზე. ვინ აპირებს ამ ტერიტორიის მართვას, რომელსაც ისინი უკვე “თავისუფალ ეკონომიკურ ზონას” ან “დემილიტარიზებულ ზონას” ეძახიან, მათ არ იციან”. – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა, შესაძლოა არ დათანხმდეს ასეთ შემოთავაზებას და გააგრძელოს მოლაპარაკებები აშშ-სთან.

“ვეცდებით ვიპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომელიც ამ ყველაფერს ადექვატურს გახდის.

როგორც გამოცემა Ukrainska Pravda წერს, ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ “ტერიტორიული საკითხი უნდა გადაწყდეს უკრაინელი ხალხის მიერ არჩევნებით, ან რეფერენდუმით.

სრულად წაკითხვა